ეკონომიკასაქართველო

მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 49.5 პროცენტით გაიზარდა

რუსეთი ისევ „ლიდერობს“, იტალიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა

2021 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, 15 აპრილს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 32.19 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 30.51 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.12 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 20.67 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე, 15.62 მლნ აშშ დოლარით – ისრაელი.

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა (27.32 მლნ აშშ დოლარი) – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც იტალიამ რუსეთს (23.18 მლნ აშშ დოლარი) გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა თებერვალშიც და საქართველოში იტალიიდან ყველაზე მეტი თანხა – 28.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა (უფრო სწორად, იტალიიდან ევრო შემოდის, თუმცა ეროვნული ბანკი დოლარში ითვლის). თებერვალშიც მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია იყო (25,1 მლნ აშშ დოლარი), მარტში კი რუსეთიდან შემოსული თანხა მკვეთრად გაიზარდა და რუსეთმა ამ მაჩვენებლით ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close