საბჭოთა პერიოდში ყველაზე პოპულარული ანტისეპტიკი – „ბრილიანტის მწვანე“ ანუ ე. წ. „ზელიონკა“ (რუსულიდან: „Бриллиантовый зеленый“), რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღესაც წარმატებით იყენებენ, ევროპაში სრულიად მიუღებელია. რატომ? რა დააშავა ასეთი ამ მართლაც მეფური სახელწოდების ანტისეპტიკურმა ხსნარმა, რომელიც ხშირად მშვენივრად უმკლავდება პრობლემას?
ცოტა შორიდან დავიწყოთ.
ისტორია
უნგრელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი იგნაც ზემელვაისი, რომელიც ვენაში ცხოვრობდა, პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ 1847 წელს მოიფიქრა ხელების სტერილიზება ოპერაციის წინ. საქმე ის იყო, რომ ვენის სამშობიაროს მელოგინე ქალები სამშობიარო ცხელებისგან ხშირად იღუპებოდნენ. ზემელვაისმა ივარაუდა, რომ ამაში დამნაშავე იყო ინფექცია, რომელიც ექიმებს უნებლიედ შეჰქონდათ ორგანიზმში. უნგრელმა ექიმმა კოლეგებს შესთავაზა, მშობიარობის მიღების წინ ხელები და ინსტრუმენტები ქლორიანი კირის ხსნარით დაემუშავებინათ. შედეგად სიკვდილიანობა შესამჩნევად შემცირდა!
თუმცა ზემელვაისს, რომელსაც „დედების მხსნელი“ შეარქვეს, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, დასცინოდნენ, სამუშაოდან გამოაგდეს… სამედიცინო საზოგადოებასთან დაპირისპირების გამო მას ღრმა დეპრესია განუვითარდა და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რის შემდეგაც, 1865 წელს 47 წლის ექიმი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულში გამოკეტეს, სადაც 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა კლინიკის თანამშრომლების მიერ ცემის დროს მიღებული დაზიანებების გამო. მხოლოდ მისი სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ აღიარეს იგი ასეპტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დამსახურებისამებრ მიაგეს პატივი, ბუდაპეშტში ძეგლიც დაუდგეს, 1969 წელს კი ბუდაპეშტის სამედიცინო უნივერსიტეტს მისი სახელი მიენიჭა.
ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა დაახლოებით 1862 წელს ივარაუდა, რომ ბევრი გადამდები დაავადების წარმოშობა მიკროორგანიზმებს უკავშირდება, შემდეგ კი დაამტკიცა კიდეც სასიკვდილო დაავადებების კავშირი ბაქტერიებთან. ამრიგად, პასტერმა საფუძველი ჩაუყარა მიკრობიოლოგიას, ვაქცინაციას და შედეგად სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა ექიმმა დაიწყო ანტისეპტიკური ნივთიერებების ძიება სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაციის მიზნით.
ახალგაზრდა ინგლისელმა ქიმიკოსმა უილიამ პერკინმა 1856 წელს, სააღდგომო არდადეგების დროს, მალარიის სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატის – ქინინის ანალოგის სინთეზირების მიზნით ცდები დაიწყო. მან ანილინის დამუშავებით, ქიმიური რეაქციის შედეგად კაშკაშა იისფერი ნივთიერება მიიღო, რომლის ლაქების ამოყვანა ქსოვილებიდან შეუძლებელი იყო. პერკინს მეგობარსა და ძმასთან ერთად გენიალური ბიზნესიდეა დაებადა – ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლებელი იყო სინთეტიკური საღებავის შექმნა გასაყიდად.
მანამდე ფერად ქსოვილებს მხოლოდ ბუნებრივი საღებავების მეშვეობით იღებდნენ. ექსპერიმენტების გაგრძელების შედეგად პერკინმა და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს ანილინის საღებავების მთელი პალიტრის მიღება – ყვითელი, ჟოლოსფერი, იასამნისფერი და, რა თქმა უნდა, მწვანეც… მათ ქარხანა გახსნეს და ანილინის საღებავების გამოყენება მალე საწარმოო მასშტაბებით დაიწყო.
სინთეზირებულ საღებავებს მედიცინაშიც იყენებდნენ – თავიდან ბიოქიმიკოსები მათ პრეპარატებში ამატებდნენ, რათა მიკროორგანიზმები მიკროსკოპით უკეთ დაენახათ. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს საღებავები მიკროორგანიზმებს ანადგურებდა. შედეგად, დაიწყეს საღებავების ანტისეპტიკად გამოყენება, რამაც სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. უბრალო მშენებლის ვაჟი – უილიამ პერკინი სერ უილიამი გახდა, მას რაინდის ტიტული უბოძეს.
რა შუაშია ბრილიანტები?
საიდან მოდის ამ იაფფასიანი პრეპარატის მართლაც მეფური სახელწოდება – ბრილიანტის მწვანე? საქმე მხოლოდ და მხოლოდ არასწორ თარგმანშია. სპირტში ხსნადი ნივთიერების ოქროსფერ-მწვანე კრისტალებს ლათინურად viridus nitentis-ი ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „მბრწყინავი მწვანე“.
ფრანგმა ქიმიკოსებმა სახელწოდება ფრანგულად თარგმნეს, როგორც brillant (მბრწყინავი), შემდეგ კი რომელიღაც უგერგილო რუსმა მთარგმნელმა ჩათვალა, რომ бриллиантовый зеленый (ბრილიანტის მწვანე) – ყველაზე ადეკვატური თარგმანი იყო (brillant მან თარგმნა, როგორც ბრილიანტი). ასე რომ, არანაირი ბრილიანტები ან ალმასის მტვერი „ზელიონკის“ ფლაკონში, რა თქმა უნდა, არ არის.
რატომ უარყოფენ კატეგორიულად დასავლეთში „ზელიონკას“? – იქ ამ საკმაოდ ეფექტიანმა საშუალებამ ფეხი ვერ მოიკიდა, ისევე როგორც ვერ დამკვიდრდა მეორე პოპულარული საბჭოთა ანტისეპტიკი – მუქი ჟოლოსფერი ფუკორცინი. ამასთან, კასტელანი – იგივე სითხე, რასაც ფუკორცინი წარმოადგენს უფერო ვერსიაში, ფუკსინის დამატების გარეშე – დასავლეთშიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. საერთოდ კი, დასავლეთში უფრო ხშირად ანტისეპტიკურ მალამოებს ხმარობენ. მიზეზი – ესთეტიკაა: გაიხსენეთ „ორდინარული“ სურათი საბჭოთა ცხოვრებიდან – მწვანე „ხალები“ პატარა ბავშვების სახეზე, მაგალითად, ჩუტყვავილას დროს – დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად გულისმომკვლელი სურათია. მართლაცდა, რა სასიამოვნოა მწვანედ აჭრელებული კანი, თანაც რატომ უნდა გაუსვა ხაზი საჯაროდ ჯანმრთელობის პრობლემას?
არსებობს მეორე მიზეზიც, რატომ ვერ შეიძენთ „ზელიონკას“ დასავლეთის ქვეყნებში აფთიაქებში. იქ ნებისმიერი პრეპარატის მოქმედება კლინიკური კვლევებით უნდა დამტკიცდეს, ბრილიანტის მწვანესთვის კი ასეთი კვლევები არავის ჩაუტარებია. „ზელიონკა“ საბჭოეთში გაცილებით ადრე დამკვიდრდა, ვიდრე ეს პრინციპი ამოქმედდებოდა, იაფფასიან, თუნდაც ეფექტიან ძველ საშუალებაზე კი (მას უკვე 100 წელია, იყენებენ), რომლითაც ბევრ ფულს ვერ იშოვი, კლინიკური კვლევების ჩატარება ფარმაცევტული კომპანიებისთვის სრულიად არამომგებიანია.
და კიდევ: რომელი ავირჩიოთ – იოდი თუ „ზელიონკა“?
გააჩნია, რა შემთხვევაში. „ზელიონკა“ – უფრო მსუბუქი ანტისეპტიკია, იოდის ხსნარი კი – გაცილებით ძლიერი. სწორედ ამიტომ უყვართ ის ექიმებს, რომ მსუბუქია და გვერდითი მოვლენები არ აქვს. ადრე ის ეთილის სპირტზე მზადდებოდა და შესაძლოა კანის სიმშრალე გამოეწვია, თუმცა თანამედროვე „ზელიონკა“ მხოლოდ წყალზე მზადდება და ეს საშიშროებაც აღარ არსებობს. ის ლორწოვან გარსზეც რომ მოხვდეს, საფრთხეს არ წარმოადგენს. „ზელიონკა“ ხშირ შემთხვევაში მშვენივრად უმკლავდება პრობლემას; თანაც ღია დაზიანების დროს, ბრილიანტის მწვანესგან განსხვავებით, იოდის წასმა მხოლოდ ჭრილობის გარშემო შეიძლება. აი, იოდის ბადეს რაც შეეხება, რომელსაც დაჭიმულობისა და დაჟეჟილობის დროს კანზე გამოსახავენ, მას „ზელიონკის“ ბადე ვერ შეცვლის. „ზელიონკის“ ერთადერთი მინუსი – სწორედ არაესთეტიკურობაა – მწვანე ლაქები, რომლებიც კანზე დიდხანს რჩება (სხვათა შორის, ლაქები კანიდან კარგად შორდება კბილის პასტით).
აქვე შეგახსენებთ, რომ „ზელიონკა“ ეფექტიანია ახალ ჭრილობებზე, ბრილიანტის მწვანეს ხსნარი ერთჯერადად უნდა წაუსვათ დაზიანებულ კანზე, მეორედ მის წასმას აზრი არ აქვს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები