გერმანიის მთავრობაში ქვეყნის ტერიტორიის თავზე მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო „ფარის“ შექმნაზე მსჯელობენ, ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კანცლერ ოლაფ შოლცის ბოლო შეხვედრაზე ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) გენერალურ ინსპექტორთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან 100 მლრდ ევროს პაკეტის ფარგლებში ბუნდესვერის შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სრულყოფას, მათ შორის, Arrow 3 სისტემებით.
ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, Super Greene Pine -ის სარაკეტო სარადარო სისტემები განთავსდება ქვეყნის ტერიტორიის 3 ადგილას, მათი მონაცემები ცენტრალურ სამეთაურო პუნქტს გადაეცემა Edem-ში (ქვემო რაინი). თუ რადარი რაკეტის გაშვებას აღმოაჩენს, მას Arrow 3-ის ერთ-ერთი სისტემიდან გაშვებული რაკეტა დაიჭერს მაღალ სიმაღლეზე და იქვე ანადგურებს.
რადარები ისეთი სიმძლავრისაა, რომ მათ გერმანიიდან შეუძლიათ, აგრეთვე, „დაფარონ“ პოლონეთის, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიები, მაგრამ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე განთავსებული უნდა იყოს მათი საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რათა გერმანული რადარების განგაშის შემდეგ მათ რაკეტა სივრცეში გაანადგურონ. შესაბამისად, მათაც უნდა შეიძინონ Arrow 3 და განათავსონ თავიანთ ტერიტორიაზე.
გერმანული „რკინის ფარი“ შესაძლოა 2025 წლისთვის შევიდეს ექსპლუატაციაში. მისი ღირებულება 2 მლრდ ევროა.
ამჟამად საკითხი ჯერ ისევ განხილვის ფაზაშია. „რუსული საფრთხისგან უკეთესი დაცვა გვჭირდება. ამისთვის საჭიროა რაკეტსაწინააღმდეგო „ფარი“, რომელიც გერმანიის მთელ ტერიტორიას დაფარავს. ისრაელის სისტემები Arrow 3 – კარგი გადაწყვეტაა, შეგვიძლია ჩვენი „ფარით“ მეზობლებიც დავფაროთ და, ამრიგად, ევროპული უსაფრთხოებისთვის საკვანძო როლი შევასრულოთ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ბილდთან“ ბუნდესტაგის დეპუტატმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საბიუჯეტო კომისიის წევრმა ანდრეას შვარცმა.
„ბილდის“ ცნობით, კალინინგრადიდან გაშვებული რუსული რაკეტა „ისკანდერი“ მაღალ სიმაღლეზე გაფრენის შემდეგ 5 წუთში ბერლინს დაეცემა. სამხედროები მთავრობას აფრთხილებენ, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გერმანია ყველა მნიშვნელოვანი რუსული სარაკეტო კომპლექსის მოქმედების ზონაშია და ამის საწინააღმდეგო ფარი აქამდე არ არსებობს, გერმანია დაუცველია ასეთი სასიკვდილო საფრთხისგან. გერმანული „რკინის თაღი“ ამ დაცვას უზრუნველყოფს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები