როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ ან დაგკბინათ – ქვეწარმავლების გამოღვიძების სეზონი დაიწყო
თბილი და მზიანი დღეების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება ქვეწარმავლების გამოღვიძების სეზონიც. გველები აქტიურდებიან ზაფხულის ცხელ დღეებში და სასურველია, მოვერიდოთ მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას. ასევე, იმ ადგილებს, სადაც ბევრი მღრნელი და ბაყაყია, სწორედ ასეთი გარემო იზიდავს მათ.
გველი, ძირითადად, მარტის ბოლოდან აქტიურდება. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრესად ღამით გამოდის სანადიროდ, გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება, მაგრამ როგორც ამბობენ, მას ჩვენი ეშინია, შესაბამისად, უნდა გავერიდოთ.
ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის განმარტებით, გველები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდნენ, ზოგ ადგილზე მეტია, ზოგან შეიძლება ნაკლებად შეგვხვდეს, თუმცა განსაკუთრებული მომრავლება არ შეინიშნება.
„თბილისში 15 სხვადასხვა სახეობის გველი ცხოვრობს, საიდანაც 2 შედარებით საშიშია, გიურზა და ცხვირქოსანა გველგესლა. გიურზას გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენშია, ცხვირქოსანასი – თრიალეთის ქედისა და თბილისის შემოგარენში. გიურზა თბილისის რამდენიმე უბანშიც შეინიშნება, არც თუ ისე ბევრი. თუ განვლილ წლებსა და სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მათი კბენის ფაქტებიც ძალიან იშვიათია. ძირითადად, დაკბენის ფაქტები ვლინდება ცხოველებში, ძაღლებში და ა.შ.
როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალმა ჩვენ, ან ჩვენს ოთხფეხა მეგობარს უკბინა:
ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ნაკბენი ექიმს/ვერ-ექიმს ვაჩვენოთ, რომ შეფასდეს მისი ჭრილობების სიმძიმე, დასადგენია, რომელმა სახეობის გველმა უკბინა.
ადამიანს აქვს 3-დან 5-საათამდე იმისთვის, რომ ნაკბენის შემთხვევაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე მივიდეს და აღმოუჩინონ დახმარება, ძაღლების შემთხვევაში შედარებით ნაკლები დროა ამისთვის.
საავადმყოფომდე მისვლამდე უნდა გავაკეთოთ:
დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და მივმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
რომელ ადგილს უნდა მოვერიდოთ/მოვაწესრიგოთ იმისთვის, რომ ქვეწარმავალს არ წავაწყდეთ:
ქვეწარმავლები სარგებლობენ ნაპრალებით, მიუვალი ადგილებით, ნათაგურებით, სადაც თავს შეაფარებენ, მიიწევენ გამზადებულ ადგილებისკენ, რადგან ამას თვითონ ვერ აკეთებენ. ეძებენ ისეთ უსაფრთხო ადგილებს, როგორიცაა: სამშენებლო ნარჩენების ქვეშ დაყრილი ბლოკები, ხის მასალები, ამიტომ საჭიროა, რომ ნარჩენებს მივხედოთ და ისე დავალაგოთ, გველს თავის შესაფარებელი არ ჰქონდეს.
მეორე, საჭიროა დიდი ბალახის მოთიბვა, რომ აქაც ვერ შეძლოს დამალვა.
შემდგომ საჭიროა შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება, გველების დამაფრთხობელით იწამლება. ბაზარზე არსებობს რამდენიმე საშუალება როგორც ქართული, ისე უცხოური, რომლითაც ტერიტორიის დამუშავება ხდება. ხაზგასმით ეს 100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის, თუმცა შედარებით ეფექტიანი მაინც არის.
როცა ჩავატარებთ კომპლექსურ სამუშაოებს, როცა სამშენებლო ნაგავს დავასუფთავებთ, ბალახს მოვაწესრიგებთ და როცა შევწამლავთ ბიოლოგიური პრეპარატებით, რისკი მინიმუმადე დაყვანილი იქნება.
ვის უნდა მივმართოთ გველების დანახვის შემთხვევაში:
მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფასიანი მომსახურება აქვს, რომელიც 4 კატეგორიას მოიცავს და ღირებულება 7 თეთრიდან 1,50-ს შეადგენს. ასევე, ადგილობრივი გამგეობების მიმართვის საფუძველზე საჭირო მომსახურება უფასოდაც ხორციელდება.
მეთოდი – როგორ შევინარჩუნით სიმშვიდე ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში
უნდა აღვნიშნო, რომ ქვეწარმავლები, გველები, ბუნებაში ოდითგანვე ცხოვრობდნენ, ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მათი დანახვის შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაინახა გველი, არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები, საჭიროა გაუნძრევლად ყოფნა. თუ პირისპირ მოუწევთ შეხვედრა, უმჯობესია, ადამიანი გაჩერდეს და შორიახლოდან ადევნოს თვალი, შემდეგ უკან ნელი ნაბიჯებით დაიხიოს, რადგან თავდასხმად არ აღიქვას“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ რატი მამუკაშვილმა.
primetime.ge
კომენტარები