ისტორიასაქართველო

ბევრი რამ, რაც არ ვიცით 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და არც პასუხი ვიცით კითხვაზე: „რა ჯანდაბა გვემართება მშვიდობიან დროს?“

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 7 აგვისტოს  დაახლოებით 150 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა. მოვლენათა დიდი ნაწილი გორში განვითარდა – ქალაქში, რომელიც ცხინვალთან ერთად, ყველაზე მეტად დაზარალდა ომის დროს.

2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2232-ს. ომმა საქართველოს 26 000 დევნილი შემატა. საერთო ჯამში კი დღეს საქართველოში სულ 263 598 დევნილია.

ეს რაც ვიცით… რაც არ ვიცით, იმის შესახებ  საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პოსტში დაწერა:

„ბევრმა არ იცის, რომ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები).
ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.
ბევრმა არ იცის, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოჰყვებოდა ავია გამანადგურებლები.
ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.
ბევრმა არ იცის , რომ „აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიტსი.

ამ დროს, ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა „ერთმორწმუნე ქვეყნის” პატრიარქმა…“, – წერს  დიმიტრი შაშკინი.

და კიდევ ერთი პოსტი – სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სვამს კითხვას: „რა ჯანდაბა გვემართება მშვიდობიან დროს?“ – კითხვას,  რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც, ამ დღეს, ყველამ უნდა დავსვათ და მოვძებნოთ პასუხი.     

„ეს არის თემა, რომელზეც რომ ვიწყებ წერას, რაღაცნაირი უხერხულობა მეუფლება. მე, გალექსილ-გატლეკილს აქ სიტყვები მაკლდება ხოლმე, ვერც ემოცია მომაქვს ბოლომდე…

ადრეც ვწერდი: თან მრცხვენია, თან მეამაყება;
მრცხვენია
იმიტომ რომ
ცამეტი წლის წინ ჩემსავით რომ გამოიძახეს ბიჭი, რომლის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა, ვერ დაბრუნდა უკან;
მე დავბრუნდი.
იმიტომ რომ სამი ექიმი, რომელიც სხვის საშველად წავიდა ომში, ვერ დაბრუნდა;
იმიტომ რომ ბიჭებს, მეომრებს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი: სულ მეგონა ჯარში კონტრაქტზე უმრავლესობა მიდის მხოლოდ კარგი ხელფასის გამო.
და აი იქ შევცდი. რა ადვილია, ვიღაც რომ დააბრეხვებს მსგავსს და რა ადვილია-შენც რომ უჯერებ;
კიდევ ერთს მივხვდი იქ
წარმოუდგენელია მსგავსი განცდა მშვიდობიან დროს დაგეუფლოს.
ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება: როცა შენი თვალით უყურებ როგორ კარგავ, მერე გიჟდები!
და თუ ის ვიღაც ან რაღაც ძვირფასია შენთვის, მერე იბრძვი-გიჟივით, იბრძვი ყველა აკრძალული წესით და უკან არ იხევ, გიჟი ხარ მაგ დროს!
გიჟი არ იყოო? აბა ვინ იყო ის ჩემი ექიმი, რომელიც ბომბების წუილში ოპერაციაზე იდგა კარავში და გარეთ არ გამოსულა!
გიჟი არ იყოო ის გოგო? მედდა, პატარა გამხდარი გოგო, სახლში რომ ერთი წლის შვილი ელოდა და დაუფიქრებლად წაყვა მანქანას ცხინვალში-დაჭრილების გამოსაყვანად!
გიჟი არ იყო? ის ბიჭი, ჩვენთან რომ იწვა კონტუზიით, თითო ადამიანს ორად რომ გვხედავდა და გამწარებული ღრიალებდა – უკან გამიშვით, იქ ჩემი ბიჭები დარჩნენო!!!
ეს ის სიგიჟეა, რომელსაც შენი ქვეყნის, შენი სისხლის და შენი ადამიანების სიყვარული ქვია.
ჰო. სიგიჟემდე სიყვარული
რომელსაც უბრალოდ ვერ აღიქვამ, როცა მშვიდობაა…
——
აგვისტოს ამ რიცხვამდე ჩვენს სამსახურში გულისგამაწვრილებლად ხშირად ტარდებოდა სამხედრო-სამედიცინო სწავლებები; დავათრევდით ამ რაღაცა მანეკენებს (ვითომ დაჭრილებს), მულяჟებს; ვშლიდით კარვებს; ომობანას ვთამაშობდით რა. 🙂 იდგა ჩვენი მეთაური იქვე შორიახლოს წამზომით ხელში და გვაჯიბრებდა – ვინ უფრო სწრაფად ააწყობდა კარავს. თან ეს ტურისტის „პალატკა” არ გეგონოთ, ეს არის საველე ჰოსპიტალი, სამედიცინო ჯვარი, ასე ჰქვია, იმიტომ რომ ჯვრის ფორმა აქვს და უზარმაზარია. ეს არის საოპერაციოები, თავისი პალატებით.
და გადიოდა ამაში წლები, თვეები. გულში ვბრაზობდი – აი, რაში უნდა დაგვჭირდეს-მეთქი ეს აბა?
და
დაგვჭირდა.
——
მადლობა ღმერთს, ჩვენი მეთაურიც თავად ექიმი იყო და
ყველაზე კარგად მას ესმოდა – რას ნიშნავს საომარ სიტუაციაში მოქმედება. ასე „გაგვზარდა“ ჩვენც…
—–
როცა მონსტრს ეომები
როცა წინასწარ ქვეცნობიერად იცი, რომ წააგებ
და მაინც გინდა – შეაკვდე, ალბათ ესაა გმირობა, არ ვიცი.
ეს ვნახე მე იქ.
ბიჭები ომობდნენ, ჩვენ რადგან ტყვიავში ვიდექით, პირველი დაჭრილებიც ჩვენთან შემოდიოდნენ;
ჰოდა ისინი ომობდნენ, ქანცის გაწყვეტამდე, სიკვდილამდე…
ჩვენც რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით და მერე თბილისში ვუშვებდით;
სამასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს ჩემმა კოლეგებმა: ექიმებმა, მედდებმა, სანიტრებმა, ჩვენი ბატალიონის მძღოლებმა, ჩემმა მეთაურმა და ჩემმა შტაბის უფროსმა.
—-
ტყვიავის მერე იყო კარალეთი, მიწაზე გვეძინა;
რა დისკომფორტი, რა წუწუნი!
მერე იყო გორი. ჩაბნელებული დაცლილი გორი, მხოლოდ ძაღლების ყეფა რომ ისმოდა ღამით.
გორის ჰოსპიტლიდან ჩვენი ძველი თანამშრომლები ჩამოვიდნენ და საჭმელი ჩამოგვიტანეს;
მერე ზემოთ აგვიყვანეს და
ვიბანავეთ!!!! ეს იყო ნეტარება. აგვისტოში, მეხუთე დღეს.
გაგიკვირდებაათ? რომ დავწერო რომ
სიყვარულით ვიხსენებ ამ დღეებს?
რატომ იცი?
იმიტომ რომ იქ
ჩვენ
ყველა
ერთნი ვიყავით.
იქ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
ყოფილიყო ეს ომი პოლიტიკოსების ხუშტური, მათი ბინძური თამაში…
ეს ჩვენ არ შეგვხებია, რადგან მართლები ვიყავით საკუთარ სინდისთან.
და როცა ეზოში დაჭრილებით სავსე მანქანა შემოდიოდა, ჩემი გოგოები და ბიჭები-ფუტკრებივით შეესეოდნენ ხოლმე და სათითაოდ ყველას საკუთარი შვილებივით უვლიდნენ!
საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანებო!
დაუმადლებლად, დაუყვედრებლად, სიყვარულით და ერთგულებით…

სამშობლო რომ ქვია, და იქამდე ფეხიც რომ არ გვქონდა დადგმული, იმ ადგილების სიყვარულით…

——

და ბოლოს

მერე რა, თუ
სადღაც წითელ ხიდთან რიგები იდგა
მერა რა თუ
ვიღაც მაღალჩინოსანი ბრიყვი ერთხელაც ჩამოვიდა მძღოლის მანქანით, გადმოვიდა გაბღენძილი, გადმოგვხედა, როგორც მეფემ ზემოდან და რომ დაინახა გოგოები სისხლიან ხებეებს მდინარეში რეცხავდნენ
დაიღრიალა: – ეს პრასტიტუტკები აქ რა დღეში არიანო!!!!
იქვე მიუჩინა ლაშა ქოიავამ იმას ადგილი და ისიც წავიდა უკან კუდამოძუებული….
მერე რა თუ
ჩვენი ბატალიონი ბოლო წუთამდე ჩატოვეს ტყვიავში და დაავიწყდათ ჩვენი ევაკუაცია…
ეს ყველაფერი – არაფერი იყო იმასთან შედარებით
რაც ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა იქ იყოჩაღეს!
მე თავად თერაპევტი ვარ, ჩემი წვლილი წვეთია ზღვაში;
არ ვკეკლუცობ და არ მომაქვს თავი,
მაგრამ მინდა იცოდეთ
რამდენი ცუდიც არ უნდა ხდებოდეს გარშემო
ჩემს ქვეყანას ჯერ კიდევ ყავს
ჯილა ბიჭები და ვაჟკაცი გოგოები!
და ისინი ჩვეულებრივი – შენნაირი და ჩემნაირი ადამიანები არიან: ცხოვრობენ, იცინიან, ტირიან, აშავებენ, აკეთებენ
ოღონდ
თუ სამშობლოს დაჭირდა
(სამშობლო – თურმე არ ყოფილა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვა)
უხმოდ წავლენ და თავს შეაკლავენ!
მე და შენ როცა მშვიდად გვძინავს, ისინი ეხლაც სამხედრო სწავლებებზე არიან…
ისე მინდოდა ყველაფერი ერთად მეთქვა, ცოტა აბდა-უბდა გამომივიდა, მაგრამ
არ მიწყინოთ
ეს არის ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთადერთი რამ, რითაც ვამაყობ.
ჰო, წაგებულია ეს ომი.
მაგრამ როცა დავბერდებით
ალბათ მაინც სიამაყით გაგვახსენდება რომ
ერთხელაც აი ასე
მოგვიწია ჩვენი სამშობლოსთვის ტყვიების ქვეშ დგომა…
ამიტომ მომიტევეთ როცა საშინლად ვმწარდები
როცა გიბონივით მაგიდაზე მოხტუნავე ვიღაცა ქალს ვხედავ…
რომელიც დღეს ჩემი ქვეყნის სახეა, საუბედუროდ
რომელიც
ჩემი სანიტრის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს!!!
მადლობა გმირებს, სახელიანს, უსახელოს..
მადლობა უფალს რომ ერთხელ ცხოვრებაში იქ მომახვედრა, სადაც მე ჩემი სამშობლოს სიყვარული ყველა უჯრედით შევიგრძენი
❤️
მადლობა ჯარისკაცებს
მადლობა ჩვენს პატრიარქს, თავისი ღვაწლისათვის
❤️
არა ვართ ჩვენ ცუდი ხალხი
ჰოდა რა ჯანდაბა გვემართება მშვიდობიან დროს… ((
ნეტავ რა ხდება ეხლა გაგრაში, სადაც ჩემი ბავშვობა დავტოვე?ყველას თავისი „გაგრა“ აქვს
და აი ამ ტკივილს ჰქვია

სამშობლო.

2021 წელი. ნინო ახობაძე“.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close