ჯანმრთელობარჩევები

რა არის მეტეოდამოკიდებულება და შეიძლება თუ არა მისგან გათავისუფლება?

ჯერ კიდევ რენესანსის პერიოდში, ცნობილი შვეიცარიელი ფილოსოფოსი, ალქიმიკოსი და ექიმი პარაცელსი ამტკიცებდა, რომ უამინდობა ადამიანის დაავადებებს ამძაფრებს, მაგრამ მეტეოროლოგიური დამოკიდებულება, როგორც სამედიცინო ფაქტი, მხოლოდ მეოცე საუკუნეში აღიარეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი მეცნიერებაც – ადამიანის ბიომეტეოროლოგია, რომელიც მეტეოროლოგიური დამოკიდებულების გამოვლინებებს სწავლობს.

ამ მეცნიერების თანახმად, ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტი ამინდზეა დამოკიდებულია. ჩვენ შეგახსენებთ ადამიანის სხეულის „სუსტ წერტილებს“, რომლებზეც ამინდი განსაკუთრებით აქტიურად და მტკივნეულად მოქმედებს.

სახსრების ტკივილი

2007 წელს ბოსტონის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც კიდურებისა და სახსრების ტკივილის შესახებ ორასზე მეტი პაციენტის ჩივილები შეისწავლეს. ანალიზის შედეგად დადგინდა კავშირი ტემპერატურის შემცირების, ტენიანობის, ატმოსფერული წნევის რყევებისა და სახსრების ტკივილს შორის. ასე რომ, ადამიანები, რომლებიც ამინდის ცვლილების გამო ზურგისა და სახსრების ტკივილს უჩივიან, არ იტყუებიან. მეცნიერები მომხდარს იმით ხსნიან, რომ მაღალი ტენიანობა და დაბალი ატმოსფერული წნევა სახსრების გარშემო ქსოვილების შეშუპებას იწვევს, ხოლო შეშუპებას, თავის მხრივ, ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება და ტკივილი მოსდევს.

არტერიული წნევა

ატმოსფერული წნევა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ატმოსფერული წნევის შემცირების დროს არტერიული წნევა იკლებს, რითაც სხეული ცდილობს სისხლძარღვების კედლებზე ზედმეტი დატვირთვა აიცილოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გასაგებია, რატომ განიცდიან დისკომფორტს ჰიპერტენზიური პაციენტები ამინდის გაუარესების წინ. ზამთრის დადგომას და აცივებას ყველაზე მწვავედ სწორედ ის ადამიანები გრძნობენ, ვისაც ჰიპერტენზია აწუხებს.

მოგეხსენებათ, რომ სიცივე სისხლძარღვების შეკუმშვას იწვევს. სხეულის გასათბობად გული უფრო სწრაფად და აქტიურად მუშაობს და შედეგად არტერიული წნევა იზრდება. ცნობილია,რომ ცივ დღეებში სტენოკარდიის შეტევები და ინფარქტი უფრო ხშირად ხდება, ვიდრე სხვა დროს.

თავის ტკივილი

„თავი მისკდება“ – ასეთ ჩივილს მეტეოდამოკიდებული ადამიანებისგან ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილების პერიოდში ხშირად მოისმენთ. როგორც ჩანს, ამინდსა და შაკიკის შორის პირდაპირი კავშირი ნამდვილად არსებობს. სამედიცინო გამოკითხვების თანახმად, შაკიკით დაავადებულთა 70 პროცენტზე მეტი აცხადებს, რომ ჰაერის წნევის ცვლილებები, ქარიანი ამინდი და ჰაერის ტემპერატურის შემცირება ტკივილს იწვევს.

ასთმა

ამინდის ჭირვეულობას მწვავედ განიცდიან ასთმით დაავადებული ადამიანები. მათთვის ცივი და მშრალი ჰაერი საკმაოდ არასასურველი და უსიამოვნო ფაქტორია, რომელსაც შეტევის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ ასთმური შეტევა ჭექა-ქუხილის დროს ან რამდენიმე საათით ადრე ეწყება. მეცნიერები ამას ზამთარში ტემპერატურის ვარდნით, ხოლო გაზაფხულზე ჰაერში მტვრის ნაწილაკების გაზრდით ხსნიან, რაც უმეტეს შემთხვევაში დაავადების გამწვავებას იწვევს. ზაფხულში შეტევის გამომწვევად შეიძლება ალერგენული მცენარეები გახდნენ, შემოდგომაზე კი – ობის სოკო, რომელიც მაღალი ტენიანობის პერიოდში ჩნდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს ამინდის ცვლილებით. ამის მაგალითია კანის რეაქცია ცივ ჰაერთან ან ყინულოვან წყალთან კონტაქტის დროს, ე.წ. ჭინჭრის ციება.

ემოციური მდგომარეობა

ალბათ გსმენიათ, რომ ზოგ ადამიანს ამინდის გაუარესებასთან ერთად განწყობა უფუჭდება. როგორც კი ავდარს დარი შეცვლის, ასეთი ადამიანების განწყობა და ემოციური მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. სწორედ ამინდსა და ემოციურ მდგომარეობას შორის კავშირით აიხსნება ფსიქიკური დაავადებების გამწვავება ერთი სეზონიდან მეორეზე გადასვლის დროს, როდესაც ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა და ტენიანობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. ისეთი ცნებაც კი არსებობს, როგორიცაა „სეზონური დეპრესია“ და ის პირდაპირ კავშირშია ამინდის ცვლილებებთან.

შესაძლებელია თუ არა ამინდის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა?

ამაში რთული და შეუძლებელი არაფერია. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებია რეაქცია ამინდის ცვლილებაზე. ამიტომ:

  • პირველი, რაც საჭიროა მეტეოროლოგიური დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, უნდა დამშვიდდეთ;
  • უარი თქვით ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ტკბილეულსა და მაგარ ყავაზე;
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმ, 8-საათიანი ძილი;
  • სასურველია, გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა და მეტი იაროთ სუფთა ჰაერზე. თქვენთვის არახელსაყრელ დღეებში სუნთქვის ვარჯიშები შეიძლება იყოს ხსნა, რომელიც დღეში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close