მსოფლიოპოლიტიკა

„აზოვსტალიდან“ კიდევ 7 ავტობუსით გამოიყვანეს უკრაინელი სამხედროები რუსული ბადრაგის თანხლებით

რუსეთის გოსდუმა სამხედრო დამნაშავეების სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ კანონპროექტის განხილვას აპირებს

როგორც ცნობილია, გუშინ მიღწეული შეთანხმების შედეგად „აზოვსტალიდან“ 264 დაჭრილი სამხედრო გაიყვანეს ე. წ. დნრ-ში. მძიმედ დაჭრილი 53 უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში მოათავსეს, კიდევ 211 სამხედრო კი ოლენივკაში ჩაიყვანეს. უკრაინული მხარის ცნობით, მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან და სახლში დააბრუნებენ.

ნოვოაზოვსკი და ოლენივკა დონეცკის ოლქის ქალაქებია. ორივე უკრაინის დროებით ოკუპირებულ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

დღეს სააგენტო „როიტერსმა“ ისევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით სულ მცირე, 7 ავტობუსი გავიდა, რომლებში უკრაინელი სამხედროები იყვნენ. სააგენტოს მტკიცებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოლენივკაში კიდევ 250 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს.

საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დასახული სამხედრო ამოცანა – მათ მტრის 20 ათასი ჯარისკაცი შეაკავეს და რუსეთი იძულებული გახდა, კიევის აღებაზე უარი ეთქვა და ჯარები გაეყვანა დედაქალაქის მისადგომებიდან. დანაყოფების მეთაურებს მიღებული აქვთ ბრძანება, შეინარჩუნონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე.

„მარიუპოლის დამცველების დახმარებით ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო მოგვეცა რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისა და პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. სარდლობის მიერ დასახული ყველა ამოცანა მარიუპოლის დამცველებმა სრულად შეასრულეს“, – განაცხადა დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება.

„მთელი უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა… მარიუპოლის დამცველების გადარჩენის სხვა გზა, გარდა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი ევაკუაციისა, არ არსებობს“, – განმარტა ანა მალიარმა. იგი ირწმუნება, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოითხოვს ყველა სამხედროს დაბრუნებას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

უცნობია, კიდევ არიან თუ არა უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფრებში. აგრეთვე, უცნობია, რა ბედი ეწევათ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანილ „აზოვსტალის“ დამცველებს.

„აზოვსტალიდან“ ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ავტობუსში, რუსი სამხედროების კონტროლქვეშ. 17 მაისი, 2022. REUTERS

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის გოსდუმა აპირებს, ოთხშაბათს, 18 მაისს განიხილოს კანონპროექტი „აზოვსტალიდან“ გაყვანილი ტყვეების გაცვლის აკრძალვასა და სამხედრო დამნაშავეებისათვის სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ. რუსი გამომძიებლების თქმით, ისინი აპირებენ დაკითხონ მარიუპოლის გარნიზონის მებრძოლები, რომლებიც „აზოვსტალიდან“ გამოიყვანეს.

პოლკ „აზოვის“ დამფუძნებელმა და პარტია „ნაციონალური კორპუსის“ ლიდერმა ანდრეი ბილეცკიმ (ბელეცკი) ცოტა ხნის წინ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კავშირზეა „აზოვსტალის“ უკრაინელ დამცველებთან და ითხოვა, არ გაკეთდეს მათი ევაკუაციის შესახებ კომენტარები. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

„82 დღე-ღამე ბიჭები იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში.70 დღე-ღამეზე მეტხანს აკავებდნენ ისინი მტერს სრულ ალყაში მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობის პირობებში, საშინელი საავიაციო, სახომალდო, საარტილერიო დაბომბვების ქვეშ და ა. შ.

მათ გააკეთეს ისეთი რამეები, რაც აუცილებლად შევა, უნდა შევიდეს სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანა – ეს არის „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა.

ისინი უკრაინას, აუცილებლად, კიდევ დასჭირდებიან.

ახლა მთავარია: არ ავნოთ საკუთარი ვარაუდებით, იდეებით, რაღაც ინსაიდებით თავად მებრძოლების გადარჩენის ოპერაციას. ამიტომ ყველას მიმართ მაქვს დიდი თხოვნა, ვისაც სურს საკუთარი აზრების გაზიარება იმის თაობაზე, რა ხდება „აზოვსტალში“ ან იმათ მიმართ, ვისაც აქვს რაღაც „საიდუმლოებები“, „ინსაიდები“ – თქვენთვის დაიტოვეთ, ისევე როგორც საკუთარი აზრები.

2-3 დღის შემდეგ, ვფიქრობ, თავად გარნიზონი დაამტკიცებს, მკაფიოდ გაგვაგებინებს, როგორ მიდიოდა ყველაფერი, როგორ ხდებოდა ყველაფერი. გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში“, – წერს ბილეცკი.

ცნობისათვის: ანდრეი ბილეცკი (ბელეცკი) მოხალისეობრივ საფუძველზე შექმნილ ბატალიონ „აზოვის“ პირველი მეთაური იყო რუსეთ-უკრაინის ომის პირველი სტადიის დროს  – დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას 2014-2015 წლებში. როდესაც „აზოვის“ ბაზაზე  ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში იმავე სახელწოდების პოლკი ჩამოყალიბდა, ბელეცკიმ დაიწყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება „აზოვის“ სახელწოდბით და საკუთარ თავს „აზოვის მოძრაობის ლიდერს“ უწოდებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close