თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, თურქეთში კორონავირუსის „მიუ“ მუტაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
„დამატებითი ზომების მიღებას არ ვგეგმავთ, რადგან ამ ორი შემთხვევის გარდა „მიუ“ ვარიანტით ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების 90%-ზე მეტი „დელტა“ ვარიანტზე მოდის.
„მიუ“ მუტაცია საბერძნეთშიც დაფიქსირდა. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი გიგას მაიორკინი აცხადებს, რომ ამ დრომდე ახალი შტამის დინამიკურობა არ შეინიშნება, თუმცა ინფექციონისტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა თავისი მასშტაბურობით მან „დელტა“ შტამსაც კი გადაასწროს.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი რომ არ იყოს, ქვეყანა კატასტროფის წინაშე დადგებოდა.
1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს აკვირდება. კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი მეცნიერულად ცნობილია, როგორც B.1.621. ის პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა და მისი გავრცელება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა.
პანდემიის შესახებ ჯანმოს ყოველკვირეულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული შეიძლება იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ „მიუ“ ვარიანტის გლობალური გავრცელება სეკვენირებულ შემთხვევებს შორის შემცირდა და ამჟამად 0.1%-ზე ნაკლებია, კოლუმბიაში (39%) და ეკვადორში (13%) მისი გავრცელება მუდმივად იზრდება“, – ნათქვამია ჯანმოს ბიულეტენში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები