იტალიაში 3 ადამიანი დააკავეს მოტარონეს მთის ფუნიკულიორზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 14 ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის – 9 და 2 წლის ბიჭუნების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ 26 მაისს იტალიის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
დაკავების ორდერი გაიცა იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ვერბანიის პროკურატურის სანქციის საფუძველზე, რომელიც ამ საქმეს იძიებს.
დაკავებულია Ferrovie Mottarone-ს მფლობელი ლუიჯი ნერინი, მასთან ერთად, კომპანიის 2 თანამშრომელი – ეს კომპანია უწევს ექსპლუატაციას საბაგირო გზას, რომელიც მაჯორეს ტბის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სტრეზას მოტარონეს მთასთან აკავშირებს. ამ დროისთვის სამივე დაკავებული ციხეშია.
ვერბანიის პროკურორმა ოლიმპია ბოსიმ განაცხადა, რომ დაკითხვების შემდეგ მომხდარის სრულიად აშკარა სურათი გამოიკვეთა; ამასთან, როგორც ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა იმის გამო, რომ ფუნიკულიორის კაბინის საგანგებო სამუხრუჭე სისტემა დაბლოკილი იყო. პროკურორის თქმით, ეს შეგნებულად იყო გაკეთებული კაბინის მოძრაობის დროს საბაგიროს მოულოდნელი გაჩერების თავიდან ასაცილებლად, რადგან საბაგირო გზა გამართულად არ მუშაობდა.
„დღეს დილანდელი ახალი ამბები – კიდევ ერთი დარტყმაა. ახლა ვიცით, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, – ასეთი კომენტარი გააკეთა გამოძიების დასკვნის გამოცხადების შემდეგ სტრეზის მერმა მარსელა სევერინომ.
სანამ მიზეზი გაირკვეოდა, სპეციალისტები გაკვირვებას გამოთქვამდნენ, გვარლის გაწყვეტის შემდეგ რატომ არ ამუშავდა კაბინის საგანგებო სამუხრუჭე სისტემა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს იტალიის ჩრდილოეთში საბაგიროს გვარლის (трос) გაწყვეტის გამო ფუნიკულიორის ერთი კაბინა დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ამ დროს კაბინა ყველაზე მაღალ წერტილში – ზღვის დონიდან 1491 მ-ზე იყო და მთის წვერზე მდებარე სადგურს 100-ოდე მეტრი აშორებდა. კაბინაში 15 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 14 მგზავრი, მხოლოდ ერთი ბავშვი გადარჩა – ებრაელი წყვილის 5 წლის ბიჭი, რომლებიც პავიაში ცხოვრობდნენ. ბიჭუნა ტურინის Regina Margherita-ს ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებენ. დღეს იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ექიმების თქმით, ეითანმა თვალები გაახილა. თავად ბავშვის დედა, მამა და ორი წლის ძმა ინციდენტის დროს ადგილზე დაიღუპნენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები