მსოფლიოპოლიტიკა

გერმანია რუსეთიდან გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის ემზადება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აფრთხილებს მთავრობას, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთის მიერ გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის, ისე როგორც ეს პოლონეთისა და ბულგარეთის შემთხვევაში მოხდა. ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

„მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჩვენ კი უკვე მზად ვიყავით ომის დაწყებამდეც და ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ“.

კანცლერის თქმით, არავის შეუძლია წინასწარ გამოიცნოს, რა უდევს თავში კრემლის პატრონს – ვლადიმირ პუტინს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა პარლამენტარებმა დღეს, 28 აპრილს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი თითქმის ერთხმად დაუჭირეს.

„ისინი ძალიან შედეგიანია“, – განაცხადა შოლცმა სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს უკრაინაში ომის წარმოების გამო. კანცლერის თქმით, რუსეთი კარგად ხვდება, რომ ეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მისივე განვითარების შესაძლებლობებს და რომ სანქციები გამოყენებული იქნება ომის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანისათვის, რათა უკრაინამ „ისევ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტის განვითარება“.

შოლცი ვარაუდობს, რომ სანქციები არ გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საფუძველზე გადაწყვეტს. კანცლერის თქმით, მხოლოდ კრემლის ჯარების სრული გაყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი სანქციების მოქმედების შეჩერება.

24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტი ზღვითა და მილსადენების მეშვეობით 63 მლრდ ევროდ ფასდება, ამ მოცულობის 71% (44 მლრდ) კი ევროკავშირზე მოდის.

ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ გერმანია (9,1 მლრდ ევრო), იტალია (6,9 მლრდ ევრო), ჩინეთი (6,7 მლრდ ევრო), ნიდერლანდები (5,9 მლრდ ევრო), თურქეთი (1 მლრდ ევრო) და საფრანგეთი (3,8 მლრდ ევრო).

27 აპრილს რუსეთმა პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ უარი განაცხადა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების განცხადებით, ეს კონტრაქტის პირობების დარღვევაა, რადგან „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის საფასური რუბლებში გადახდას არ ითვალისწინებს და ამგვარი ქმედება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა იქნებოდა. პოლონეთის მთავრობის თქმით, პოლონეთის მარაგები თითქმის მთლიანად სავსეა, ასე რომ, ქვეყნის მოსახლეობას გაზმომარაგების მხრივ პრობლემები არ შეექმნება.

რაც შეეხება ბულგარეთს, ის 90%-ით დამოკიდებულია რუსულ გაზზე და ქვეყანას მხოლოდ ერთი თვის მარაგი აქვს., თუმცა გაზის შეწყვეტის შედეგად არც ბულგარელი მომხმარებელი დაზარალებულა.

რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტისთანავე პოლონეთმა და ბულგარეთმა ცისფერი საწვავის მიღება ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან დაიწყეს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ამგვარი ქმედებით საკუთარ თავს ვნებს.

„გაზპრომის“ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის პასუხი იქნება „დაუყოვნებლივი, ერთიანი და კოორდინირებული“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი. საუბარია არა მარტო პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებაზე. ევროკომისია, აგრეთვე, იმუშავებს ევროკავშირის სახელმწიფოების რეგიონულ ჯგუფებთან, რომელთა ფარგლებშიც სახელმწიფოებს შეეძლებათ ერთმანეთის დაუყოვნებლივ დახმარება საწვავის მიწოდების შეფერხებების შემთხვევაში.

ამას გარდა, ევროკომისია მუშაობს, აგრეთვე, გეგმაზე REPowerEU, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება უკვე 2022 წელს. გეგმის დეტალები მაისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

ფონ დერ ლაიენის თქმით, იმ გეგმის განხორციელების შედეგად, რომელზეც ევროკომისია მუშაობს, ევროკავშირს შეუძლია სამუდამოდ უარი თქვას რუსულ ენერგომატარებლებზე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close