სიგარეტთან შედარებით ვეიპის მწეველებს ინსულტი უფრო ხშირად ემართებათ: ახალი კვლევა
ამერიკელმა კარდიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ვეიპების ახალგაზრდა მწეველებში ინსულტის შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის ასაკოვან მწეველებში.
შესაბამისი სამეცნიერო კვლევის შესახებ სპეციალისტებმა აშშ-ის გულის შემსწავლელი ასოციაციის (AHA) კონფერენციაზე ისაუბრეს.
მეცნიერებმა გააანალიზეს აშშ-ის სამედიცინო სამსახურის მონაცემები, რომლის ფარგლებშიც 2015-2018 წლებში 266 ათასი ამერიკელი იყო გამოკითხული. ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტების მომხმარებლებს ინსულტის ყველა ფორმა საშუალოდ 15%-ით უფრო ხშირად ემართებოდათ, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებლებს.
„ვეიპების სითხეში შედის არა მარტო ნიკოტინი, არამედ სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვების ლორწოვან გარსზე და აზიანებს მათ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების კედლების გათხელება, თრომბების წარმოქმნა, რაც იშემიური თუ ჰემორაგიული ინსულტის რისკებს ზრდის“, – განაცხადა ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კარენ ფიურიმ.
ბოლო წლების კვლევები აჩვენებდა, რომ თამბაქოს მოწევა უფრო სახიფათოა, ვიდრე ვეიპებისა, თუმცა ეს უკანასკნელი ასევე უქმნის საფრთხეს ჯანმრთელობას. კერძოდ, ელექტრონულ სიგარეტებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტოქსინები, კანცეროგენები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც არა მხოლოდ ზრდის ფილტვის კიბოს ალბათობას, არამედ არტერიებისა და ვენების კედლებსაც უფრო მყიფეს ხდის.
გამომდინარე აქედან, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ელექტრონული სიგარეტები მინიმუმ ისეთივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორსაც ჩვეულებრივი სიგარეტი.
sputnik-georgia.com
კომენტარები