პოლიტიკაკრიმინალი

ნობელის პრემიის ლაურეატს, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს მოსკოვის მატარებელში თავს დაესხნენ

ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში, ოპოზიციური გაზეთის – „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს მოსკოვი-სამარის მატარებელში თავს დაესხნენ და წითელი საღებავი შეასხეს. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმის შესახებ თავად მურატოვმა გაავრცელა ინფორმაცია ტელეგრამზე ფოტოებთან ერთად.

„კუპეში შემასხეს ზეთის საღებავი აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვი-სამარა. გასვლა უკვე 30 წუთით შეყოვნდა. მთელ ვაგონში ზეთის საღებავის სუნი დგას. შევეცდები საღებავი ჩამოვიბანო. მან მომაძახა: „მურატოვ, აი შენ, ჩვენი ბიჭებისთვის“ (“Муратов, вот тебе за наших пацанов“), – მოჰყავს მურატოვის სიტყვები ტელეგრამ არხზე „ნოვაია გაზეტას“.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიცია შემოწმებას აწარმოებს მურატოვზე თავდასხმის ფაქტზე და ინციდენტთან დაკავშირებით 2 მამაკაცს ეძებს.

პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო TASS-ს უთხრა, რომ მოსკოვის ყაზანის სადგურზე ჩასხდომის დროს ვაგონში  შევიდა 2 მამაკაცი სამედიცინო პირბადეებში, თითქოსდა გამცილებლები იყვნენ. „შემდეგ ერთ-ერთი მათგანი კუპეში შევიდა და იქ მყოფ მგზავრს წითელი საღებავი შეასხა, ამის შემდეგ ორივე უცნობი სწრაფად ჩავიდა პლატფორმაზე და მიიმალა“.

შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტა“ იძულებული გახდა, 28 მარტს შეეწყვიტა მუშაობა რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მანამდე  მარეგულირებელი ორგანოსგან – „როსკომნადზორისგან“ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო.

ხუთშაბათს, 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, „ნოვაია გაზეტა. ევროპას“ გამოცემა დაიწყეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close