კორუფციის რისკის დაბალი მაჩვენებლებით საქართველო 13 ევროპულ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, იტალიასა და საბერძნეთს
საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები უმჯობესდება. ამჯერად კვლევის შედეგები და განახლებული რეიტინგი Trace International-მა გამოაქვეყნა, რომელმაც 194 ქვეყანაში კორუფციული რისკები შეაფასა.
Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, 2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუმჯობესდა და მაქნ 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.
ყველაზე საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ – ამ აგრეგატში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნესასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.
კომენტარები