ქართველმა ექიმმა კორონავირუსის წამალი გამოიგონა – შედეგები საოცარია
პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხალოვის“ საავადმყოფოში და საჩხერის კლინიკაში
ქართველმა ექიმმა, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა სამედიცინო ონკოლოგიისა და კლინიკური გენეტიკის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიგონა – მას უკვე იყენებენ კოვიდინფიცირებულებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში.
ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი წერს
პრეპარატს „სულაჟერი“ ეწოდება. ის კოვიდსაწინააღმდეგო ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატია. ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პრეპარატი შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში, თუმცა აფთიაქებში ჯერჯერობით არ იყიდება.
პრეპარატის კლინიკური ცდები ტარდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხალოვის“ საავადმყოფოში და საჩხერის კლინიკაში. ამ დროისთვის „მიხაილოვის“ კლინიკაში „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად – 21, წერს ზაზა ლურსმანაშვილი.
პრეპარატი ენიშნებათ 18 წელს ზემოთ პაციენტებს 90%-ზე ნაკლები სატურაციით, ასევე პრეპარატი ინიშნება, თუ კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდ დღეზე მეტი არ გასულა.
ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გამონაკლისი დაუშვეს სამი მძიმე პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. ისინი „სულაჟერით“ მკურნალობაში ინფექციის პირველი სიმპტომებიდან 12–14 დღის შემდეგ ჩართეს.
„თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წ. არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მითუმეტეს სიკვდილი“, – აღნიშნა ექიმმა.
მან განსაკუთრებულად გამოყო სამი პაციენტის შემთხვევა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პირველი შემთხვევა იყო 210 კილოგრამი წონის 57 წლის მამაკაცი შაქრიანი დიაბეტით, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰიპერტენზია, პაციენტი ბევრ თამბაქოს მოიხმარდა და სვამდა სპირტიან სასმელებს.
ის კლინიკაში მოხვდა 82% სატურაციით, მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა და სატურაცია 50%–ზე ჩამოვიდა. „სულაჟერი“ მას სიმპტომების გამოვლენიდან მე–14 დღეს მისცეს. ახალი პრეპარატის მიღებიდან მეათე დღეს სატურაცია 92%–ზე ავიდა, ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან მალე გაწერეს.
დანარჩენი ორი პაციენტის შემთხვევაშიც სატურაცია დაბალი იყო. მათი ასაკია 73 და 34 წელი.
ორივეს მდგომარეობა მძიმე იყო. 34 წლის ქალის ინტუბირება გახდა საჭირო. რეანიმაციაში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს „სულაჟერი“ მისცეს და ახალი პრეპარატით მკურნალობიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ „სულაჟერმა“, კარგად არ ვიცი“, – წერს ლურსმანაშვილი.
უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ქართულ პრეპარატზე, მის შემადგენლობასა და დოზებზე შესაძლებელია ვეგვერდზე www.soulageur.com.
sputnik-georgia.com
კომენტარები