მსოფლიოnews

აშშ: სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი მუდმივ ზაფხულის დროზე გადასვლის შესახებ

კანონი შესაძლოა ამოქმედდეს არაუადრეს 2023 წლის ნოემბრისა

აშშ-ის კონგრესის სენატმა  სამშაბათს, 15 მარტს დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუდმივი ზაფხულის დროის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი

კანონპროექტი სენატორებმა ერთხმად მიიღეს. როგორც სენატორმა მარკო რუბიომ (რესპუბლიკელი, ფლორიდის შტატიდან) განაცხადა, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნის, მითითებული ცვლილებები შეიძლება ძალაში შევიდეს არაუადრეს 2023 წლის ნოემბრისა. მან ეს იმით ახსნა, რომ აშშ-ის ავია- და სამაუწყებლო კომპანიებს დიდი დრო დასჭირდებათ, რათა ახალი გრაფიკი შეიმუშაონ მუდმივ ზაფხულის დროზე გადასვლის შესაბამისად.

მარკო რუბიომ კანონპროექტი 4 წლის წინ წარმოადგინა. იგი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ზაფხულის დრო უნდა იყოს მუდმივი და არ შეიცვალოს. წერტილი უნდა დაესვას „ამ სისულელეს…  ზაფხულის დროის გამორთვა და ჩართვა მოძველდა და მხოლოდ გაღიზიანებას და დაბნეულობას იწვევს“, – აცხადებს სენატორი.

სენატის „ბარიერი“ უკვე გადალახულია – ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს და დამტკიცების შემთხვევაში მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც ის კანონის ძალას შეიძენს.

ზაფხულის დრო პირველად აშშ-ში 1918 წელს შემოიღეს პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის განკარგულებით, თუმცა ერთი წლის შემდეგ კანონმდებლები ზაფხულის დროზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მხოლოდ 1966 წელს მიიღეს აშშ-ში კანონი ზაფხულის დროსთან დაკავშირებით და მას შემდეგ წელიწადში ორჯერ, 6 თვეში ერთხელ საათის ისრების გადაწევა ხდება ზაფხულის და ზამთრის დროის შესაბამისად. ახლა კი ეს პრაქტიკა შესაძლოა დასრულდეს და შტატები მთლიანად მუდმივ ზაფხულის დროზე გადავიდეს.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close