ომის 34-ე დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა თითქმის 2-კვირიანი პაუზის შემდეგ 29 მარტს მოლაპარაკებები სტამბოლში განაახლეს, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და მასპინძლობით. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს შეხვდა და მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირველი შედეგი გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით საომარი მოქმედებების „კარდინალური შემცირების შესახებ“.
რა საკითხებზე შეძლეს მხარეებმა შეთანხმება და რაზე ვერა
უკრაინის დელეგაციის წევრმა ალექსანდრ ჩალიმ განაცხადა, რომ მშვიდობის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, რომელზეც მოქალაქეები შეძლებენ მხარი დაუჭირონ ან უარი თქვან შეთანხმების წარმოდგენილ ვარიანტზე.
შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ამის შემდეგ კი შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს უკრაინის პარლამენტმა, მის კვალდაკვალ – გარანტორი ქვეყნების პარლამენტებმა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ უკრაინის მხარეს შესთავაზა ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე პარაფირების პარალელურად.
ეს სიახლეა, რადგან აქამდე რუსული მხარე არ იღებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ.
სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმის და დონბასის საკითხებზე ცალკე იმსჯელებენ.
უკრაინის მხარემ რუსეთს ასეთი სქემა შესთავაზა:
- ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მხარეები უარს ამბობენ ამ საკითხის შეიარაღებული გზით გადაწყვეტაზე.
- [ლუჰანსკის და დონეცკის] ე. წ. „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ კონტროლირებადი რაიონების სტატუსისა და ბედის საკითხი ცალკე პუნქტად იქნება გატანილი, მის შესახებ ორი ქვეყნის [უკრაინის და რუსეთის] პრეზიდენტები პირადი შეხვედრის დროს იმსჯელებენ.
- უკრაინა მზადაა დათანხმდეს ბლოკის [გაერთიანება] გარეშე, არაბირთვული ქვეყნის სტატუსს რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების მკაფიო და ძლიერი გარანტიების მიღების შემთხვევაში. ეს განმტკიცებული უნდა იყოს დოკუმენტურად.
- წინა პუნქტი (თუ მის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ), ფაქტობრივად, ითვალისწინებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზები და სამხედრო კონტინგენტები.
- უკრაინა ვალდებულებას იღებს, არ შევიდეს არანაირ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. უკრაინის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამხედრო სწავლებები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში.
უკრაინამ რუსეთს გადასცა წინადადებები საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ომის დასრულების შესაძლებლობას იძლევა. მათი მოსაზრებით, ეს უნდა იყოს საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს ხელს.
ასეთ გარანტორ ქვეყნებად უკრაინა ხედავს დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშ-ს, თურქეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა თავისი მზადყოფნა უკვე დაადასტურა.
უკრაინის შეხედულებით, შეთანხმებაში, აგრეთვე, გაწერილი უნდა იყოს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედებათა ქმედითი მექანიზმი. არსებითად, ეს შეიძლება იყოს ნატოს წესდების მე-5 მუხლის („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“) მსგავსი.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც მონაწილეობდა. იგი თურქული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. როგორც ცნობილია, აბრამოვიჩი ომის დაწყებისთანავე გამოვიდა შუამავლის როლში და მოსკოვსა და კიევს შორის მიდი-მოდიოდა. რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ისიც კი სთხოვა, რომ აბრამოვიჩისთვის სანქციები მოეხსნათ, რადგან იგი მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული და მხარეებს საერთო ენის გამონახვაში ეხმარებოდა. მილიარდერის როლი მოლაპარაკებებში გაურკვეველია, თუმცა მისმა წარმომადგენელმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩის გავლენა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე შეზღუდულია.
28 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩს და მოლაპარაკებების კიდევ 2 უკრაინელ მონაწილეს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სინდრომი გამოუვლინდათ.
თურქეთში შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ყველას ურჩია, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე მიდის, არაფერი შეჭამონ და დალიონ, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ზედაპირების შეხებას.
პუტინის კრიტიკოსი რუსი ექსპერტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ რადგან რუსეთმა უკრაინაში დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და მიხვდა, რომ კიევის აღება მის ძალებს აღემატება, იტყვიან, რომ კიევის აღება მათ გეგმაში არ შედიოდა, ძალების კონცენტრირებას მოახდენენ დონბასში და „გამარჯვებულის“ მანტიას მოისხამენ რუსული საზოგადოების თვალში.
აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს, 29 მარტს რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება.
ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში თითქოს პროგრესია მიღწეული, მაგრამ რუსეთის ნდობა არ შეიძლება (ეს საქართველოზე კარგად ვინ იცის?) და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ეს ვითომ „დათმობა“ და კომპრომისზე წასვლა შესაძლოა მანევრი იყოს, ამიტომ სიფხიზლის მოდუნება დაუშვებელია.
რუსების განცხადებებს უნდობლად უყურებენ უკრაინა და მისი მოკავშირეებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მიინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნეს, რომ რუსეთის სიტყვები და საქმეები – ეს, არსებითად, ორი სხვადასხვა რამეა, ამიტომ ისინი საქმეების მიხედვით იმსჯელებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში არ არის და არ იქნება არცერთი კომპრომისი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ნდობის საფუძველს ვერ ხედავს . „ჩვენი ერთადერთი გარანტი – უკრაინის შეიარაღებული ძალებია“, – თქვა ზელენსკიმ
ამავე დროს, იგი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებებისათვის განწყობილია და გააგრძელებს ამ პროცესს საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
რამდენიმე საათის წინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა მიიღო ის ფაქტი, რომ ვერ შეძლო კიევის ალყის განხორციელება და „ახლა ეცდება, აღმოსავლეთიდან შევიდეს“. „დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი ძალებს და საშუალებებს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ უკრაინისკენ გადაისვრის – ფრონტის დონეცკისა და ლუჰანსკის მონაკვეთებზე“, – წერია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 29 March 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/MGJpGUFJ8K
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/S5n4g27Sxe
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 29, 2022
სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს რუსეთი აგრძელებდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სამიზნეზე სარაკეტო დარტყმებს.
დილით დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციაზე. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 33 კი დაიჭრა.
ამას გარდა, რუსული რაკეტები ესროლეს საწვავის ბაზებს სხვადასხვა ადგილას.
მარიუპოლის ალყა გრძელდება, მაკრონის სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემის გადაწყვეტის შესახებ ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში საომარი მოქმედებებიდან დღემდე 5000-ზე მეტი მშვიდონიანი მცხოვრები დაიღუპა.
გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველომ 29 მარტს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ომის 33 დღის განმავლობაში უკრაინა 3,9 მლ-მა ადამიანმა დატოვა. მათგან 2,3 მლნ პოლონეთში გადავიდა, თუმცა ნაწილმა პოლონეთიდან სხვა ევროპული ქვეყნებისკენ გააგრძელა გზა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები