რატომ შეგვეყარა „თვითკოლონიზაციის“ სინდრომი? – მოსაზრებები უკრაინის ბრალდებაზე კონტრაბანდულ არხებთან დაკავშირებით
არამეგობრული შტურმი მეგობრული ქვეყნიდან
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები მოცემული არ არის.
ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან ამ ბრალდების მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.
საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოს მოსთხოვა მტკიცებულება, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
ანუ რა გამოდი: ბრალდება წაგვიყენეს, ფაქტები და მტკიცებულებები არ გადმოგვცეს და არ გაასაჯაროვეს და ახლა ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ დამნაშავეები არ ვართ?
„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ „ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდებაზეა“.
„მესმის რომ ძალიან დიდ სტრესში ხართ, უკრაინელო მეგობრებო, და თქვენი განსჯა არ მინდა, მაგრამ წესი არის შემდეგი: ბრალდების მტკიცების ტვირთი – ბრალდებაზეა! თუ ასეთი რამ მართლაც ხდება, სანქციებში უნდა მოყვეს ივანიშვილი, მაგრამ „ამტკიცე, რომ ვცდები“ – არასწორია! გაითვალისწინეთ, რომ ჩვენც ვიბრძვით ამ სამარცხვინო რეჟიმის დასამარცხებლად და ამ ბრძოლაში გვჭირდება, მართლები ვიყოთ და თქვენთან ვიყოთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
უკრაინული მხარის ბრალდება ოფიციალურ თბილისსა და კიევს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაისმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან (უფრო სწორად, არდაწესებასთან) დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციისა“ და მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნაზე უარის შემდეგ თბილისიდან ელჩიც კი გაიწვია.
ამავე თემაზე და არა მარტო ამ თემაზე ანალიტიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა საინტერესო ბლოგი გამოაქვეყნა, სათაურით „ინტერპრეტაცია და ღირსება“.
„უკრაინის დაზვერვამ ბრალი წაუყენა საქართველოს, რომ მისი ტერიტორიიდან სანქციების გვერდის ავლით რუსეთში სხვადასხვა პროდუქტი და შეიარაღება შედის. ამ ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი და მტკიცებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ. ქართულმა მხარემ ბრალდება უარყო და მტკიცებულების გადმოცემა მოითხოვა.
ამ ფონზე ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ისე, რომ მტკიცებულებებს არც კი დაელოდა, საქართველო დაადანაშაულა. და ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავტომატურად ბრალმდებლის მხარეს დგება თითქმის ყოველთვის, როცა რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი გააკრიტიკებს საქართველოს. ხშირად ეს ბრალდებები სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციების საფუძველიც ხდება.
იქმნება წინასწარი განწყობები, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მართალი უკრაინასთან, ესტონეთთან, ან თუნდაც აშშ-სთან მიმართებაში. ის ყველა საკითხში ტოტალურად მტყუანია და მუდმივად თავის მართლების და ბოდიშის მოხდის რეჟიმში უნდა იყოს.
ამ ცნობიერებას აკადემიურ ლიტერატურაში „თვითკოლონიზაცია“ ჰქვია, – როდესაც განიცდი მუდმივ სირცხვილს საკუთარი ქვეყნის გამო და სხვა ყოველთვის მართალი გგონია.
საინტერესო ის არის, რომ ამ კამპანიას უერთდება ხალხი, რომელიც საუბრობს „კრიტიკულ აზროვნებაზე“ და გარკვეულწილად მაინც, განათლებულია.
ხშირად განწყობები, რომელსაც ტელევიზია ქმნის, უფრო მეტად განსაზღვრავს ადამიანების საქციელს, ვიდრე ფაქტები და რაციონალური აზროვნება.
ნიკა გვარამიამ ერთხელ თქვა, XXI საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერსო. თუ დავაკვირდებით ჩვენს მედიას, ვნახავთ, რომ უკვე დიდი ხანია აღარ იმართება დისკუსიები და აღარ მიდის მსჯელობა; აგორა – სადაც სხვადასხვა პოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება და არგუმენტირებული მსჯელობა იქნება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.
ეს ქმნის ტოტალურად განსხვავებული „რეალობის სურათს“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ ერთმანეთთან დიალოგი, იმიტომ, რომ კვეთა ამ „რეალობის სურათების” შორის აღარ არსებობს.
ენაც კი, რომელიც რეალობას აღწერს, განსხვავებულია. ფაქტებთან ურთიერთობა ხდება არა პირდაპირ, არამედ სატელევიზიო-პროპაგანდისტული ინტერპრეტაციების მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ცნობიერება, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო ნაკადებიდან იღებს ინტერპრეტირებულ განწყობებს. ეს განწყობები მას ეუბნება, რომ საქართველო, – რუსეთის გარდა, ყველა სახელმწიფოსთან დამნაშავეა და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება სწორია.
ეს ცნობიერება, ერთი მხრივ, გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას ემსახურება და, მეორე მხრივ, თავად ქმნის საკმაოდ საშიშ ტენდენციებს საზოგადოებაში, რომელსაც უკვე აღარ ესმის – რა არის მისი ქვეყნის ღირსება, პრესტიჟი და ინტერესები“, – წერს ანალიტიკოსი.
კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას“ ცდილობენ.
რა თქმა უნდა, საქართველო უკრაინელ ხალხის გვერდით უნდა იდგეს ბოლომდე, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს გაუგებრობები დროებითია, ხოლო ჩვენი ხალხების ისტორიული მეგობრული ურთიერთობა – მარადიული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები