მსოფლიოპოლიტიკა

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ (რომელიც დომინანტურია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში) უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. კანონმდებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „არსებობს მკაფიო და საკმარისი მტკიცებულებები სისტემატური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ“.

„დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, ფიზიკური ზიანის მიყენებას, ფსიქიკური ზიანის მიყენებას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემატურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას და გაუპატიურებას“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც კანადის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თემთა პალატის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

რამდენიმე ხნით ადრე, 13 აპრილს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ აბსოლუტურად სწორია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უწოდებს რუსული ჯარის ქმედებებს უკრაინაში გენოციდს.

წინა კვირაში ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა აღიარეს გენოციდად რუსეთის სისასტიკე უკრაინაში.

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად 14 აპრილს აღიარა.

რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, თუმცა ამ ქვეყნების პარლამენტებს ჯერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებისგან თავი შეიკავა და თავისი დამოკიდებულება იმით ახსნა, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

„სიტყვა „გენოციდის“ კვალიფიკაცია უნდა მოახდინონ იურისტებმა და არა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა მაკრონმა.

26 აპრილს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდის აღიარების შესახებ, თუმცა მმართველი გუნდი მის განხილვას არ აპირებს. ინიციატივის შეფასებისას ფრთხილია დანარჩენი ოპოზიციაც. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მსგავსი დადგენილებების ინიციირებას მანამ, სანამ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებები არ იქნება.

უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მიმდინარეობს რუსეთის უსასტიკესი აგრესია – ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ქვეყნის მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. განადგურებულია ქალაქები და სოფლები, არა მარტო სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ასობით ობიექტი, სკოლები, საავადმყოფოები, საკვები პროდუქტების საცავები, თეატრები, საცხოვრებელი სახლები და სხვა. ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ომს, 11 მილიონზე მეტი უკრაინელი კი დევნილად იქცა. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ გაჩერდება მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს. აშკარაა, რომ პუტინი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ გააჩერებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close