ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ფინალი ვერ მოიგო, თუმცა მაინც სოლიდური მონაგარი აქვს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირში ფინალამდე წარმატებით მისვლის შემდეგ ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა, თუმცა მასტერსი მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი მონაგრით დატოვა: რეიტინგში 36-ე პოზიციიდან 27-ზე გადაინაცვლა და თან 640 ათასი აშშ დოლარიც ერგო საპრიზო ფონდიდან.
ბასილაშვილისა და ნორის შეხვედრა 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 2:1 დასრულდა ნორის სასარგებლოდ (ბრიტანელმა ქართველთან ერთი სეტი წააგო ანგარიშით 3:6, ორი კი მოიგო – 6:4, 6:1 და ტურნირის ჩემპიონის ტიტული და 1 209 730 აშშ დოლარის ფულადი პრიზი დაიმსახურა).
Finding a way 👉 @cam_norrie #BNPPO21 | 🎥 @TennisTV pic.twitter.com/JxqcOHUGkr
— BNP Paribas Open (@BNPPARIBASOPEN) October 18, 2021
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ფინალში წაგების მიუხედავად ინდიანა უელსის მასტერსი ისტორიული იყო – იგი მასტერსის დონის შეჯიბრში ფინალში პირველად გავიდა.
29 წლის ქართველი სპორტსმენი რეიტინგით ახლა 27-ეა (2066 ქულა), მან მიმდინარე წელს 918 ათასამდე აშშ დოლარი ( 790 400 ევრო), ხოლო მთელი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში – 6,5 მილიონი აშშ დოლარი (5,6 მლნ ევრო) გამოიმუშავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ სპონსორი არასდროს ჰყოლია და თავად, დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია წარმატებას. იგი გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მომავალში კიდევ უკეთეს თამაშს აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ნიკამ რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ბერძენ ჩოგბურთელს სტეფანოს ციციპასს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ამერიკელი ფრიტცი 2 სეტში, ძალიან იოლად დაამარცხა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები