არტისტიკრიმინალი

მსახიობი, რომელიც დეკორაციის ჩამოვარდნას ემსხვერპლა, თავისივე სიკვდილში დაადანაშაულეს (ვიდეო)

რას ჰყვება ტრაგიკული ინციდენტის თვითმხილველი, მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი

9 ოქტომბერს მოსკოვის დიდ თეატრში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოპერა „სადკოს“ მიმდინარეობისას, დეკორაციის შეცვლის მომენტში, როგორც თავდაპირველად ამბობდნენ, დეკორაცია ჩამოვარდა და 37 წლის მსახიობი ევგენი კულეში ქვეშ მოიყოლა.

მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე სცენაზევე გარდაიცვალა.

ის დიდი თეატრის ქორეოგრაფიული განყოფილების მსახიობი იყო და მასობრივ სცენებში მონაწილეობდა.

პიესის მიხედვით, ევგენი კულეშს სცენაზე სკამი უნდა გამოეტანა და მარჯვნივ ან მარცხნივ წასულიყო, მან კი უკან დაიწყო მოძრაობა. მსახიობები უყვიროდნენ, რომ დეკორაცია ეშვებოდა, მაგრამ მან რეაგირება ვერ მოასწრო და დეკორაცია თავში მოხვდა.

ტრაგიკული ინციდენტი მაყურებელთა თვალწინ მოხდა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სცენაზე განვითარებული მოვლენა სპექტაკლის ნაწილად აღიქვეს, მხოლოდ ფარდის დაშვების შემდეგ მიხვდნენ, რის მომსწრენიც გახდნენ. ბუნებრივია, სპექტაკლი შეწყდა და მაყურებელი სახლში გაუშვეს.

საბედისწერო სპექტაკლის დროს მაყურებელთა შორის იყო, ოპერის მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი, რომელიც 55 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა დიდ თეატრში.

„ტრაგედია სპექტაკლის დაწყებისთანავე მოხდა. ფონზე, როგორც კედელი, დეკორაცია შეუფერხებლად ეშვებოდა. უცებ არტისტები მკვეთრად შებრუნდნენ და რაღაცის ყვირილი დაიწყეს, ითხოვდნენ სპექტაკლის შეჩერებას“, – უთხრა მომღერალმა „კომსომოლსკაია პრავდას“.

მომღერალი ხაზს უსვამს, რომ დეკორაცია კი არ მოწყდა, როგორც ბევრი ამბობს, არამედ ნელ-ნელა დაეშვა.

„მე კარგად ვიცი ეს სპექტაკლი „სადკო“. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ვფიქრობ, რომ ადამიანურმა ფაქტორმა ითამაშა როლი. არ მინდა ვინმე  განვსაჯო, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სცენის მუშების ბრალი. უბრალოდ, ადამიანი აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო“, – მოჰყავს გამოცემა მაყვალა ქასრაშვილის სიტყვები.

ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე შიშობს, რომ გახმაურებულ საქმეს მიჩქმალავენ.

„ყველა მსახიობი ამბობს, რომ დაღუპული არაფერ შუაშია, მაგრამ მე კარგად ვიცი, რა ხდება კულისებში, დამნაშავედ გარდაცვლილს ან სცენის მუშას გამოაცხადებენ“, – ასეთ პროგნოზს აკეთებდა მოცეკვავე ინციდენტის შემდეგ.

მისი თქმით,  თეატრს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს, იქ არაფერი კეთდება, რომ არტისტებმა კომფორტულად იმუშაონ.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმეში ჩაერთო შრომის ინსპექციაც. ჩატარდა ექსპერიმენტი – დეკორაციის ქვეშ მოათავსეს გარდაცვლილი მსახიობის სიმაღლის მანეკენი და დეკორაცია იმავე სიჩქარით დაუშვეს, რომლის დროსაც არტისტი დაიღუპა.

ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს, რომ დეკორაციის ვარდნა მუხრუჭითაც რომ გაეჩერებინათ, ის ინერციით მაინც მოკლავდა ადამიანს.

19 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 37 წლის მსახიობი სპექტაკლის მიმდინარეობისას მთვრალი იყო და სწორედ ის ცნეს ინციდენტში დამნაშავედ.

ადვოკატის შეფასებით, დიდ თეატრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას გაურბის და შრომის ინსპექციაშიც ის პირები შეიყვანეს, რომლებსაც თავად უნდა უზრუნველეყოთ უსაფრთხოება სცენაზე.

„მათ არც კი ცადეს რამე მოემოქმედებინათ, რომ ეს ტრაგედია აეცილებინათ თავიდან“, – ამბობს ადვოკატი.

იგი ოჯახთან ერთად სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.

გარდაცვლილის დედა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს და ამბობს, რომ მისი დაღუპული შვილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close