მსოფლიოქართველები უცხოეთში

ვინ არის მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქართველი დირექტორი და რას ამბობს იგი ქარხანაში არსებულ სიტუაციაზე

უკრაინული ქალაქი მარიუპოლი უკვე პირველი მარტიდან ალყაშია. დაბომბვებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ბოლო პერიოდში ბატალიონი „აზოვი“ მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალშია“ გამაგრებული. ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში ქალაქის დამცველ მეომრებთან ერთად 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად, ბავშვები, ქალები და მოხუცები, აგრეთვე, 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო – როგორც თავად უკრაინელი მებრძოლები აცხადებენ. რამდენიმე დღის წინ პოლკ „აზოვს“ 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლებიც შეუერთდნენ „ილიჩის“ სახელობის ქარხნიდან. ამჟამად რუსულ არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „აზოვსტალია“.  

ქარხანას კერძო სააქციო საზოგადოების სტატუსი აქვს და ის ყველაზე მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის მფლობელობაშია. ქარხნის გენერალური დირექტორია ქართული წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენი ენვერ ცქიტიშვილი.

61 წლის ენვერ ცქიტიშვილი ლუ­განსკის ოლ­ქშია და­ბა­დე­ბუ­ლი, თუმცა როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას თავად თქვა, იგი წარმოშობით ქართველია – მამამისი ქუთაისში დაიბადა. „იქ მყავს ნათესავები. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ქუთაისის ახლოს ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ ბიძაჩემი, მისი ცოლი, ჩემი დები“, – ამბობს ენვერ ცქიტიშვილი.

„აზოვსტალის“ გენერალურმა დირექტორმა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის და „აზოველთა“ შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ ამ ომისთვის. გავიყვანეთ თავშესაფრებში ვენტილაცია, გვირაბებში ელექტროგაყვანილობა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ელექტროენერგიით სარგებლობა, უბრალოდ, ტელეფონის დატენა… შევიტანეთ წყალი, საკვების მარაგი…24-ში, როცა ომი დაიწყო, გავაჩერეთ ქარხანა, რომ არანაირად არ მომხდარიყო ქიმიური გაჟონვა.

როცა ომი დაიწყო, ყველას გავუხსენით კარი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჩვენი თანამშრომელი იყო თუ არა.

„აზოვსტალის“ ტერიტორიას ბატალიონი „აზოვი” არ ტოვებს და არც დატოვებს. ვიდრე „აზოვი” მარიუპოლშია და „აზოვსტალის” ტერიტორიაზეა, მარიუპოლს ვერავინ აიღებს.

„აზოველები“ არიან პატრიოტები, მორალის ყველაზე მაღალი კლასის ადამიანები, რომლებიც ყველასთვის მაგალითებად იქცნენ უკრაინაში. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რუსული ტანკები არ ყოფილან – არცერთი! ტყუილია, რომ იქ რუსული ტექნიკა შევიდა.

…სარდაფებში არიან ასევე „აზოვსტალის“ თანამშრომლები ოჯახებით.

ეს თავშესაფრები 1977 წელსაა აშენებული, საყოველთაოდ ცნობილი მაშინდელი წესების მიხედვით და მიწისქვეშ არსებული ყველა ეს თავშესაფარი გათვლილია პირდაპირ ატომურ დარტყმაზე. ბეტონის ექვსმაგი დამცავი ფენა აქვს. „აზოვსტალში“  მიწისქვეშ 36 თავშესაფარია და აქედან 34 კარგ მდგომარეობაშია, ფუნქციონირებს.

„აზოვის“ მეომრები თავშესაფარში მყოფი ჩვილებისთვის ღამით გადიოდნენ ქალაქში და საჭირო ნივთები მოჰქონდათ. დღისით იბრძოდნენ, ღამით კი ჩვილებზე ზრუნავდნენ.

ჩემი ქარხნის თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მანქანებში ისხდნენ და ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ. მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ.

„აზოვსტალის“ ერთმა ჩვეულებრივმა ინჟინერმა 33 ადამიანი გაიყვანა ქალაქიდან, ერთმა დეპარტამენტის უფროსმა – 25 ადამიანი… და ასე… მერე დაიწყო საჰაერო დაბომბვა.

ეს ფაშიზმზე უარესია!

მე, როგორც მართლმადიდებელ ადამიანს, მრცხვენია იმისი გაცნობიერება, რომ რუსეთი ჩვენი მოძმე ერი იყო ერთ დროს. როგორ მოხდა, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ მათი ასე გარყვნა მოახერხა.

ფაშისტები იმას მაინც გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ, თქვენ მეორეხარისხოვანნი ხართ და გაგანადგურებთო…  ესენი გვეუბნებიან – ჩვენ ისე გვიყვარხართ, რომ უნდა დაგბომბოთ, ქვემეხები უნდა გესროლოთ, სარდაფებში უნდა გაცხოვროთ და ასე უნდა „გადაგარჩინოთო“, – ამბობს ქარხნის გენერალური დირექტორი.

ენვერ ცქიტიშვილის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით „აზოვსტალ­მა“ 2020 წელს 8 მლნ ტო­ნამ­დე თუჯი და ფო­ლა­დი გამოადნო. ცქი­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნის ოკუ­პან­ტე­ბის მა­რი­უ­პო­ლი­დან გაყ­რის შემ­დეგ „აზოვსტალი“ ისევ აღ­დგე­ბა.

1930-იან წლებში აშენებული მეტალურგიული კომბინატი „აზოვსტალი“ მხოლოდ ერთხელ  გაჩერდა – მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს, როცა გერმანელებმა ქალაქ მარიუპოლის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს და საწარმო გერმანული კონცერნის შემადგენლობაში შეიყვანეს. ისტორიული წყაროების თანახმად, 1943 წელს ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ქარხანამ მუშაობის განახლება დაახლოებით ერთ წელიწადში შეძლო.

პროპაგანდისტული რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ავიაცია „აზოვსტალს“ 3-ტონიან ბომბებს ერთი კვირა უშენდა, მაგრამ რკინაბეტონის საფარს ვერაფერი მოუხერხა.

radiotavisupleba.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აგილ რუსტამზადე ფიქრობს, რომ მეტალურგიული კომბინატის საოცრად მყარ ზღუდეებს არათუ 3-ტონიანი, არამედ რუსეთის არსენალში არსებული 9-ტონიანი ბომბებიც ვერ გაარღვევს.

„ეს [„აზოვსტალი“] არის უზარმაზარი ქალაქი მიწის ქვეშ. მოუხელთებელი, რკინაში ჩასმული, მრავალმეტრიანი ბეტონის საფარით… იქ უამრავი შესასვლელი და გამოსასვლელია…

მე ვვარაუდობ, რომ [აზოველებსა და საზღვაო ქვეითებს] მომარაგებული ექნებათ კიდევ 3 თვის სამყოფი საკვები და წყალი. ამ უზარმაზარ ნაგებობაში ამ ყველაფრის შენახვა უპრობლემოდ შეიძლებოდა“, – განაცხადა აგილ რუსტამზადემ „Newsader“-ის იუტუბარხზე.

მარიუპოლის აღება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა და ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: 1. მარიუპოლი დონეცკის ოლქის შემადგენლობაში შედის, რომლის სეპარატისტული ნაწილიც ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკასთან ერთად რუსეთის პრეზიდენტმა ომის დაწყების წინ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა; 2. მარიუპოლის აღებით რუსეთი ყირიმისკენ სახმელეთო გზის გაჭრას შეძლებს.

21 აპრილს გავრცელდა პუტინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საუბრის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც შოიგუ პუტინს ეუბნება, რომ მარიუპოლი „გათავისუფლებულია“, თუმცა შემდეგ უმატებს, რომ მხოლოდ 2000-ზე ცოტა მეტი უკრაინელი და „უცხოელი დაქირავებული“ სამხედრო რჩება „აზოვსტალის“ მიწისქვეშა საცავებში გამაგრებული და შტურმის დაწყებას ურჩევს, თუმცა პუტინი ვითომდა ჰუმანიტარული მოსაზრებით შტურმის გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს და აცხადებს, რომ „კატაკომბებში ჩაძრომა“ საჭირო არ არის და ჯარისკაცების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, თუმცა ბრძანებს, რომ ისეთი ბლოკადა მოაწყონ, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში ბუზიც ვერ შეფრინდეს და გამოფრინდეს.

მეორე დღეს სხვადასხვა ოფიციალურმა წყარომ, მათ შორის, აშშ-იდან განაცხადა, რომ უკრაინელები მარიუპოლში პოზიციებს ინარჩუნებენ და ქალაქი რუსეთის ჯარს მთლიანად არ აუღია და რომ ეს მორიგი სატელევიზიო შოუ იყო რუსული საზოგადოების თვალის ასახვევად.

პუტინის მიერ შტურმის გაუქმების გადაწყვეტილება კი, „ბიბისის“ ინფორმაციით, სამი მიზეზით შეიძლება აიხსნას:

პირველი ის არის, რომ ასეთი გამაგრებული რაიონის შტურმი ქვეითი დანაყოფების მიერ (რამდენადაც მიწისქვეშა ნაწილს ბომბებით ვერაფერს უზამენ) შესაძლებელია კვირები გაგრძელდეს გარანტირებული შედეგის გარეშე. ამ შემთხვევაში გარდაუვალია უზარმაზარი დანაკარგები და რით უნდა შეივსოს ეს დანაკარგი – საკითხავია.

მეორე მიზეზი პოლიტიკურია: „აზოვსტალის“ დროში გაწელილი შტურმის პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა და ორივე მხრიდან სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ძნელი იქნება ყველაზე მიმნდობი ობივატელის დარწმუნებაც კი იმაში, რომ მარიუპოლის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხოლო თუ ოპერაციის აქტიური ფაზა „გაიყინება“ ქარხნის ტერიტორიაზე, გამოცხადდება ქალაქის „გათავისუფლება“ და ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო კორიდორის გაჭრა – გამარჯვების ეს ვერსია რუსული პუბლიკისთვის მისაღები იქნება.

მეორე მხრივ, „აზოვსტალის“ შტურმზე უარის თქმა პოლიტიკური დიალოგის შანსებს ტოვებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა რუსული მხარე, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურება წერტილს დაუსვამს რუსეთთან მოლაპარაკებებს.

და მესამე: „აზოვსტალი“ ევროპაში უდიდესი მეტალურგიული კომბინატია.

 ომამდე კომბინატი წელიწადში დაახლოებით 4 მლნ ტონა ფოლადს, 3,5 მლნ ტონა თუჯს და 1,2 მლნ ტონა ნაგლინ რკინას აწარმოებდა. „აზოვსტალის“ პროდუქციას იყენებდნენ  გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების მშენებლობაში. ის უკრაინაში სარკინიგზო რელსების ერთადერთი მწარმოებელი იყო.

უზარმაზარი ნგრევის მიუხედავად, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ქარხანამ განიცადა, მოსკოვი შესაძლოა იმედოვნებს, რომ რაიმე ფასეულის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close