მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 100-მდე პროექტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
ქ. გორი, სამების ქ. N1;
ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].
კომენტარები