რატომ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება?
„ნამდვილი ბედნიერება იწყება საკუთარი თავისთვის სიმართლის თქმით, მაშინაც კი, როცა ეს მტკივნეულია“, – ამბობს არტურ სი ბრუკსი.
არავის უნდა, მატყუარად იწოდებოდეს. მატყუარებს საუკეთესო შემთხვევაში – არასანდოებად, ხოლო ყველაზე ცუდში, ამორალურებად აღიქვამენ. და მაინც, ყოველდღიურად ვატყუებთ საკუთარ თავს. „ამ ნამცხვრებით დღეს ვისიამოვნებ, რადგან ხვალ დიეტას ვიწყებ“, – ვეუბნებით საკუთარ თავს; ან „მე მიყვარს ჩემი სამსახური. მერე რა, რომ მასზე სულ ვწუწუნებ?!“
საკუთარი თავის მოტყუება თითქოს, ალოგიკურია. ტყუილი ხომ ვინმესთვის იმის თქმაა, რაც იცი, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება. როცა ერთდროულად მატყუარაც და ტყუილის ობიექტიც თავად ხარ, ამ დროს სიმართლე თან იცი და თან – არა.
საკუთარ თავს ყველა ატყუებს… თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უწყინარ ჩვევასთან გვაქვს საქმე. უკიდურეს შემთხვევებში ის ცუდ მენტალურ ჯანმრთელობასთან ასოცირდება. შედარებით უწყინარი ფორმით კი შეუძლია, დროებით დაიცვას ადამიანი ნეგატიური გრძნობებისაგან, რაც წინ ეღობება ნამდვილ კეთილდღეობას. ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის საკუთარი თავისთვის თვალის გასწორებაა საჭირო.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კვლევა ცხადყოფს, რომ სტუდენტების 60% 10-წუთიანი საუბრისას ერთხელ მაინც იტყუება, დანარჩენი კი – მეტჯერ. საკუთარ გონებაში რეალობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხშირად ვამახინჯებთ. ამ ფენომენზე არსებული დაკვირვებების საპასუხოდ ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს: „ყველა ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს“.
არავინაა საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი, რადგან სიმართლე მტკივნეულია. უფრო მეტიც, სამყაროს ზედმიწევნით აღქმა ხშირადაა ხოლმე დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც „დეპრესიულ რეალიზმს“ უწოდებენ. ცხოვრება სავსეა სისასტიკით. თუ ამის დამადასტურებელი მაგალითი გსურთ, გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა, როცა ვიღაცამ ოთახი დატოვა და თქვენ მასზე ზურგს უკან იხუმრეთ. გულის სიღრმეში ამ ადამიანმა იცის, რომ ასე ხდება ხოლმე, რადგან ის, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც მოგექცათ ზუსტად ასე, მაგრამ ის ამ ცოდნას უგულებელყოფს, რათა დღე ჩვეულებრივად განაგრძოს.
ხანდახან ადამიანები თავს იმიტომ იტყუებენ, რომ თავიანთი ეგო დაიცვან ან ძალა მოიკრიბონ. ამის მაგალითი აშშ-ის ყოფილმა სენატორმა ალ ფრანკენმა Saturday Night Live-ში განასახიერა, როცა ტელეშოუს გამაღიზიანებელი წამყვანის – სტიუარტ სმოლის როლი მოირგო, რომელიც მუდამ ერთ ფრაზას იმეორებდა: „მე საკმარისად კარგი ვარ, საკმარისად ჭკვიანი ვარ და ხალხიც გიჟდება ჩემზე“. ამის მსგავსად, თუ ხალხის წინ ლაპარაკი თქვენი ძლიერი მხარე არაა, შეიძლება საკუთარ თავს პრეზენტაციამდე ამ სიტყვებით ამხნევებდეთ: „შესანიშნავი ორატორი ვარ!“
ერთია, იქამდე მოიტყუო, რომ რაღაც კარგად გამოგდის, სანამ ეს რეალობად არ იქცევა და მეორეა, სამუდამოდ ამ ტყუილში იცხოვრო – საკუთარ თავთანაც კი. საკუთარი თავის მოტყუება ანელებს იმ ცვლილებებს, რომლებიც განვითარებისთვის გვჭირდება და გვაიძულებს, სხვებსაც მოვატყუოთ. უფრო მეტიც, თვითმოტყუება მანიპულაციის კლასიკური ტექნიკაა.
გავიხსენოთ პროკრასტინაცია – თავის მოტყუების ფორმა, რომელიც როგორც ტრივიალური, ისე კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს. ამგვარი თვითმოტყუება ადამიანს არა მარტო პრობლემებისათვის თავის არიდების გამო უჯდება ძვირად, არამედ იმიტომაც, რომ პროკრასტინატორი გონებაში უამრავჯერ ასრულებს თავის გადადებულ საქმეს, მისი გაკეთებისგან მიღებული სარგებლის გარეშე.
გარდა ამისა, თუ საკუთარი ნაკლის დანახვას თავს არიდებ, მის გამოსწორებას ვერასდროს შეძლებ. როგორც მწერალმა სტივენ პინკერმა აღნიშნა, თავის მოტყუებას მოტივაციის მხრივ რა სარგებელიც არ უნდა ჰქონდეს, მას შეცდომებისგან არსწავლის უარყოფითი მხარეები გადაწონის.
კომენტარები