კინო/ფილმებიარტისტი

სოფიკო ჭიაურელის „აბსოლუტურად ფრანგული შარმი“ და საყვარელი ფრაზა ფილმიდან „ეძიეთ ქალი“

სოფიკო ჭიაურელთან  ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც უნდა მომემზადებინა სტატია წიგნისთვის („ჩვენ – საქართველოს ქალები“), ლეგენდარულმა მსახიობმა ინტერვიუს შემდეგ დამატებით რამდენიმე ჟურნალი მომცა, თუ კიდევ რამე დაგჭირდება, აქედან შეგიძლია გამოიყენოო. მათ შორის იყო უკრაინულ ჟურნალში (2005 წ. №5) გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც ქალბატონი სოფიკო თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან, საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს. მასალის მომზადებისას გადავწყვიტე, რომ ეს ინტერვიუ (ავტორი – ვიქტორია პეშკოვა) მეთარგმნა და ჩემს არქივში შემენახა.

nostal.ge ამ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

***

ქალბატონო სოფიკო, თქვენ, როგორც ვიცი, 1937 წელს დაიბადეთ…

დიახ, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს იყო ბედნიერი წელი და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ქვეყნიერებას მოვევლინე.

საიდან იცით, რომ ბედნიერი იყავით?

მახსოვს.

???

მახსოვს ჩემი განცდა. საოცარი დღე იყო. დედა საავადმყოფოში კი არა, ჩვენთან, სახლში იყო. ოთახი, სადაც დავიბადე, ისეთი ნათელი და წყნარია, იმწუთას ჩემად იქცა. ასე რომ, სახლი ჩემთვის ნამდვილად მშობლიურია, სიტყვა „სახლის“ პირდაპირი გაგებით, სადაც დავიბადე.

ამბობენ, რომ თქვენთვის სახელი თვითონ აირჩიეთ…

დიახ. შეიძლება ითქვას, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, ვინც ეს შეძლო. საქმე ისაა, რომ ჩემმა მშობლებმა ვერაფრით გადაწყვიტეს, რა სახელი დაერქმიათ ჩემთვის. დედას უნდოდა, რომ ელენე მრქმეოდა, რადგან 21 მაისს, წმინდა ელენეს დღეს დავიბადე. მამა ოცნებობდა, დედამისის პატივსაცემად სოფია დაერქმია. მთელი თვე კამათობდნენ ამის გამო. სწორედ მაშინ მამამ გადაწყვიტა არჩევანი მე თვითონ გამეკეთებინა. მან აიღო ქაღალდის ორი პატარა ფურცელი, დაწერა ერთზე „ელენე“, მეორეზე „სოფია“ და ჩადო ქუდში. შემდეგ აიღო ჩემი ხელი და ქუდში ჩამაყოფინა, საიდანაც  „სოფია“ ამოვიღე.

ამ სახლში იმ დღიდან ცხოვრობთ?

რა თქმა უნდა, ეს მამისეული სახლია. ფიქრის გორაზე დგას, იქ, სადაც დედას მამასთან პირველი პაემანი ჰქონდა. და როცა მამამ დედას პირველად აკოცა, უთხრა: „თუ ცოლად გამომყვები, ამ ადგილას სახლს აგიშენებ, სადაც ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ“. დედა დათანხმდა და მამამ სიტყვა შეასრულა. მას ოქროს ხელები ჰქონდა. არ ვიცი, იყო კი რაიმე, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო.

ააშენო სახლი – სახუმარო საქმე არ არის. აი, რა შეუძლია ნამდვილ სიყვარულს!

ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. იცით, როგორ სიტყვებს ეუბნებოდნენ ერთმანეთს, როგორ წერილებს წერდნენ? მე ასეთი დიალოგები მხოლოდ „რომეო და ჯულიეტაში“ წამიკითხავს.

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

ამბობენ, რომ „სოციალური უთანასწორობისას“ სიყვარული ვერ ცოცხლობს“! დედათქვენისთვის ეს ნამდვილად იყო სოციალურად არათანასწორ პიროვნებებს შორის ქორწინება…

ბებიაჩემის, დედაჩემის დედის ძარღვებში არისტოკრატული სისხლი ჩქეფდა. მამა უბრალო ხალხის შვილი იყო. მაგრამ მე არ მითქვამს, რომ ისინი ერთმანეთის თანასწორნი არ იყვნენ, რადგან ორივე საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. ნიჭი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მაღალი წარმომავლობაა. დედა გენიალური მსახიობი იყო, მამა – ცნობილი კინორეჟისორი.

მაგრამ როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, ქალბატონი ვერიკო ჯერ არ იყო გენიალური მსახიობი, ბატონი მიშა კი – ცნობილი კინორეჟისორი…

მაგრამ ნიჭი უკვე იყო!

ვერიკო ანჯაფარიძე მსახიობად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე?

დედაჩემისთვის თეატრი ყველაფერი იყო. მას თეატრის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. იგი გენიალური მსახიობი იყო. ცოტა ხნის წინათ ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ იგი მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მან ითამაშა ზინდელის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში. დედა იქ ცეკვავდა კიდეც. ამ დროს უკვე 90 წლის იყო. მე ეს პიესა სპეციალურად მისთვის დავდგი, რათა ერთად გვეთამაშა, სპექტაკლს კი, უბრალოდ, „გვირილა“ დავარქვი.

გიორგი შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი

დედის გამო თეატრზე არ ეჭვიანობდით?

ბავშვობაში უზომოდ ვეჭვიანობდი. ვეჭვიანობდი მამის გამოც – კინოზე. ეს უეჭველად მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ხელოვნებამ მშობლები წამართვა.

ამის გამო არ ოცნებობდით ბავშვობაში თეატრზე?

სრული სიმართლეა. მართალია კულისებში გავიზარდე, მაგრამ თეატრი მეათე კლასამდე საერთოდ არ მიტაცებდა. მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, ქირურგი.

რატომ მაინცდამაინც ექიმი?

ექიმობა – ეს ხელოვნებაა შეუმსუბუქო ადამიანს ტკივილი. მინდოდა ადამიანებისთვის სითბო და სიკეთე მომეტანა.

გენეტიკამ ბოლოს და ბოლოს როდის გაპოვნინათ თავი?

მეათე კლასის ბოლოს. გადაწყვეტილება მყისიერად მოვიდა. არანაირი ეჭვი და ყოყმანი არჩევანის სისწორეში არ ყოფილა.

არადა მომავალი პროფესიის არჩევა ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯია ცხოვრებაში!

მე გადავწყვიტე: ჩავაბარებ – ესე იგი, ჩავაბარებ. არა – ესე იგი, არა.

როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას დედა?

დედა ძალიან განიცდიდა. მას ხომ ცხოვრებაში არასოდეს მოესმინა, როგორ ვკითხულობდი ლექსს. მე არასოდეს გამოვსულვარ სტუმრების წინაშე, რომლებიც ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში. ასე რომ, დედას წარმოდგენაც არ ჰქონდა, მქონდა თუ არა ამის ნიჭი.

„ვგიკის“ (კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი – რედ.) დასრულების შემდეგ მოსკოვში დარჩენა შემოგთავაზეს, მაგრამ თქვენ თბილისში დაბრუნდით…

ამ ქალაქს მე არ გავცვლი მსოფლიოს არცერთ ქალაქზე! ევგენი ევტუშენკოს აქვს ერთი არაჩვეულებრივი სტროფი:

„ვინც თბილისიდან წასვლის გზას ეძებს,

იცის, რომ ამას ვერასდროს შეძლებს,

თბილისი შენგან არ მიდის არსად,

თუნდ გაცილებდეს სტუმართა მსგავსად“

თეატრის სიყვარული დედისგან გადმოგეცათ, მას – მისი დედისგან. პირდაპირ „მემკვიდრეობითი ესტაფეტაა“…

ახალგაზრდობაში ბებია წარმატებით თამაშობდა სამოყვარულო სპექტაკლებში. მაშინ ეს მიღებული იყო ძალიან ცნობილ ოჯახებში. დაქორწინების შემდეგ შეწყვიტა სცენაზე გამოსვლა, მაგრამ თეატრის სიყვარული არ განელებია. თავის დროზე მან თეატრალური საზოგადოებაც კი დააარსა ქუთაისში. ერთხელ იგი მოხვდა რომელიღაც ყრილობაზე, სადაც ლენინი გამოდიოდა. მის მოგონებებში ეს ეპიზოდი ასე აისახა: „დგას ტრიბუნაზე არაჩვეულებრივი კახა წერეთელი და უცებ მის შემდეგ გამოხტა ვიღაც ქერა, მახინჯი და ყვირის მთელ დარბაზში: „არის ასეთი პარტია!“ ბებიას იგი ძალიან არ მოეწონა.

თქვენი მეუღლის, ცნობილი სპორტული კომენტატორის – კოტე მახარაძისთვის ასევე არ იყო უცხო თეატრი…

იგი არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო იყო მისი ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟები ასე გამომსახველობითი და შთამბეჭდავი, მაგრამ კოტეს არ უყვარდა დიდი დარბაზები, ამის გამო 1984  წელს  მან ჩვენს სახლში მოაწყო კამერული თეატრი თავისი მონოსპექტაკლებისთვის. ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი.

მაგრამ ერთ მსახიობსაც სჭირდება სცენა!

სცენად იქცა სასტუმრო ოთახი. მამაჩემის სიცოცხლეში იქ მისი სახელოსნო იყო. მამა შესანიშნავად ხატავდა. დედას და მამას სიცოცხლეში სახლის კარი არც დღე იკეტებოდა და არც ღამე, სტუმრებს, როგორც წესი, სასტუმროში იღებდნენ. როდესაც პატარა ვიყავი, უფროსებთან არ მიშვებდნენ, ამიტომ მეგობართან ერთად ვერანდაზე ავდიოდი, ვწვებოდით მინაზე და ისე ვუყურებდით მაღლიდან სტუმრებს.

როდესაც ერთი მსახიობისთვის შექმნილი თეატრი მოგვევლინა, როგორც თეატრი დუეტისთვის?

ერთხელ ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა თენგიზ კოშკაძემ მოგვიტანა პიესა „დედა-დედოფალი“ და შემოგვთავაზა, დაგვედგა ტელევიზიისთვის. სატელევიზიო თეატრი ჩემთვის საინტერესო არ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პიესა ჩვენს თეატრში გვეთამაშა. თენგიზთან ერთად დიდხანს ვარწმუნებდი კოტეს, დაეთმო თავისი პრინციპები. ასე აღმოჩნდა პატარა სცენაზე ერთი მსახიობის ნაცვლად ორი და როდესაც გავაცნობიერე, რომ მაყურებელი მიცქერის ორი მეტრის სიშორიდან, მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რევოლუცია მოხდა. ვფიქრობ, რომ მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის თვალების დანახვა, – მაშინ სცენაზე იბადება ჭეშმარიტება.

სახლი, რომელიც თეატრია, შვილები, დიასახლისობა… როგორ ასწრებთ ყველაფერს?

ამის სიტყვებით ახსნა შეუძლებელია. უბრალოდ, მე ძალიან ვგავარ მამას. იგი ძალიან მეოჯახე ადამიანი იყო. მისთვის, მიუხედავად კინემატოგრაფის უდიდესი სიყვარულისა, სახლი, ოჯახი ყოველთვის ყველაფერზე წინ იდგა… მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მთავარი დედა იყო.

თქვენს ოჯახში ვინ იყო ოჯახის თავი?

ქართულ ოჯახში ათიდან ცხრა შემთხვევაში ოჯახის თავი – ქალია. ჩემი სამშობლოს სიმბოლო ქართლის დედაა, რომელსაც ერთ ხელში ფიალა უჭირავს მეგობრებისთვის, მეორეში – ხმალი მტრებისთვის. ასე რომ, ჩემი მშობლების და ჩემს ოჯახშიც მთავარი ყოველთვის ქალი იყო.

ყოველივე ამან ყველასთვის საყვარელი ფილმი „ეძიეთ ქალი“ გამახსენა…

მეც ძალიან მიყვარს ეს ფილმი. გადაღების შემდეგ  ჩემი გმირის, ალისას ერთ-ერთი რეპლიკა გახდა ჩემი ფრაზა.

საინტერესოა, რომელი?

კარგი ქალის გვერდით მამაკაციც შეიძლება ადამიანად იქცეს.

კადრი ფილმიდან „ეძიეთ ქალი“ (1983)

დღეს ვერავინ წარმოიდგენს, რომ ალისა პოსტიკი სხვა მსახიობს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ ამბობენ, რომ სწორედ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო…

შეიძლებოდა. ალა სურიკოვას, ფილმის რეჟისორს, ძალიან უნდოდა, რომ ფილმში მე გადავეღე. მთელი გადამღები ჯგუფი ეთანხმებოდა, მაგრამ… საქმე ისაა, რომ გაერთიანებული სატელევიზიო ფილმების მაშინდელი ხელმძღვანელი უკმაყოფილო იყო მათი არჩევანით და განხილვაზე მსახიობებს ჰკითხა: „რატომ გინდათ გადაიღოთ ქალი შავი თვალებით?“ მაშინ მან გააცნობიერა, რომ კოლოსოვს სურდა ფილმში ეხილა თავისი ცხოვრების ქალი – ლუდმილა კასატკინა.

როგორ მოახერხა სურიკოვამ თავისი გაეტანა?

თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მას თბილისში ჩამოსვლა მოუხდა. სინჯებზე მე არ შემეძლო იქ ჩასვლა, რუსთაველის თეატრში თითქმის ყოველ საღამოს დაკავებული ვიყავი. მას ვუთხარი: „როგორ ვთამაშობ – იცით, როგორ გამოვიყურები, ესეც იცით. თუ გსურთ, მნახოთ, როგორ გამოვიყურები გრიმში, ჩამოდით!“ – და მთელი გადამღები ჯგუფი, სურიკოვას ხელმძღვანელობით, თბილისში ჩამოფრინდა. საღამოს ჩემს სპექტაკლებს ესწრებოდნენ, შემდეგ იწყებოდა ქართული ქეიფი. თქვენ იცით ეს რასაც ნიშნავს. ალა მხოლოდ აეროპორტში მოვიდა აზრზე. „ერთი ფოტო მაინც გადაიღე?“ – ჰკითხა ოპერატორ მიშა აგრანოვიჩს. აღმოჩნდა, რომ არა მარტო კინო, ფოტოსინჯიც არ იყო გაკეთებული. არადა, თან მთელი აპარატურა ჰქონდათ.

რით დამთავრდა ეს ყველაფერი?

ფოტო რომელიღაც კალენდრიდან ამოჭრეს და ამის მიხედვით როგორღაც დაარწმუნეს ხელმძღვანელობა. მთავარ არგუმენტად ჩემი „აბსოლუტურად ფრანგული შარმი“ იქცა.

კურავლიოვთან ერთად მართლაც უნიკალური დუეტი გამოგივიდათ…

ლიონია (ლეონიდ კურავლიოვი – თ. ო.)  ჩემი კურსელია. კინაღამ გარიცხეს სასწავლებლიდან.

ლეონიდ კურავლიოვი და სოფიკო ჭიაურელი, კადრი ფილმიდან  „ეძიეთ ქალი“ (1983)

რისთვის?

სუსტი სტუდენტი იყო, მთელი კურსი მივდიოდით და რექტორს ვთხოვდით, კურსზე დაეტოვებინა.

წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სხვა პროფესიის ადამიანად?

თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მსახიობის პროფესია ერთადერთია, რომელშიც ადამიანს ყოველთვის უნდა, რომ იმუშაოს – მიუხედავად იმისა, თანხას უხდიან თუ არა.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close