შავ ბაზარზე ყალბი აცრის ბარათების რაოდენობა იზრდება
რაც უფრო მეტი ბიზნესი, სასწავლო თუ სამთავრობო დაწესებულება ითხოვს თანამშრომელთა კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას, მით უფრო მრავლდება შავ ბაზარზე დამზადებული ყალბი აცრის ბარათების რიცხვი ამერიკაში.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ოჰაიოს შტატში ცინცინატის საბაჟო სამსახურმა ვაქცინაციის გაყალბებული მოწმობებით სავსე რამდენიმე ყუთი დააკავა. მათში 3 600-ზე მეტი ბარათი იდო. ტვირთის მიმღებნი კერძო პირები იყვნენ, რომლებიც მერილენდის, ილინოისის, ნიუ-იორკის, მისისიპის და ტეხასის შტატებში ცხოვრობენ.
ცოტა ხნით ადრე, აგვისტოში ჩიკაგოელი აფთიაქარი დააკავეს, რომელიც ინტერნეტით იბეიზე ნამდვილ ბარათებს გზავნიდა, რომლებიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) იყო დაბეჭდილი. მსგავსი შემთხვევა კალიფორნიის შტატშიც მოხდა. აგვისტოს ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ მთელ ჯგუფს, 15 გამყალბებელს წაუყენა ბრალი. ისინი ბარათებს ინსტაგრამზე 250 დოლარად ჰყიდდნენ.
იურისპრუდენციის ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ დანაშაულის რომელი კვალიფიკაცია უფრო მიუდგება ამ შედარებით ახალი ტიპის დანაშაულს. პიტსბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი უესლი ოლივერი ამბობს, რომ ეს ფულის, ან მართვის მოწმობის ფალსიფიცირების კვალიფიკაციას უტოლდება. ის არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დამნაშავეებს ბრალი მთავრობისთვის ქონების მოპარვის გამოც დაუმტკიცდეთ, ან დაუმძიმდეთ.
როცა თავს კოვიდ-19-ზე აცრილად ასაღებ და ამ დროს არ ხარ იმუნიზებული, ეს გარშემომყოფთა უფლებებსაც არღვევს, ამბობს კრისტოფერ რობერსტონი, ბოსტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. მისი აზრით, ეს სხვისი უსაფრთხოების ხელყოფაა და ადამიანების ისეთი რისკების წინაშე დაყენებას ნიშნავს, რაზეც მათ თანხმობა არ გაუციათ.
როგორც სხვა ანალოგიური დანაშაულის შემთხვევაში ხდება, იმუნიზაციის ბარათის ფალსიფიკაციის დროს, ბრალი წაეყენება როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს.
amerikiskhma.com
კომენტარები