„მონანიების“ ახალი სიცოცხლე კანის ფესტივალზე
კანში კლასიკური კინოს რეტროსპექტივის პროგრამაში უჩვენეს თენგიზ აბულაძის „მონანიება“. ფილმის აღდგენილი ვერსიის პრემიერას სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი ავთო მახარაძე დაესწრნენ.
1987 წელს კანის ფესტივალზე „მონანიების“ ჩვენება პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. ჟიურიმ, რომელსაც ივ მონტანი ხელმძღვანელობდა, „ოქროს პალმა“ გადასცა ფრანგ რეჟისორს, მორის პიალას ფილმისთვის „სატანის მზის ქვეშ“. მთელი ფესტივალის მანძილზე პიალას სურათს კრიტიკოსთა ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. ანტიკლერიკალიზმით ყოველთვის გამორჩეული კანის ფესტივალის ელიტა დასცინოდა პიალას, ხოლო გაზეთმა „ლიბერასიონმა“ პიალა დაახასიათა, როგორც „მარაზმის სტადიაში მყოფი“. დასრულდა ფესტივალი და ყველასთვის მოულოდნელად „ოქროს პალმის“ მფლობელი მორის პიალა გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებას დარბაზი სტვენით შეხვდა. „მე თუ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ“, – იყვირა პიალამ სცენიდან.
კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო რუსი-საბჭოთა რეჟისორი ელემ კლიმოვი, რომელიც „პერესტროიკის“ ეპოქის დაწყებისთანავე კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა და არაერთი აკრძალული ფილმი ჩამოიღო თაროებიდან, მათ შორის, აბულაძის „მონანიება“. ყრილობაზე, რომელმაც კლიმოვი კავშირის თავმჯდომარედ აირჩია, დამარცხდა „მიხალკოვ-ბონდარჩუკების მაფიად“ ცნობილი ჯგუფი.
კანის ფესტივალზე კლიმოვი გაემგზავრა „პერესტროიკის“ მთავარი ფილმის, „მონანიების“ ტრიუმფისათვის. აბულაძის გამარჯვება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო, საქართველოსთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანი: გამოვიდოდა, რომ ახლა უკვე მეორე ქართველის ფილმი მოუტანდა საბჭოთა კინოს „ოქროს პალმას“. პირველი იყო მიხეილ კალატოზიშვილი („მიფრინავენ წეროებით“) და ახლა მეორე იქნებოდა აბულაძე.
1987 წლის საკონკურსო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის ფესტივალების ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ბოლო დღემდე კრიტიკოსთა გამოკითხვაში ლიდერობდა ნიკიტა მიხალკოვის „ოჩი ჩორნიე“, უფრო მეტიც, მიხალკოვს მხარს უჭერდა ჟიურის თავმჯდომარე ივ მონტანი.
აღმოჩნდა, რომ ჟიური დასკვნით სხდომაზე ხმები ისე გაიყო, რომ 12-საათიანი თათბირი უშედეგოდ დამთავრდა. ყველას სხვადასხვა ფილმი მოწონდა და თავის ფავორიტს ასახელებდა. „მონანიება“, როგორც ჩანს, არ იყო არც განსაკუთრებული ფავორიტების და არც „ანტიფავორიტების” სიაში. ამით ისარგებლა ელემ კლიმოვმა – როგორც კი დაინახა, რომ მიხალკოვმა „პალმა“ ჩააწყო, სკანდალით დაემუქრა ფესტივალს. მერე კი ეშმაკობას მიმართა – შესთავაზა ივ მონტანს „პალმა“ მორის პიალას მიეციო. მონტანი, ფრანგი პატრიოტი, უარს როგორ იტყოდა? სამაგიეროდ კლიმოვმა დიდი პრიზი მოითხოვა „მონანიებისთვის“, რაზედაც უარი უკვე ვეღარ უთხრეს.
საბოლოოდ ფესტივალი ქართული კინოს და რაც მთავარია „პერესტროიკის“ გამარჯვებით დასრულდა – აბულაძის ფილმმა კანის ფესტივალზე 3 პრიზი მოიპოვა.
გიორგი გვახარია
radiotavisupleba.ge
კომენტარები