ზაზა გახელაძის თავისუფლების სანაცვლოდ ოკუპანტები ხატს ითხოვენ
ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ საოკუპაციო რეჟიმი ოქონის ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს.
ეს მოთხოვნა დააყენეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის შეხვედრაზე, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაპატიმრებული ქართველების გათავისუფლება მოითხოვა. მათი თქმით, ეს ჰუმანიტარული საკითხია და ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია. როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ოკუპანტებმა 11 ივლისს იგი დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ქართველი ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
უკვე რამდენიმე წელია, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისისგან 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატის დაბრუნებას ითხოვს და ამ საკითხს სხვადასხვა შეხვედრის დროს აყენებს. მათი მტკიცებით, ხატი ცხივნალის მუზეუმიდან მაშინ დაიკარგა, როცა ქალაქს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. საუბარია ოქონის ტრიპტიკონზე, რომელიც 2001 წელს რუსეთის მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარადგინა. ექსპერტებმა მისი საწყისი ფასი 2 მილიონი დოლარით განსაზღვრეს, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მაშინ შვეიცარიელ ექსპერტებს ხატის წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ და თითქმის სამწლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხატი საქართველოს საკუთრება იყო. შვეიცარიამ 2004 წელს ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნა. ოქონის ხატი ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
ამ ხატის ისტორიის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხატი საქართველოში ბაგრატ მეოთხის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც საქართველოში სიწმინდეების განადგურება დაიწყო, 1925 წელს ხატი ცხინვალის მუზეუმში გადაიტანეს და იქ 1991 წლამდე ინახებოდა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხატი ცხინვალის მუზეუმში სოფელ ოქონის მოძღვარმა მიიტანა.
ისტორიული ცნობებით, თამარ მეფემ ოქონის ტაძარი გორში მე-12 საუკუნეში ააშენა და ოქონის ტრიპტიკონის ეკლესიაში დასვენება ბრძანა, თუმცა მას შემდეგ ხატმა ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა.
ოქონის ხატი გორის მფარველად ითვლებოდა. ოქონობის დღესასწაულის ტრადიცია თამარ მეფის სახელს უკავშირდება და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ამ დღეს გორელები აღდგომის მესამე დღეს ახლაც აღნიშნავენ და მას ამჟამად რელიგიურ-სახალხო დღესასწაულის სახე აქვს.
სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახულნი. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები