საღეჭი რეზინი ნერწყვში ვირუსულ დატვირთვას ამცირებს
ექსპერიმენტულ საღეჭ რეზინს, რომელიც კორონავირუსის ნაწილაკების დამჭერ ცილას შეიცავს, ნერწყვში ვირუსის რაოდენობის შეზღუდვა და ვირუსის გადაცემის შეკავება შეუძლია, როდესაც ინფიცირებული ადამიანები საუბრობენ, სუნთქავენ ან ახველებენ. აღნიშნულს პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მონაცემები ცხადყოფს, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Molecular Therapy-ში გამოქვეყნდა.
საღეჭი რეზინი უჯრედების ზედაპირზე აღმოჩენილ ACE2-ის ცილის ასლებს შეიცავს, რომელსაც ვირუსი უჯრედებში შესაღწევად და მათ დასაინფიცირებლად იყენებს. სინჯარაში ჩატარებულ ექსპერიმენტებში ინფიცირებული პირების ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშების გამოყენებით, ვირუსის ნაწილაკები საღეჭ რეზინში ACE2-ის „რეცეპტორებს“ ემაგრებოდა. შედეგად, აღნიშნულ ნიმუშებში ვირუსული დატვირთვა 95%-ზე მეტით დაეცა.
მკვლევრების განცხადებით, საღეჭი რეზინის გემო ჩვეულებრივი საღეჭი რეზინისას ჰგავს. იგი წლების განმავლობაში ინახება ნორმალური ტემპერატურის პირობებში და მისი ღეჭვა ACE2-ის ცილის მოლეკულებს არ აზიანებს.
მკვლევრების ვარაუდით, საღეჭი რეზინის ნერწყვში ვირუსული დატვირთვის შემცირების მიზნით გამოყენება ვაქცინების ეფექტურობას გაზრდის და განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
imedinews.ge
კომენტარები