მედიცინაჯანმრთელობა

გარკვეულ პოზიციაში ძილი ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს – კვლევა

სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის (Stony Brook University/SBU, ნიუ-იორკი, აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გვერდზე პოზიციაში ძილი ყველაზე უკეთ უწყობს ხელს ტვინიდან იმ ცილოვანი „ნარჩენების“ გამოდევნას, რომელთა დაგროვება ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას იწვევს. 

ალცჰაიმერის დაავადება დემენციის (ასაკობრივი ჭკუასუსტობა) ყველაზე გავრცელებული ფორმაა – პათოლოგია, რომელიც კოგნიტიური ფუნქციების გაქრობას, მეხსიერების დაკარგვას, სოციალური ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის უნარის დაკარგვას უკავშირდება. დაავადების განმაპირობებელი  ფიზიოლოგიური ნიშანია თავის ტვინში ბეტა ამილოიდური ცილების დაგროვება, რაც „ბალთების“ („ფოლაქები“) წარმოქმნას იწვევს, თავის ტვინში მათ ზრდას კი მოსდევს ნეირონების დაზიანება და ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების რღვევა – საბოლოო ჯამში ამას თავის ტვინის ქსოვილის ატროფიასთან მივყავართ.

მეცნიერები დიდი ხანია ამბობენ, რომ ტვინში ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ძილის დროს თავ-ზურგტვინის სითხე ტვინის „რეცხვას“ იწყებს და ხელს უწყობს მისგან იმ ცილოვანი კომპონენტების გამოდევნას, რომლებსაც „ბალთებად“ („ფოლაქები“) გაერთიანების უნარი აქვთ.

სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ტვინის გაჯანსაღებას განაპირობებს არა მარტო ძილის საკმარისი ხანგრძლივობა, არამედ პოზაც, რომელშიც ადამიანს სძინავს. მათი აზრით, უმჯობესია გვერდზე პოზიციაში გვეძინოს.

„გვერდზე ძილი ყველაზე სასარგებლოა ტვინისთვის – სხეულის ასეთი მდებარეობა ტვინს ეხმარება, უფრო სწრაფად გაიწმინდოს, ვიდრე სხვა პოზებში“.

ისინი განმარტავენ, რომ გვერდზე პოზაში ძილის შედეგად მცირდება ნევროლოგიური დაავადებების განვითარების რისკი, პარკინსონისა და ალცჰაიმერის ჩათვლით.

აგრეთვე, მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ადამიანის თვალების ჯანმრთელობისა და მხედველობის მარტივი შემოწმებით შესაძლებელია ალცჰაიმერის დაავადების ყველაზე ადრეული სტადიების გამოვლენა უკვე 45 წლის ასაკში, როდესაც ამ დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. ეს კი სპეციალისტებს დაავადების განვითარების შენელების შესაძლებლობას მისცემს.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: თვალის მარტივი კვლევით ალცჰაიმერის დაავადების რისკის დადგენა უკვე საშუალო ასაკში შეიძლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close