რუსეთში არტისტებს ეთერთან წვდომა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ შეეზღუდათ. ამას მაუწყებლის წარმომადგენლები მაყურებლისადმი პატივისცემით ხსნიან.
მუსიკალურმა არხმა RU.TV გადაწყვიტა, შეწყვიტოს თანამშრომლობა ვერა ბრეჟნევასთან, ვალერი მელაძესთან და სხვა უკრაინელ მუსიკოსებთან. მაყურებელი ეთერში ვეღარ იხილავს ივან დორნს, მაქს ბარსკის, პოტაპს და ნასტია კამენსკის, ასევე, სვეტლანა ლობოდას. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება რუსულ ჯგუფ Aquarium-ს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, არხის წარმომადგენლების თქმით, იყო „მუსიკოსების მკაცრი განცხადებები რუსეთისა და სცენაზე კოლეგების წინააღმდეგ“.
„RU.TV წინა პლანზე აყენებს მსმენელთა პატივისცემას. მუსიკოსების ქედმაღალი, ზიზღისმომგვრელი დამოკიდებულება რუსი მსმენელების მიმართ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას სხვა გზას არ ტოვებდა, გადაწყდა ზემოხსენებულ მუსიკოსებთან არსებული კონტრაქტების შეწყვეტა“, – ნათქვამია RU.TV-ის Instagram-ის გვერდზე.
RU.TV მიიჩნევს, რომ არტისტების მკაცრი პოზიცია შესაძლოა გამოწვეული იყოს არა პირადი პოზიციით, არამედ უკრაინული მხარის ზეწოლით მუსიკოსებზე და მათ ახლობლებზე. ამასთან დაკავშირებით, მაუწყებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალში, ყველა გარემოების დაზუსტების შემდეგ, თეორიულად შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
ipress.ge
კომენტარები