გოდერძი ჩოხელის ამქვეყნად არყოფნის სევდა
საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ქართველმა მწერალმა, კინორეჟისორმა და სცენარისტმა გოდერძი ჩოხელმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში. 2 ოქტომბერი მისი დაბადების დღეა – წელს ღვთიური ნიჭის შემოქმედს 67 წელი შეუსრულდებოდა.
ბავშვობა
არა მარტო ბავშვობა, არამედ გოდერძი ჩოხელის დაბადებაც კი საოცრად შთამბეჭდავი იყო. მისი მშობლიური სოფელი ჩოხი, იქ არსებული წმინდა გიორგის სალოცავის გამო, წმინდა ადგილად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ გოდერძის დედა მთაში წავიდა მშობლებთან, რათა იქ ემშობიარა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სახლამდე ვერ მიაღწია – გზაში, სოფელ ბურსაჭირთან დაეწყო მშობიარობა. 1954 წლის ორი ოქტომბერი იყო. მწყემსებმა თურმე სახლშიც არ შეუშვეს იგი, რადგან მთის ადათ-წესების მიხედვით, მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა. ის ღამე დედა-შვილმა გომურში გაატარა. მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ მიიყვანეს პატარა გოდერძი ბურსაჭირიდან მშობლიურ სახლში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში იდგა.
გალაღებული ბავშვობა არ ჰქონია, მაგრამ ის წლები ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე ნამდვილად იყო. `ჩემთვის დღესასწაული იყო, როცა დედა გოგლიმოგლს აკეთებდა… მისი გამომცხვარი პურის სუნიც დღემდე მომყვება. იცით, ეს რა ლამაზი განცდაა? მე ხომ პურის მოყვანის ყველა რიტუალში ვმონაწილეობდი: ფარცხვაში, მკაში, გალეწვაში, და აი, პურის სუნი… ეს ჩემი შრომის ნაყოფის დაგვირგვინება იყო. ხშირად მახსენდება ის წლები და რაღაცით ფილმის გადაღებას ვუკავშირებ. ჯერ სცენარს ვწერ, მერე ათას რაღაცას ვაკეთებ, შემდეგ ვიღებ და ბოლოს პურის სუნივით მახარებს შედეგი~, – ამბობდა წლების შემდეგ უკვე ცნობილი მწერალი და კინორეჟისორი.
კინოც ბავშვობაში შეიჭრა მის ცხოვრებაში. მეოთხე კლასში იყო, პირველად ფილმი რომ ნახა და იმ დღიდან გადაწყვიტა, რომ ცხოვრება კინოსთვის დაეკავშირებინა. „ერთ დღეს სოფელში რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ ამოიტანეს. მაშინ ჩვენთან არავინ იცოდა, კინო რა იყო. ერთმა თქვა, კინოს ძალიან დიდი ხმა აქვს, ყურები თითებით დაიცავით და მერე ნელ-ნელა გამოსწიეთ თითები, თორემ დაყრუვდებითო. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუყურებდი გაოცებული და მოხიბლული ეკრანს ყურებში თითებგარჭობილი. როცა ყურებიდან თითები გამოვიღე, საოცარი ხმა გავიგონე: გოდერძი, შვილო!.. მას შემდეგ მგონია, რომ მე მეძახდა, თავისკენ მიხმობდა მაშინ კინო… აკი, მეც ყველაფერი გავაკეთე, რომ მასთან მივსულიყავი…“
დებიუტი კინოში
მისი სადებიუტო ფილმი `ბაკურხეველი ხევსური~ იყო, რომელშიც დედისა და ბებიის გარდა, ძალოებიც (თავად ასე ეძახდა – თ. ო.) გადაიღო. გადაღებებზე თითოეული მათგანი ძლივს დაითანხმა. ძალოებს დიდხანს ეგონათ, რომ გოდერძიმ ისინი გაამასხარავა, რადგან გადაღებებს უცხო ხალხიც ესწრებოდა და მათი რცხვენოდათ. ფილმის გადაღების დროს ყველაზე რთული ეტაპი ის მომენტი იყო, როცა კაცს პანღური უნდა ამოარტყან. ქალებმა ხელები გაასავსავეს – „ისედაც მასხარაობა გავაკეთეთ და რომელ პანღურზეა ლაპარაკიო~. განსაკუთრებით ბებია გაგიჟდა: 18 წლის დავქვრივდი და დღემდე კაცის წინ კაბის ბოლო არ გამიქან – გამომიქანებია და ახლა კაცს წიხლს როგორ ამოვარტყამო? გოდერძიმ, როგორც იქნა, დაითანხმა ბებია, რომელმაც თურმე სიცილით ჰკითხა – პანჩურს კი ამოვარტყამ, მაგრამ ფეხი რომ დამიცდეს და უადგილო ადგილას მოხვდესო… შვილიშვილმა დაამშვიდა: ნუ გეშინია, „ჟეშტები“ აქვს აკრულიო…
სხვათა შორის, „ბაკურხეველი ხევსურის“ გადაღებისას, გოდერძი ჩოხელს, როგორც თავად ამბობდა, ღმერთმა სასწაული მოუვლინა. ფილმის ფინალს ვერ იღებდნენ, რადგან თოვლი არა და არ მოდიოდა. მაშინ გოდერძი წმინდა გიორგის სალოცავში ავიდა, დაიჩოქა, სანთელი აანთო და უფალს მთელი გულითა და სულით შესთხოვა თოვლის მოსვლა. შუა ლოცვის დროს ხელისგულისოდენა ფანტელები წამოვიდა. სანამ რეჟისორი უკან ჩამოვიდოდა, თოვლი უკვე კოჭებამდე იყო დადებული. ჯგუფის წევრები იმდენად გაოგნებულები დახვდნენ, რომ ერთხანს თურმე მუშაობაც კი გაუჭირდათ.
„წერილი ნაძვებს“
როგორც მწერალი და როგორც რეჟისორი, გოდერძი ჩოხელი ფართო საზოგადოებამ თითქმის ერთდროულად გაიცნო. წერა 1977 წელს დაიწყო, თუმცა მისი პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“ 1980 წელს დაიბეჭდა. `მწერლობა იმიტომ დავიწყე, რომ ფილმებისთვის სცენარები მჭირდებოდა, თორემ მწერალი გოდერძი ჩოხელი იდეაში არასოდეს მყოლია. უბრალოდ, მინდოდა ჩემი ფილმები მთლიანად ჩემეული ყოფილიყო“, – მითხრა ერთხელ ბატონმა გოდერძიმ. `მწერლობა სცენარებისთვის დაიწყეთ, მაგრამ პოეტობა?“ – არ მოვეშვი მე. „პოეტობაც. საერთოდ, ჩემი აზრით, ყველა ქართველი და განსაკუთრებით მთიელი ქართველი, ბუნებით პოეტია. ჩემი მწერლობაც, პოეტობაც და ჩემი სიცოცხლეც კინოთი იწყება, კინოსთან მთავრდება, კინოდან მოდის და ისევ კინოსთან მიდის“, – მიპასუხა ფიქრიანად.
მისთვის სიცოცხლე „ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა“ იყო, სიკვდილი კი – „ადამიანად არყოფნის სევდა“. სხვათა შორის, მწერალთა კავშირში სწორედ „ადამიანთა სევდის“ დაწერის შემდეგ მიიღეს, რომელიც შემდგომ ფილმადაც გადაიღო.
რეჟისორს ოცნებად „ვარდისფერი კაცის“ გადაღება დარჩა.
პირველად გოდერძი ჩოხელს წლების წინათ, ფილმების – „ლუკას სახარებისა“ და „სამოთხის გვრიტების“ გახმოვანების დროს შევხვდი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. მახსოვს, კინოსტუდიაში სინათლე არ იყო და ცხადია, გახმოვანებაც ჩაიშალა. შუქის მოლოდინში სახელდახელო სუფრას შემოვუსხედით: ბატონი გოდერძი, მე, ჩემი მეგობარი ჟურნალისტი, მსახიობი შოთა ქრისტესაშვილი, ფილმის ოპერატორი ჯიმი ქრისტესაშვილი და ჩვენი პირველი ინტერვიუც სადღეგრძელოების თანხლებით წარიმართა. გოდერძი ჩოხელი საოცრად გახარებული იყო და ამ სიხარულის მიზეზი არ დაუმალავს. მოგეხსენებათ, „ლუკას სახარებაში“ მთავარ როლს მისი ვაჟი – ლუკა თამაშობს. ლუკა მაშინ 12 წლის იყო. მისი გმირი თითქმის ქრისტესთანაა გაიგივებული, რომელსაც ჯვარზე აკრავენ. ლუკამ ძალიან განიცადა ამ როლის თამაში, ჯერ კიდევ გადაღებების დროს განმარტოვდა, გადაღების დამთავრების შემდეგ კი საერთოდ ჩაიკეტა და მთელი ექვსი თვის განმავლობაში ხმას არ იღებდა. გოდერძი ჩოხელი თავს დამნაშავედ თვლიდა – ასეთი როლი 12 წლის ბიჭისთვის არ უნდა მიმეცაო. ლუკამ ხმა ჩვენს სტუმრობამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ამოიღო და თავის გმირსაც თავადვე ახმოვანებდა. სიტყვებით ვერ აგიწერთ იმ სიხარულს, რასაც მაშინ გოდერძი ჩოხელი განიცდიდა და ვერც იმდროინდელი შეხვედრის შთაბეჭდილებას გადმოგცემთ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან მაშინ ღმერთმა ჩემთვის უსაყვარლესი რეჟისორის, მწერლის და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ადამიანის სიხარულის გაზიარების საშუალება მომცა… თანაც, გოდერძი ჩოხელი, როგორც თამადა, გამაცნო… მოგისმენიათ ოდესმე იების სურნელისა და ვენახს ზედ რომ ცისარტყელა დაადგება, იმ სილამაზის სადღეგრძელო? – მე კი! და ამით ვამაყობ…
„ლუკას სახარება“, „აღდგომა“, „სამოთხის გვრიტები“
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში რელიგიურ თემატიკას დიდი ადგილი უკავია. ამ თემისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ფილმი „ლუკას სახარებაა“. ამ ფილმს რომ იღებდა, გოდერძი ჩოხელმა არც კი იცოდა, რომ ყველა სახარებას თავისი სიმბოლო აქვს. ლუკას სახარების სიმბოლო ხარია. ფილმში, ღვთის განგებით, სრულიად გაუცნობიერებლად, მთავარ ფიგურად სწორედ ხარი გამოიყვანა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიტყვა „აღდგომა“ გოდერძი ჩოხელს ორი ფილმის სათაურში აქვს გამოყენებული; „აღდგომა“, რომელიც იმ პერიოდში გადაიღო, როცა ამ სიტყვის თქმასაც კი კრძალავდნენ და „აღდგომის ბატკანი“. მართალია, როგორც თავად ამბობდა, რელიგიური განათლება, რომელიც ბავშვობიდან ჩაუნერგავდა ბიბლიის, სახარებისეულ სიბრძნეს, არ ჰქონია, მაგრამ უსაშველო ზამთრის შემდეგ სოფელში მოუთმენლად ელოდებოდნენ ხოლმე ბუნების გამოცოცხლებას, რაც სწორედ აღდგომის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული. ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ამ დღეს რიტუალი ტარდებოდა, რომელიც პატარა ბიჭზე ისეთ საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მოგვიანებით, მთელი სულითა და გულით მოუნდა ის სიხარული, რაც ბავშვობაში აღდგომის დღესასწაულს მოჰქონდა, მის შემოქმედებაშიც ასახულიყო. ჰოდა, აისახა კიდეც…
რელიგიურ თემას ეძღვნება გოდერძი ჩოხელის კიდევ ერთი ფილმი „სამოთხის გვრიტები“, რომლის სცენარიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწერა, მაგრამ გადაღება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოხერხდა. მახსოვს, პრემიერაზე გოდერძი ჩოხელმა ასეთი რაღაც თქვა: „მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, დიდთოვლობის შემდეგ საფლავებთან რომ გახვალ, ნაკადული რომ მორაკრაკებს და უცებ პაპის საფლავთან იების ბუჩქს რომ დაინახავ და გაგიხარდებაო…“
ფილმის სანახავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თვითონ მიბრძანდა კინოსტუდიაში. გოდერძის ძალიან ეშინოდა: „რაიმე მკრეხელობა ხომ არ ჩავიდინე, ფილმს ასეთი სათაური რომ გავუკეთე?“ – ამბობდა. ფილმი რომ დამთავრდა, უწმინდესმა უთხრა: გოდერძი, შვილო, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები რომ იყვნენ, შენ საიდან გაიგეო?
მოგეხსენებათ, ამ სახელწოდების ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი გარდაცვლილთა სულებს ესაუბრება. „ბატონო გოდერძი, გამოდის, რომ გარკვეული კონტაქტია ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის. მაშინ რატომღაა სიკვდილი ადამიანად არყოფნის სევდა?“ – ვკითხე ერთხელ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: „სიცოცხლე, რასაკვირველია, იქაც გრძელდება, მაგრამ თუ იქ არ მეცოდინება, ვინ ვიყავი ამ ცხოვრებაში, ვინ მიყვარდა, როგორ ვცხოვრობდი, როგორი ჭკვიანი ჟურნალისტები მოდიოდნენ ინტერვიუზე, როგორ მიყვარდა წიფლის ქვეშ ამოსული ლურჯი იები, როგორ ვოცნებობდი, როგორ ვეწამებოდი, თუ არ მეცოდინება, რომ ვიყავი გოდერძი ჩოხელი და მიყვარდა ძალიან ბევრი რამ. თუ „იქ“ აქაური ყოფნა აღარ გაგრძელდება და რაღაც სხვა, უცხო დამხვდება, რა თქმა უნდა, სევდა მომეძალება. ამიტომ მგონია სიკვდილი ადამიანად არყოფნის, ოღონდ აქ, ამ ცხოვრებაში არყოფნის სევდა, თორემ სიკვდილით შეიძლება ყველაზე დიდი სიცოცხლე იწყებოდეს…“
***
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი ჰუმანისტი მწერალი და რეჟისორი, როგორც გოდერძი ჩოხელი იყო, ოდესმე თვითმკვლელობას შეეცდებოდა, თანაც მონასტერში… უფლის რჩეული შემოქმედი თავად უფალმა არ გასწირა: გოდერძი ჩოხელი მაშინ გადარჩა, მაგრამ იმდენად რთული იყო მისი სულიერი მდგომარეობა, წლების განმავლობაში თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის საშუალების არქონით გამოწვეული, რომ საბოლოოდ გულსუფთა ადამიანის გულმა ვეღარ გაუძლო და 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართულმა კინემატოგრაფმა მისი სახით ღრმა ფსიქოლოგიური განცდის თვითმყოფადი რეჟისორი დაკარგა, ოჯახმა და ქართველმა ხალხმა კი – ხალასი ნიჭის მქონე პიროვნება, რომელსაც მუდამ თან დაჰყვებოდა სიკეთე, სიყვარული, სათნოება და საოცარი ადამიანური სისადავე.
გოდერძი ჩოხელი მცხეთის დედათა მონასტერშია დაკრძალული.
თამარ ოთიაშვილი
p. s. ორი წლის წინათ სოფელ ჩოხში, ტრადიციულად, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული გაიმართა და ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა ახალაშენებული მუზეუმი, სადაც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზია განთავსებული.
კომენტარები