„დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაციის საინტერესო დეტალები (ვიდეო)
„ერთ გმირზე ვერ ვთქვი, რომ ისეთი არ არის, როგორიც მე მქონდა ჩაფიქრებული“, - ამბობდა ჭაბუა ამირეჯიბი
„მე დათა მიყვარს, სხვანაირად არ შემიძლია. ჩვენ, მსახიობები, სხვისი სიტყვებით, სხვისი მეშვეობით ვახერხებთ ჩვენი სათქმელის თქმას. მე, როგორც ქართველმა კაცმა, ჩემი სატკივარი, ჩემი სათქმელი დათა თუთაშხიას მეოხებით ვიპოვე და გამოვთქვი“. ოთარ მეღვინეთუხუცესი
ერთ დღეს გიგა ლორთქიფანიძეს მეგობარმა, რეჟისორმა თამაზ მელიავამ უთხრა, „ცისკარში“ გასაგიჟებელი რომანი იბეჭდებაო. აბა, წაუკითხავს როგორ დატოვებდა?! მით უმეტეს, რომ მაშინ „ცისკარი“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რომელშიც ისეთი ნაწარმოებები იბეჭდებოდა, სხვაგან რომ ვერ ნახავდით.
შთაბეჭდილება საოცრად დიდი იყო, ისეთი, რეჟისორს რომ აფიქრებინა: ეს რომ არ დავდგა, მოვკვდებიო, თუმცა სცენაზე მისი განხორციელება ვერაფრით წარმოიდგინა. ერთ საღამოში, უფრო სწორად, რამდენიმე საათში ვერანაირად ჩაატევდა „დათა თუთაშხიას“ მთელ სიღრმესა და ფილოსოფიას. თავისი სურვილის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფილმის გადაღებაზე კინოსტუდიაშიც ფიქრობდნენ და შეიძლება ითქვას, საოცარი დამთხვევა მოხდა, როცა კინოსტუდიის დირექტორმა რეზო ჩხეიძემ და კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ აკაკი დვალიშვილმა გიგა ლორთქიფანიძეს მრავალსერიანი ფილმის – „ დათა თუთაშხიას“ გადაღება შესთავაზეს. „დათა თუთაშხიას“ გადაღების სურვილი თენგიზ აბულაძესა და გიორგი შენგელაიასაც ჰქონიათ, მაგრამ საუბარი ყოფილა ჩვეულებრივ, ერთსერიან დიდ ფილმზე, რაზეც ავტორს – ჭაბუა ამირეჯიბს სასტიკი უარი განუცხადებია. მრავალსერიანი ფილმის გადაღების იდეით კი კინოსტუდიაში არავინ დაინტერესებულა, მით უმეტეს, რომ ქართულ კინოს ამის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა (მრავალსერიანი ფილმები მაშინ უცხოეთშიც კი იშვიათობას წარმოადგენდა). რომ არა ეს გარემოება, ალბათ „დათა თუთაშხიას“ გადაღებას თეატრი რეჟისორს არავინ შესთავაზებდა…
აი, რა მომიყვა ბატონმა გიგამ, როდესაც წლების წინათ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფილმის გადაღებებზე საუბარი ვთხოვე:
„ფილმზე მუშაობა თავიდან ბოლომდე, სცენარის დაწერიდან გახმოვანების ჩათვლით, ორ წელიწად-ნახევარს მიმდინარეობდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან მცირე დროა ასეთი მოცულობის ფილმისთვის – თითქოს ერთი ამოსუნთქვით გადავიღეთ ყველაფერი. კინოში მიღებულია, რომ მსახიობები ამა თუ იმ როლზე სინჯებში მონაწილეობენ. მე კი არცერთი მსახიობის ფოტოსინჯიც კი არ ჩამიტარებია, რადგან თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომელ მსახიობს რა როლი უნდა შეესრულებინა. მოკლედ, მუშაობის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ ოთარის გარეშე ამ ფილმს არ გადავიღებდი – დათას როლი აუცილებლად მას უნდა ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ არჩეულ კანდიდატურას ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, აზრი ვერ შემაცვლევინეს. სამხატვრო საბჭოზე რამდენჯერმე არც კი დამიმტკიცეს, რადგან თვლიდნენ, რომ წლოვანების მხრივ ოთარისთვის ცოტა დაგვიანებული იყო ამ როლის თამაში და სხვა კანდიდატურებზე საუბრობდნენ.
ერთ-ერთი მათგანი თენგიზ არჩვაძე იყო. ისიც კი თქვეს, ხომ არ ჯობს, დათას როლი თენგიზმა შეასრულოს, მუშნი კი ოთარი იყოსო. ძალიან აქტიურად საუბრობდნენ გურამ ფირცხალავაზეც… ვთქვი, გურამი აუცილებლად ითამაშებს ამ ფილმში, მაგრამ არა დათას როლს-მეთქი და ითამაშა კიდეც – შესანიშნავად შეასრულა რაჟა სარჩიმელიას როლი.
დიდი კამათი გამოიწვია თენგიზ არჩვაძის კანდიდატურამ მუშნი ზარანდიას როლზე. რატომ უნდა ითამაშოს ასეთმა კარგმა პიროვნებამ და შესანიშნავმა მსახიობმა უარყოფითი პერსონაჟიო, ამბობდნენ. არადა, ჩვეულებრივი, ტრივიალური გაგებით, მუშნი არ არის უარყოფითი პერსონაჟი, ის სხვა რწმენის კაცია, ვაჟკაცი პიროვნება და დათასთან დაპირისპირება სწორედ მაშინ იქნებოდა საინტერესო, თუ მის როლს ლამაზი და მომხიბვლელი მსახიობი შეასრულებდა. ვფიქრობ, გამიმართლა: შესანიშნავი წყვილი გამოვიდა – ღირსეული მეტოქეები და პიროვნებები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „დათა თუთაშახიაში“ ასამდე როლია. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და დღემდე აღნიშნავენ, რომ ასევე „ათიანშია მორტყმული“. ბატონი ჭაბუა ამბობდა: „ერთ გმირზე ვერ ვთქვი, რომ ისეთი არ არის, როგორიც მე მქონდა ჩაფიქრებული“.
„ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!..“
მკითხველს ალბათ დააინტერესებს, თავად ჭაბუა ამირეჯიბს ხომ არ შეუთავაზებია ვინმეს კანდიდატურა რეჟისორებისთვის („დათა თუთაშხიას“ რეჟისორი, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად გიზო გაბესკირიაა)? როგორც ბატონმა გიგამ გვითხრა, „იგი ამაში არ ჩარეულა, თუმცა თავიდან ეჭვი ეპარებოდა როლების განაწილებაში. ეჭვი ეპარებოდათ ჩემს გამოცდილებაშიც და კინოსტუდიაში ორჭოფულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი დალაგდა. მახსოვს, გადაღების დროს რამდენჯერმე კონფლიქტიც კი მომივიდა ჭაბუასთან, რადგან რაღაც-რაღაცებში არ მეთანხმებოდა. ფილმი რომ გამოვიდა, პირველად მაშინ აღიარა, რომ სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი კადრი ნახა. ეს იყო დათას და მუშნის შეხვედრის სცენა სადგურის რესტორანში. ჭაბუა თურმე ჩუმად შემოსულა საპროექციოში, სადაც ჩვენ გადაღებულ მასალას ვუყურებდით და იქვე დამჯდარა. მე მისი შემოსვლა არ გამიგია, ყურადღება მხოლოდ მაშინ მივაქციე, როცა ხმამაღლა დაიძახა: „ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!..“ მერე გავიგეთ, რომ სიხარულისგან ქვითინებდა, რადგან დაინახა, როგორ ცოცხლდებოდნენ მისი გმირები…
სადგურის რესტორანში შეხვედრის სცენა რომანში არ არის, ფილმში ამ ეპიზოდის ჩასმა რამ განაპირობა?
ეს სრული იმპროვიზაცია იყო. რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ სანამ დათა და მუშნი დედ-მამის ოჯახში შეხვდებოდნენ, მანამდე შორიდან მაინც უნდა დაენახათ ერთმანეთი, ამიტომ მოვიგონეთ ეს სცენა. მგონი, საინტერესო გამოვიდა…
წერილები ძია დათას
„ფილმმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. მაშინ ტელეფილმების პირდაპირი მეპატრონე მოსკოვის ცენტრალური ტელევიზია იყო, მათი დაკვეთითა და ფულით კეთდებოდა ყველაფერი. სანამ ფილმს გავახმოვანებდით, გადაღებული მასალა მათთვის უნდა გვეჩვენებინა და, რასაც ისინი გვეტყოდნენ, ჩვენც ისე უნდა მოვქცეულიყავით. ერთხელ ვსხედვართ მე, ჭაბუა და ტელევიზიის ხელმძღვანელობა და ვუყურებთ ფილმს. მე თან რუსულად ვთარგმნი, მაგრამ ისე, რომ ჩემს ნათარგმნს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ ტექსტთან, რომელსაც მსახიობები სინამდვილეში ლაპარაკობდნენ. გაგიჟდა ჭაბუა, რას შვრები კაცო, რაებს თარგმნიო, მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავი, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ ზოგიერთ ეპიზოდს.
ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული აღშფოთება სეთურის სერიამ გამოიწვია, რადგან იგრძნეს, რომ ეს იყო კომუნისტური წყობის ერთგვარი მოდელი. ფილმში იყო ასეთი სცენა: დათას და მის ამხანაგს – ზამთარაძეს თავს მხეცებივით ბავშვები ესხმიან. მახსოვს, ჩვენმა კურატორმა თქვა, ასეთი ორგანიზებული ბავშვები მხოლოდ საბჭოთა კავშირში არიანო და კატეგორიულად მოგვთხოვა ამ ეპიზოდის ამოღება. მერედა, რატომ გყავთ ასეთი ორგანიზებული ბავშვები-მეთქი, კი ვუთხარი, მაგრამ იძულებული ვიყავით, რომ მათი მოთხოვნა შეგვესრულებინა – რაღაც მაინც უნდა დაგვეთმო. სხვათა შორის, როცა უკვე გადაღებულ ფილმს მოსკოვში უჩვენებდნენ, სეთურის სერიის შემდეგ ფილმის ჩვენება უცებ შეწყვიტეს და ორ-სამ დღეს არ ვიცოდით, რა ხდებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ ცენტრალური კომიტეტიდან დაურეკავთ და სურათი მოუთხოვიათ. სეთურის ეპიზოდს ძალიან შეუწუხებია ჩვენი იდეური მამები, მაგრამ ფილმის მთლიანად ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება ისეთი დიდი ყოფილა, რომ გააგრძელეთ ჩვენებაო, უთქვამთ.
საერთოდ, ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, რისი დადასტურებაც იყო უმაღლესი შეფასება – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია და, რაც მთავარია, ყველა ეროვნების მაყურებლის უდიდესი სიყვარული. კინოსტუდიაში აუარებელი წერილი მოგვდიოდა და ფილმის გაგრძელებას გვთხოვდნენ. რუსები გვწერდნენ, ჩვენ ხომ არ გვინახავს გმირის დაღუპვა, იქნებ მეთევზეებმა იპოვეს და გადაარჩინესო. დათა თუთაშხიას ელგუჯას ბედი ელოდა – ელგუჯა ხომ ასე გააგრძელებინა ხალხმა ყაზბეგს. მაგრამ „დათა თუთაშხიას“ ვერ გავაგრძელებდით, რადგან ეს უკვე დასრულებული ნაწარმოები იყო, ამიტომ… მახსოვს, ერთი გასაოცარი წერილი მოვიდა რუსეთიდან, კერძოდ, კემეროვოდან. ვიღაც პატარა გოგონა ოთარს სწერდა, ხუთი და-ძმა ვართ, მამა ადრე გარდაგვეცვალა, დედა კი გათხოვდა და ჩვენ უპატრონოდ მიგვატოვა, ახლა უპატრონო ბავშვთა სახლში საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. ჩემს უმცროს დას ტუბერკულოზი დაეწყო, თქვენ, ძია დათა, ასეთი ძლიერი და ასეთი ჭკვიანი პიროვნება ხართ, იქნებ იპოვოთ დედა და აუხსნათ, რომ ბავშვების მიმართ ასე მოქცევა არ შეიძლებაო. პატარა გოგონამ წარმოიდგინა, რომ სადღაც კავკასიის მთებში დადის ჩოხასა და ნაბადში გამოწყობილი კაცი, რომელიც სიმართლისათვის იბრძვის და იქნებ მან მიშველოსო, იფიქრა. სწორედ მაშინ ვუთხარი ოთარს: ასეთი „რეცენზია“ ჯერ არავისზე დაწერილა, ამაზე მაღალი შეფასება არ არსებობს-მეთქი. ასეც არის. ოთარს შემდეგ მიწერ-მოწერა ჰქონდა ამ ბავშვთან, ამანათებიც კი გაუგზავნა, მაგრამ მერე რატომღაც დაიკარგა ეს გოგონა. ერთი ქალი სწერდა კიდევ, ორმოცდახუთი წლის ვარ, ადრე დავქვრივდი და დიდი მადლობა, რომ ჩემთან სახლში შემოდის გასაოცარი მამაკაციო…“
გრაფი სეგედი
„ფილმის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი გრაფი სეგედის როლის შემსრულებელ იური იარვეტს მიუძღვის. იგი ესტონელი მსახიობი იყო, რომელმაც ჩვენთან ერთად მიიღო ამ ფილმში სახელმწიფო პრემია. ჩემი აზრით, საოცრად კოლორიტული და საინტერესო სახე შექმნა. მახსოვს, ტალინიდან რომ ჩამოვიყვანეთ და ტანსაცმელი ჩავაცვით, ძალიან მოუხდა. დავიწყეთ გადაღება – თენგიზ არჩვაძესთან ჰქონდა რაღაც სცენა. უცებ მოიქნია ხელი და მოსძვრა მანჟეტი. გავაჩერეთ გადაღება. ვიყვირე, ვიჩხუბე, რას შვებით, სირცხვილია-მეთქი და როგორც იქნა, დაამაგრეს მანჟეტი, მაგრამ ახლა კისერი მოატრიალა და საყელო ამოვარდა ფორმიდან. ბოლოს, როცა იგი კართან მიდის და თენგიზ არჩვაძეს ეუბნება ხვალ ათ საათზე ჩემთან მობრძანდითო, მოჰკიდა კარის სახელურს ხელი, გამოსწია და ახლა სახელური შერჩა ხელში. ფუიო, დააგდო სახელური და გაგიჟებული გავარდა გადაღებიდან, ძლივს მოვაბრუნეთ.
სიკვდილს გადარჩენილი მსახიობები
ერთი ასეთი შემთხვევაც მოხდა: ალბათ გახსოვთ, ციხიდან გამოქცეული დათა და მისი ამხანაგები ტივით რომ მოდიან. ამ ეპიზოდს მცხეთის ზემოთ ვიღებდით. თურმე იქ ერთ ადგილას წყალი კლდეში შედის და ამ კლდეში თუ შეიტანა კაცი ან ნავი, იქიდან გამოსვლას ვერაფრით შეძლებს. ჰოდა, გადაღების დროს წყალმა ტივი გაიტაცა. ტივზე იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი… ეს რაღაც საშინელება იყო. ჩვენდა ბედად, მაშველები გამოჩნდნენ და ტივი როგორღაც ამოვათრიეთ წყლიდან, თორემ იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება მომხდარიყო.
საერთოდ, უამრავი სირთულის გადატანა გვიხდებოდა. ისეთ ადგილებში გვქონდა გადაღებები, სადაც მანქანით მგზავრობა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და მძღოლი უარს გვეუბნებოდა. თუ გახსოვთ, დათა და ბუბუტეიშვილი რომ სხედან ჩანჩქერთან, ეს ეპიზოდი ბზიფის ხეობაშია გადაღებული. საოცრად ლამაზი ადგილია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მთის წვერზე გვიხდებოდა სიარული. საცოდავი ოთარ მეღვინეთუხუცესი 30-40 გრადუს სიცხეში ნაბადში, ჩოხა-ახალუხსა და ყაბალახში იწვებოდა, მაგრამ როცა მასალის გჯერა და თვლი, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებ, მაშინ ყველაფრისთვის მზად ხარ“.
რა უთხრა არძინბამ გიგა ლორთქიფანიძეს „დათა თუთაშხიაზე“
„ფილმს, ძირითადად, აფხაზეთსა და სამეგრელოში ვიღებდით, მაგრამ სეთურის ეპიზოდი კახეთში, ალავერდის ტაძრის ტერიტორიაზე გადავიღეთ, თანაც ძალიან დიდ ყინვებში. უნდა გითხრათ, რომ ტრაგიკულად განვიცდი აფხაზეთთან დაკავშირებულ მოვლენებს. არ მახსოვს გადაღება დაგვემთავრებინოს და აფხაზები არ მოსულიყვნენ და სახლში არ დავეპატიჟებინეთ. წარმოიდგინეთ, 100-120 კაცის სტუმრობა – ეზოში გრანდიოზული სუფრები გვხვდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, ეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული სიძულვილმა შეცვალა. ჩვენმა დიდმა მეზობელმა გააკეთა ეს ყველაფერი, თორემ სინამდვილეში რა გვქონდა გასაყოფი?! აფხაზების განსაკუთრებულ სიმპათიას მათთვის ახლობელი მასალა იწვევდა: ჩოხა, ცხენები, ვაჟკაცობა… ფილმი ახალი გამოსული იყო ეკრანზე, როცა აფხაზეთში საქმეებზე ჩავედი, როგორც თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე და არძინბასაც შევხვდი. ჩვენ ძალიან ნაწყენები ვართ თქვენზეო, პირველადვე ეს მითხრა. რატომ-მეთქი? ხომ გახსოვთ, ზვამბა გაძარცვის მიზნით ხიდზე კაცს რომ კლავს. სწორედ ამის შესახებ მითხრა, აფხაზი ასეთ უარყოფით გმირად რატომ გამოიყვანეთო. ფილმის გმირების სამი მეოთხედი უარყოფითია-მეთქი, ვუპასუხე. ეს ისე გითხარით, თორემ შესანიშნავი ფილმიაო, – ეშმაკი კაცი იყო. სხვათა შორის, ზვამბას როლს სოხუმის თეატრის მსახიობი ვიქტორ ნინიძე თამაშობდა და ამ ამბის შემდეგ სოხუმში ცხოვრება გაუჭირდა. რატომღაც თვლიდნენ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზ ხალხს. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, მაგრამ ასე კი იყო.
ერთ საინტერესო ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც ფილმთან პირდაპირ არაა დაკავშირებული: თავის დროზე, როდესაც რესპუბლიკის მოედანი თავისი ტრიბუნებით პარადებისთვის გააკეთეს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რასაც შეიძლებოდა მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. ამიტომ აღარ იცოდნენ, რა ექნათ. საქმე ისაა, რომ როდესაც ჯარი მოდის, სწორება მარჯვნივ უნდა იყოს, ამ დროს კი ტრიბუნა მარცხნივაა (რა თქმა უნდა, თუ რუსთაველიდან მოდიხარ), არადა, ჯარი ქიაჩელისა და პეროვსკაიას ქუჩებზე ვერ განლაგდებოდა. აქტივის კრებაც კი ჩატარდა ამის გამო, რა ვქნათო. ქვეყნის ხელმძღვანელი მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო. ვუთხარი, წინადადება მაქვს-მეთქი. რა წინადადებაო? – გაუკვირდა. მაგ საქმეს არაფერი უშველის, ასინეთას ჩესტით უნდა ჩაიარონ ჯარისკაცებმა-მეთქი…
მართლა საოცარი რაღაც მოიგონა სესილია თაყაიშვილმა. ფანტასტიკური მსახიობი იყო. წარმოიდგინეთ, შვიდსერიან ფილმში ყველა მისი სცენა რომ შეკრიბო, ხუთი-ექვსი წუთი თუ გამოვა, მაგრამ რა შთამბეჭდავი სახე შექმნა – არასოდეს რომ არ ამოვა მეხსიერებიდან. მისთვის დიდი და პატარა როლი არ არსებობდა, იმდენად დიდი მსახიობი იყო. საერთოდ, ეპიზოდების ოსტატი გენიალური მსახიობები გვყავდა. თუნდაც იპოლიტე ხვიჩიას გასაოცარი ეპიზოდი აიღეთ, ბორის წიფურიას მეწისქვილე, რომელიც, ჩემი აზრით, მართლა შედევრია…
ფილმზე ისეთი დიდი მოთხოვნა იყო, საკავშირო ტელევიზიიდან სპეციალური უფლება ავიღეთ, რომ მხოლოდ საქართველოს კინოთეატრებში გვეჩვენებინა. სულ რაღაც თვე-ნახევრის განმავლობაში 18 მილიონი მანეთი შემოვიდა. ეს, რაც ოფიციალურად იყო ნაჩვენები. სინამდვილეში, როგორც კინოთეატრების დირექტორები გვეუბნებოდნენ, 11-12 საათისთვის რამდენიმე სერიის ჩვენება რომ მორჩებოდა, მერე იწყებოდა ყველა სერიის ერთად ჩვენება მთელი ღამის განმავლობაში – ეს მათი „ლევი“ შემოსავალი იყო“.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები