„ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“ – რატომ ემუქრება რუსეთი საბერძნეთს
6 აპრილს საბერძნეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გააძევოს 12 რუსი დიპლომატი. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
„საბერძნეთის ხელისუფლებამ საბერძნეთში აკრედიტებული, რუსეთის საელჩოს და საკონსულო წარმომადგენლობების 12 თანამშრომელი გამოაცხადა პირებად, რომლებიც ნდობას არ იწვევენ (პერსონა ნონ გრატა)“, – წერია განცხადებაში.
თავისი გადაწყვეტილება საბერძნეთმა ახსნა ვენის 1961 წლის კონვენციის დებულებებით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და ვენის 1963 წლის კონვენციის დებულებებით საკონსულო საქმეების შესახებ. ბერძნულმა მხარემ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ რუსეთის ელჩს 6 აპრილს აცნობა.
რუსეთის საელჩო საბერძნეთის ამ გადაწყვეტილებას თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი გაუმართლებელი კონფრონტაციული ნაბიჯი მიმართულია საბერძნეთ-რუსეთის „ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსის შემდგომი განადგურებისკენ“.
მათივე თქმით, ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და მას სათანადო შედეგები მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10-ობით რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ამერიკამ და ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩრდ. მაკედონიამ, ბელგიამ, დანიამ, სლოვაკეთმა… დღეს ამ გრძელ სიას ნორვეგია, ლუქსემბურგი, სლოვენია და საბერძნეთიც შეუერთდნენ.
ომამდე საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე ლოიალურად განწყობილი იყო რუსეთისა და პუტინის მიმართ და ეტყობა, რუსებს მათგან განსაკუთრებით მოხვდათ გულზე მიცოტაკისის მთავრობის გადაწყვეტილება. მალე ვნახავთ, რა საპასუხო ქმედებები მოჰყვება რუსეთისგან საბერძნეთის მიერ დიპლომატების გაძევებას.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები