ეკონომიკა

ვის გაუძვირდება და ვის გაუიაფდება მგზავრობა პირველი თებერვლიდან

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ახლა უკვე მგზავრობა სააბონემენტო სისტემით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ტრანსპორტის ხშირი მომხმარებლისთვის მგზავრობა გაიაფდება.

„რეფორმებს და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას, რა თქმა უნდა, სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც. იმ ტიპის სისტემის შექმნა, რომელიც უფრო კომფორტულს, აქტიური მომხმარებლებისთვის უფრო იაფს, თანამედროვეს გახდის გადახდის სისტემას“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რა ტარიფები მოქმედებს დღეს:

  • ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში (მეტრო + ავტობუსი + „ლურჯი მარშრუტკა“) – 50 თეთრი;
  • დამატებით „ყვითელი მიკროავტობუსით“ ყოველი მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე.

1-ლი თებერვლიდან მოქმედი ახალი ტარიფები (მეტრო + ავტობუსი + „ლურჯი მარშრუტკა“) იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი – 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი – 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი – 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი – 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი – 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი – 250 ლარი.

რა იცვლება 1-ლი თებერვლიდან?

რადიო თავისუფლება ამ მასალაში განიხილავს ისეთ შემთხვევას, როცა მოქალაქეს კვირაში ხუთი დღე, დილით და საღამოს უწევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

ულიმიტო 90-წუთიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში:

  • მოქალაქეს, რომელიც მეტროსა და ავტობუსს (ან დამატებით „ლურჯ მიკროავტობუსს“) დღეში ორჯერ – დილით სამსახურში წასასვლელად და საღამოს უკან დასაბრუნებლად იყენებდა, „ულიმიტო 90-წუთიანი“ აბონემენტის შეძენისას მგზავრობის ხარჯი უორმაგდება. მას დღეში 1 ლარის ნაცვლად 2 ლარის გადახდა მოუწევს – ძვირდება 2-ჯერ.
  • იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე ყოველდღიურად მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებდა სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, მაშინ ის 1,45 ლარის ნაცვლად 2 ლარს გადაიხდის – ძვირდება დღეში 55 თეთრით;
  • მგზავრობის საფასური უცვლელი დარჩება ან გაუიაფდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსთან ერთად იყენებდნენ „ყვითელ მარშრუტკებს“ – უცვლელი რჩება ან იაფდება მაქსიმუმ 50 თეთრით.

ულიმიტო 1-თვიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში:

  • თვეში საშუალოდ 22 სამუშაო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით (ან დამატებით „ლურჯი მიკროავტობუსით“) სამსახურში წასასვლელად ან უკან დასაბრუნებლად თვეში საჭირო იყო 22 ლარი, ახალი წესებით 40 ლარი (ძვირდება 18 ლარით);
  • იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე ყოველდღიურად მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებდა სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, მაშინ ის 31,9 ლარის ნაცვლად 40 ლარს გადაიხდის – ძვირდება დღეში 8,1 ლარით;
  • მგზავრობის საფასური გაუიაფდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსთან ერთად იყენებდნენ „ყვითელ მარშრუტკებს“ – 44 ლარის ნაცვლად ისინი 40 ლარს გადაიხდიან (გაიაფება მინიმუმ 4 ლარით).

ულიმიტო 1-წლიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში:

  • თუ საშუალოდ ადამიანი თვეში 20 დღე მუშაობს (ოფიციალური დასვენების დღეების გათვალისწინებით), საშუალოდ ის მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით (ან დამატებით „ლურჯი მიკროავტობუსით“) სამსახურში წასასვლელად ან უკან დასაბრუნებლად ხარჯავდა 240 ლარს. ახლა დახარჯავს 250 ლარს, თუმცა შეეძლება ბარათი გამოიყენოს არასამუშაო დღეებშიც, პირადი საქმეებისთვის, რაც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს მისთვის;
  • იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე ყოველდღიურად მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებდა სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, მაშინ ხარჯავდა 348 ლარს. ახლა დახარჯავს 98 ლარით ნაკლებს – 250 ლარს. დამატებით შეეძლება ბარათი გამოიყენოს არასამუშაო დღეებშიც.
  • მგზავრობის საფასური კიდევ უფრო გაუიაფდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსთან ერთად იყენებდნენ „ყვითელ მარშრუტკებს“ – ასეთი მოქალაქე 480 ლარის ნაცვლად, 250 ლარს, 130 ლარით ნაკლებს დახარჯავს. მასაც შეეძლება ულიმიტოდ ბარათის გამოყენება არასამუშაო დღეებში, რაც კიდევ უფრო გაუიაფებს მგზავრობას.

თბილისის მერმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში „ყვითელი მიკროავტობუსები“ სრულად შეიცვლება ახალი „ლურჯი მიკროავტობუსებით“.

იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.

  • უფასო – დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
  • 10 თეთრი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • 20 თეთრი – დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close