„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია“ – რა არის ლენდ-ლიზი და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში
9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი „ლენდ-ლიზის“ აქტი უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და გამარტივებული გზით, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს.
„ლენდ-ლიზი“ როგორც „გარღვევა“ და ისტორიის განმეორება
„ლენდ-ლიზის“ აქტი შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 81 წლის წინათ, 1941 წელს დაამტკიცა. მას ხელი პრეზიდენტმა რუზველტმა მოაწერა.
აქტმა პრეზიდენტ რუზველტს საშუალება მისცა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიეწოდებინა.
დახმარების ნაწილი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ამერიკისგან მიიღო ასე გამოიყურება:
- 400 000 ჯიპი და სატვირთო მანქანა
- 14 000 თვითმფრინავი
- 8 000 ტრაქტორი
- 13 000 ტანკი
- 1,5 მილიონი საბანი
- 6.15 მილიონი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი
- 7.107 000 ტონა ბამბა
- 8.2,7 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი
- 9.4,5 მილიონი ტონა საკვები
საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალის მიწოდება გაგრძელდა 1945 წლის სექტემბრამდე.
რუსეთში არ უყვართ ლენდ-ლიზის დამსახურებაზე საუბარი.
„რუსეთმა ნაცისტური გერმანია დაამარცხა მარტომ, სხვების დაუხმარებლად. მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლეთი, ვალშია რუსეთთან.
1944 წლამდე საბჭოთა კავშირი ომობდა მარტო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება გარდაუვალი გახდა, დასავლელმა მოკავშირეებმა გახსნეს მეორე ფრონტი“, – ასეთია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლის ვერსია, რომელიც რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმირ პუტინის ძალისხმევით დამკვიდრდა.
2019 წელს, დასავლელი მოკავშირეების როლზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა პარტნიორობის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა დასძინა:
„ერთადაც რომ არ ვყოფილიყავით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებდით, რადგან ჩვენ გამარჯვებულთა ქვეყანა ვართ“.
რა შეცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდ-ლიზმა და რას შეცვლის ის რუსეთ-უკრაინის ომში?
ამ თემაზე „ფორტუნა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:
„უშუალოდ შეიარაღებას და ფინანსურ დახმარებას რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური ფაქტორი არის ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი. ლენდ-ლიზმა გადამწყვეტი როლი შეიტანა გერმანიის დამარცხებაში თავისი შეიარაღებით.
ეს არაერთხელ თავის გამოსვლებში აღიარებული აქვს თავად პუტინსაც, ის ხაზგასმით საუბრობდა თავის გამოსვლებში, რა როლი შეასრულა ლენდ-ლიზმა ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. ამას ვერ უარყოფს.
ფსიქოლოგიურად ლენდ-ლიზი ნიშნავს:
1. რუსეთის გაიგივებას ნაცისტურ გერმანიასთან.
2. ამას რიგითი რუსი ვერ გაიგებს და ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია.
წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ლენდ-ლიზი ნიშნავს, რომ უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რაც კი მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნეში დაუგროვებია დასავლეთს, ყველაფერი მოემართება რუსეთის სამხედრო მანქანის დასამარცხებლად. ეს მუხტი, თუ რა განაჩენი გამოუტანეს მას ლენდ-ლიზის ხელმოწერით, ყველაზე კარგად იკითხებოდა პუტინის სახეზე 9 მაისის აღლუმზე.
წარმოუდგენელია რუსეთის სამხედრო მანქანამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უკრაინასთან ომში, გაუძლოს ამერიკის ლენდ-ლიზს, რომლითაც უკრაინას მიეწოდება ყველა ტიპის თანამედროვე შეიარაღება.
უკრაინას შეიარაღებისას მიეწოდებოდა ყოფილი საბჭოთა ტექნიკა, ნატოს ქვეყნებში ჩარჩენილი და მოდერნიზებული და ახლა უკვე ამ ლენდ-ლიზის აქტით საუბარია უკრაინისთვის იმ ტიპის ტექნიკის მიწოდებაზე, რომელიც სუპერთანამედროვეა.
მასთან გამკლავება რუსეთისთვის უმძიმესი გამოწვევა იქნება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უკრაინელი სამხედროების გადამზადებაც“, – აცხადებს ლაგაზიძე.
თანამედროვე იარაღის გამოყენების არცოდნა რამდენად შეუქმნის უკრაინის ჯარს პრობლემებს?
„პრობლემას არ შექმნის, უბრალოდ, ეს ომი დროში გაიწელება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ფრონტის წინა ხაზზე თავდაცვით რეჟიმშია უკრაინის ჯარი. უკრაინის ჯარმა მასობრივი კონტრშეტევა რაღაც მონაკვეთებში განახორციელა. იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს კონტრშეტევა, საჭიროა იარაღის სრულფასოვნად მიწოდება. ეს ერთ და ორ დღეში, ბუნებრივია, ვერ მოხდება და საჭიროა გადამზადება იმისათვის, რომ უკრაინელებმა შეძლონ ამ იარაღის გამოყენება.
ეს დროში გაწელავს ომს, სანამ უკრაინელები არ აითვისებენ სრულყოფილად იმ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას ლენდ-ლიზით მიეწოდება.
ლენდ-ლიზი ასევე ნიშნავს, რომ ნატოს ევროპელი პარტნიორები უკრაინას დაეხმარებიან თანამედროვე შეიარაღებაში. 9 მაისს ბრიტანეთმა მორიგი დახმარების ტრანში გამოუყო უკრაინას“, – ამბობს ლაგაზიძე.
„მიზანი ერთ და ორ თვეში ვერ მიიღწევა“ – რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი?
„გააჩნია, რას ვეძახით რუსეთის დამარცხებას და უკრაინის გამარჯვებას ამ ომში. უკრაინელები ღიად აცხადებენ, რომ სხვა გამოსავალი და სხვა დასასრული მათთვის არ არსებობს ამდენი მსხვერპლის მერე, რომ აღადგინონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის გაყინვას ისინი არ დათანხმდებიან (ყოველ შემთხვევაში დღეს ასე ჩანს), რადგან ეს ახალი ნაღმების ჩადებაა უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომაც ერთადერთი მიზანი, რაზეც უკრაინაც და აშშ-ც საუბრობდა, არის ის, რომ ჯერ ერთი, რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან განიდევნოს და, მეორე, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვერასდროს ვეღარ შეძლოს ვერც ერთ მეზობელზე თავდასხმა.
ეს მიზანი ერთ და ორ თვეში ვერ მიიღწევა. ამას სჭირდება მასობრივი შეიარაღება უკრაინელების. მასობრივი გაწვრთნა და პლუს ეკონომიკური სანქციები, ასე რომ, მინიმუმ რამდენიმე თვე ომი არ დასრულდება“, – განმარტავს ლაგაზიძე.
fortuna.ge
კომენტარები