არტისტი

კახი და გივი – ლეგენდარული მეგობრები

ქართველების უსაყვარლესი მსახიობები, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი არა მარტო ნიჭიერებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანური ღირსებებით, რომლებიც ორივე მათგანს ბავშვობიდან მოჰყვებოდა და ირგვლივ მყოფებს კაცურკაცობის მაგალითს აძლევდა. მაგალითს სიკეთისა, სიყვარულისა, მეგობრობისა, ვაჟკაცობისა, ერთგულებისა…

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ორივე მათგანი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა: კახი კავსაძე – თავისი ემოციურობითა და ენერგიულობით, გივი ბერიკაშვილი – კახური სიდინჯითა და სიდარბაისლით, მაგრამ ისე ლამაზად ავსებდნენ ერთმანეთს, რომ მათ მეგობრობაზე  ლეგენდები მათსავე სიცოცხლეში დადიოდა. არ მახსოვს, სად ამოვიკითხე ან ვისი სიტყვებია: „მეგობრობა ზებუნებრივი ჰარმონიაა, წინააღმდეგობათა შერწყმა“  – მაგრამ, ალბათ, არავინ შემოგვედავება, თუ სწორედ ამ ფრაზას მოვიხმობთ ზემოთქმულის დასტურად.

ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გაიცნეს. გივი ბერიკაშვილი უკვე სწავლობდა სამსახიობო ფაკულტეტზე, როცა კახი კავსაძე სტუდენტი გახდა. დამეგობრდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა თეატრში მოხვდნენ (გივი – მარჯანიშვილში, კახი  – რუსთაველში), კინოში ხშირად იღებდნენ ერთად. ამდენად, საერთო პროფესიამ, შემოქმედებითმა ურთიერთობამ თანდათან გაამყარა მათი მეგობრობა. ჯერ მარტო ათზე მეტ მოკლემეტრაჟიან ფილმში არიან ერთად გადაღებულნი, მათ დუეტს კი ახლაც როგორი სიამოვნებით უყურებს მაყურებელი, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად ახსოვს მათი ისტორიები, აზრები თუ შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ჩემმა არქივმაც ბევრი საინტერესო ისტორია შემოინახა:

ინტერვიუ არქივიდან

გივი ბერიკაშვილი: იცით, კახი ყველაზე მეტად რაზე ბრაზდება ხოლმე? მილიონი როლი აქვს ნათამაშევი: ივანე მრისხანეც იყო, დონ კიხოტიც, გორდონიც… – მაგრამ მაინც ელიბოს ეძახიან და ამაზე ბრაზდება საშინლად (იცინის)…

კახი კავსაძე: ხანდახან ბერიკა მართლა ძალიან მაბრაზებს. Mმთელი ქვეყნის გასაგონად, ხმამაღლა მაქვს ნათქვამი: ხალხნო, გივი სადმე მოკლული თუ ნახეთ, პირდაპირ ჩემთან მოდით, მკვლელი არ ეძებოთ-მეთქი…

რატომ, ბატონო კახი, ოინებს გიწყობდათ ხოლმე? ან იქნებ ახლაც გიწყობთ?

რატომ და იმიტომ… ოინებს მე არა, ცხონებულ ზურა ქაფიანიძეს უწყობდა ხოლმე…

გივი: სამაგიეროდ, ერთხელ ზურამ მომიწყო ისეთი რაღაც, ჩემი ყველა ოინი გადაწონა…

არ მოგვიყვებით?

 კი ბატონო, რადგან გაინტერესებთ… მერაბ კოკოჩაშვილი იღებდა ფილმს. გადაღებები ქუთაისში გვქონდა. ერთ დღეს დილიდან საღამომდე ველოდით მზის გამოჩენას, რომ რაღაც კადრი გადაგვეღო. ვსხედვართ კაკლის ქვეშ მე და ზურა და აღარ ვიცით, რა ვაკეთოთ. გადავწყვიტე, კაკლები ჩამომეყარა. იქვე ქვა ვიპოვე და კაკალს ვესროლე. ჩამოვარდა, მაგრამ მკრა ამ „მხეცმა“ ხელი და ლამის ლენჯოიანად შეჭამა ჩემი ჩამოგდებული კაკალი. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს იქვე, ჩემს თავს ზემოთ ვისროლე ქვა, კაკალი ჩამოვარდა, დავიჭირე, მაგრამ ჩემი ასროლილი ქვაც, ცხადია, უკან დაბრუნდა და თავში მომხვდა. უცებ ვიგრძენი, როგორ გამითბა შუბლი. ვიღაცამ იყვირა, ჩქარა არაყიო. მოიტანეს ერთი ჭიქა არაყი, რომ სისხლი მოეწმინდათ, მაგრამ ვინ აცალათ – ზურამ სულ ორიოდე წვეთი დატოვა ჭიქაში: ამდენი არაყი ამას რა ჯანდაბად უნდაო! აი, ასე გადამიხადა სამაგიერო (იცინის)…

ღვინის ქურდების გადაღებისას მართლა დათვერით?

 გივი: ერთხელ ვიხუმრეთ, რა… ღამე ბოთლებში ჩუმად ჩავასხით ღვინო, დილას კი უთენია დავიწყეთ გადაღება. გადაიღეს სამი დუბლი და ამასობაში ჩვენ უკვე სამი ბოთლი ღვინო ჩამოვცალეთ: დაგვებრიცა თვალები, ცხვირ-პირი… გაგიჟდნენ, რა მოუვიდა ამ ხალხს, ნახევარ საათში ხელიდან გამოგვეცალნენო. გვიან მიხვდნენ, რომ ღვინოს ვსვამდით…

ფილმის გადაღებას ყოველთვის თან ახლავს მსგავსი სახალისო სიტუაციები, კიდევ ხომ არ გაიხსენებდით რაიმეს?

გივი: ცხონებული გოდერძი ჩოხელი იღებდა „სამოთხის გვრიტებს“. ხომ იცით, ოპერატორები რა შარიანი ხალხია? ერთ დღესაც ჩაიხედა ჩვენმა ოპერატორმა კამერაში და – ეს მაღალი ძაბვის ხაზი არ მჭირდება, ჩამოსახსნელიაო, განაცხადა. რა ვქნათ? წავიდა ჩვენი ადმინისტრატორი ელექტრიკოსის მოსაძებნად და ნახა, რომ ქეიფობს. მასაც დაალევინეს ერთი-ორი ჭიქა და ელექტრიკოსმა რომ გაიგო, გადაღება იყო, ახლავე, გენაცვალეო, აიღო თავისი მოწყობილობები და წამოჰყვა ადმინისტრატორს, მაგრამ ფეხზე ვერა დგება, კაცო! ეს უნდა აძვრეს სინათლის ბოძზე? გავგიჟდით: აქეთ შვილი ეხვეწება, მამა, არ ახვიდეო, იქით ჩვენ. მაიცა, შვილო, რას ჰქვია, არ ავიდე, კინოსტუდიას სჭირდება და ამას როგორ არ გავაკეთებ, ახლა თუ გინდათ, მყინვართან შაგაერთებთო, – იძახის. არ დაიშალა და აძვრა ბოძზე. ჩვენ იქ დღე გადავიტანეთ! – ნუ იტყვით… შევცვივდით ოთახში და შეშინებულები ველოდებით, რას იზამს. კახი დროდადრო მეუბნება: „გაიხედე, ხომ არ ჩამოვარდა, ჩამოვარდა უკვე?“… კიდევ კარგი, ყველაფერი კეთილად დასრულდა. მერე მოვუგონეთ იმ კაცს, ხეზე დაეძინაო (იცინის)… უნდა მოუსმინოთ, კახი როგორ ჰყვება ამ ყველაფერს, – თავებს ვურახუნებთ ხოლმე ერთმანეთს…

ბატონ კახის ამჯერად სხვა კურიოზის ხსენებას ვთხოვთ

კახი: ეგრე რომ შემეკითხებიან, სულ მავიწყდება ყველაფერი! კარგი, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმის „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტის“ გადაღების დროს დამემართა. ტექსტი დამავიწყდა, კაცო!.. ჩემი და რიშარის სცენას იღებდნენ. ტექსტი ფრანგული იყო, ჰოდა, უცებ მივხვდი, რომ დამავიწყდა. არადა, გადაღება მიდის. არ დავიბენი და რაღაც გაუგებარ ენაზე დავიწყე ლაპარაკი, ვითომ ფრანგულია. გადმოსცვივდა რიშარს თვალები, – გაგიჟდა კაცი. მე არ ვჩერდები, რადგან დაახლოებით მახსოვს, რამდენ ხანს უნდა ვილაპარაკო ფრანგულად. ისე შევიჭერი როლში, რომ ძლივს გამაჩერა რიშარმა, – ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რა გასაჭირშიც ვიყავი (იცინის)… დუბლების შერჩევის დროს ნანამ სწორედ ეს დუბლი ამოარჩია – მე გაცეცხლებული ვლაპარაკობ, რიშარს კი თვალები აქვს გადმოცვენილი, გაშტერებული მომჩერებია. უბრალოდ, მერე თავიდან მოგვიხდა ამ კადრის გახმოვანება…

ერთმანეთთან შეხვედრისას ყველაზე ხშირად რას იხსენებთ ხოლმე?

 გივი: რა უნდა გავიხსენოთ, შვილო, ჩვენ ახლა „საგულაოდ“ აღარ დავდივართ და (იცინის)!..

მით უმეტეს, იმ დროს არ იხსენებთ, როცა „საგულაოდაც“ დადიოდით და შეყვარებულ ქალბატონებს თქვენი ყურადღებით ანბივრებდით

კახი: მე ყოველთვის ძალიან მიჭირდა გრძნობის გამოხატვა, ჩემი ცოლისთვისაც (მსახიობი ბელა მირიანაშვილი) კი არ ამიხსნია სიყვარული, თუმცა ყურადღებას არასოდეს ვაკლებდი…

გივი: ერთხელ ვთქვი, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ნაყინი იყო-მეთქი. რა გოგო, რის გოგო, ნაყინი მერჩივნა ყველაფერს (იცინის).ისე, მახსოვს, კახი და მე „ზემელიდან“ ლენინის მოედნამდე რომ დავუყვებოდით, რამდენი კარგი გოგო გვხვდებოდა…

კახი: გავივლიდით, გამოვივლიდით, ერთმანეთს შევათვალიერებდით, მაგრამ ვითომც არაფერი – გოგოებს გული აუჩქროლდებოდათ, მაგრამ არ იმჩნევდნენ. ჩვენც ისეთ სახეს ვიღებდით, თითქოს არაფერ შუაში არ ვიყავით…

გივი: გასახსენებელი მილიონტრისტაა, მაგრამ ახლა ერთად უფრო მეტად იმისთვის ვართ, რომ საქმე ვაკეთოთ. ღვთის მადლით, ჯერჯერობით შრომა შეგვიძლია და ვაკეთებთ რაღაცებს: აქეთ ესტრადა, იქით, მე მგონი, კინოშიც გვეძახიან გადასაღებად და ა. შ. ისე, მთელი ჩვენი ცხოვრება ასე ვიყავით: საქმის გამო ვიკრიბებოდით და მერე, დრო თუ გვრჩებოდა, დამპატიჟებელი და მომფერებელი ბევრი გვყავდა და არც მათ ვუტეხდით ხათრს… თუმცა, ხომ გეუბნებით, მთავარი მაინც შრომა იყო.

ისე, ამბობენ, დღევანდელ საქართველოში მეგობრობამ და სიყვარულმა ძველი წონა და ფასი დაკარგაო თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ასეა?

 ძველი ტრადიციებიდან ბევრი რაღაც დაიკარგა, მაგრამ სიყვარულსა და მეგობრობაზე ამის თქმა როგორ შეიძლება?! ზოგმა ქვეყნის სიყვარულიც დაკარგა, ზოგს უფრო გაუმძაფრდა ეს სიყვარული, მაგრამ… ამას წინათ მეგობრები ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდს ვიხსენებდით. მოსისხლე მტერიც რომ ყოფილიყო კაცი, გოგოსთან ერთად თუ მიდიოდა ქუჩაში, ხმას არავინ გასცემდა. ეუბნებოდნენ, აბა, ახლა რა გითხრა, სხვა დროს შეგხვდები და მაშინ დაგელაპარაკებიო. დღეს, მგონი, გოგოები უფრო აგრესიულები გახდნენ… ასეთ წვრილმანებზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ სიყვარულმა და მეგობრობამ თავისი ძველი წონა და ფასი დაკარგა, არ შეიძლება. ზოგმა თუ დაკარგა, ზოგს უფრო მეტად გაუმძაფრდა ეს უნარი (ამასობაში ბატონ კახის ტელეფონზე დაურეკეს და დაგვტოვა: გივი გეტყვით ყველაფერსო და მეც ბატონ გივისთან აგრძელე საუბარ)...

 საინტერესოა, თქვენი აზრით, სიყვარული უფრო ძლიერია თუ მეგობრობა, ბატონო გივი?

 ორივეს თავისი ადგილი აქვს – სიყვარულისა და მეგობრობის გარეშე არაფერი კეთდება ამქვეყნად… ორივე ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ჰაერი, რათა ნორმალურად იცხოვრო ამ წუთისოფელში. „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში როგორ შეიძლება იმის თქმა, სიყვარული და მეგობრობა დაიკარგაო?! – არავითარ შემთხვევაში!

განსაკუთრებული დღე თუ გაქვთ, რომელსაც მეგობრები ყოველთვის აღნიშნავთ?

 ბევრია ასეთი გამორჩეული დღე და მეგობრები რაღაცნაირად ვახერხებთ ხოლმე ამ დღეებში შეხვედრას. სამწუხაროდ, რაც დრო გადის და ასაკში შევდივართ, ბევრ ახლობელსა და მეგობარს ვკარგავთ და ეს ძალიან მტკივნეულია! წლები გვემატება და ტკივილიანი დღეები მომრავლდა…

მით უმეტეს, საინტერესოა, დღევანდელი გადასახედიდან რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

პირველ რიგში, ჯან-ღონეს გაუფრთხილდნენ, თავი შეიკავონ რაღაც-რაღაცებზე და ჩვენს ასაკამდე რომ მოვლენ, გამოადგებათ, იტყვიან, რა კარგად მოვიქეცითო! რაც მთავარია, უყვარდეთ ერთმანეთი, თავიანთი ქვეყანა, თავიანთი საქმე და არასოდეს დაივიწყონ, რომ ქართველები არიან! ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ გეგონოთ, მოწოდებასავით ნათქვამი – თუ გინდა, რომ კაცი გერქვას ცხოვრებაში და რაღაცას მიაღწიო, პირველ რიგში, შენი ფესვები არ უნდა წაშალო და დაივიწყო!

***

აპრილი განუმეორებელი მეგობრების გარდაცვალების თვეა: გივი ბერიკაშვილი ხუთი წლის წინ,  2017 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა, კახი კავსაძე კი  – შარშან, 2021 წლის 27 აპრილს. უკვე ერთი წელია კვლავ ერთად არიან და ალბათ „იქაც“ საოცარია მათი მეგობრობა.

თამარ ოთიაშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close