ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც ცოდავს ქვეყნის წინაშე! – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
პარლამენტში დასრულდა სხდომა, რომელზეც ყოველწლიური ანგარიშით წარდგა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოხსენების დაწყებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს ომის გამო დაღუპული უკრაინელების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შექმნილ უმწვავეს ვითარებაში და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გააკრიტიკა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია მათ მიერ ამ მძიმე დროში არჩეული პოლიტიკისა და ქვეყნის დამაზიანებელი ქმედებების გამო.
„ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია!“
საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც ცოდავს და ცოდავს ქვეყნის წინაშე!“ – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას კონკრეტულ არასწორ ქმედებებზე მიუთითა:
„ხელისუფლება თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია თანხმობის ძიების მაგივრად ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ დამაზიანებელია და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.
ხელისუფლება ცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
ხელისუფლება ცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.
ხელისუფლება ცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!”
პრეზიდენტმა ოპოზიციაც მკაცრად გააკრიტიკა:
„ოპოზიცია ცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
ოპოზიცია ცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და, პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს სირცხვილია!
ოპოზიცია ცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ, ელევა“.
შემიძლია რიგ საკითხებში დავეთანხმო კიდეც ხელისუფლებას და ოპოზიციას, „ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და უკრაინასთან მიმართებით. მისივე თქმით, მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას და რეზოლუციას, რომელიც პარლამენტში მუშავდება და მოუწოდა ყველას, რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული.
„მინდა, მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებულ იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და, მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე, რომ არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის.
მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით“.
სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან შეირჩეს:
„გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება“.
პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ილაპარაკა უშიშროების საბჭოს შეკრების აუცილებლობაზე:
მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი.
მან ასევე სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დააბრუნოს საქართველოში უკრაინის ელჩი.
„ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას 9 აპრილს საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს თემა დახურულია:
„მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მოუწოდა ყველას, „ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე“.
„დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა, უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს, საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა, ლვოვში მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.
მინდა, გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა, იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალი კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას. დიდება გმირებს. გაუმარჯოს საქართველოს“, – ასე დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა პარლამენტში.
კომენტარები