მსოფლიოპოლიტიკა

რუსმა აგრესორებმა „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმისთვის ემზადებიან – არესტოვიჩი

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმის განხორციელებას აპირებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„მტერი ცდილობს, საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ რაიონში. განაახლეს საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობენ, თავდასხმითი ოპერაციები განახორციელონ“, – ამბობს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე სიტუაციის მიუხედავად ქალაქის დამცველები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ.

უკრაინული მხარის განცხადებით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებს 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და დაახლოებით 2000 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის, 500-მდე დაჭრილი აფარებს თავს. დღის პირველ ნახევარში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ:

„დღესაც ისევ შევეცდებით ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას, – დაწერა ვერეშჩუკმა სოციალურ ქსელში, – თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილია, ევაკუაციას 12:00 საათიდან დავიწყებთ“.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაციის მორიგი მცდელობა ისევ წარუმატებლად დასრულდა. მარიუპოლის მერის თანაშემწის თქმით, ევაკუაციისთვის დათქმულ ადგილას მისული 200-მდე მოქალაქე რუსებმა უკან გააბრუნეს და შესაძლო დაბომბვის შესახებ გააფრთხილეს.

რუსი აგრესორების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის წინა რამდენიმე  მცდელობის წარუმატებლად დასრულებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღეს ოკუპანტებმა ქალაქი ოდესა დაბომბეს, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 თვის ჩვილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close