მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში კოვიდ-19-ის გამო მშობელი 40 000-მდე ბავშვმა დაკარგა

წელიწადზე მეტია მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, რამაც სრულიად შეცვალა ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მომავალს იმედით უყურებს – უკვე შექმნილია ეფექტური ვაქცინები და მსოფლიოს დიდ ნაწილში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. ადრე თუ გვიან პანდემია დასრულდება და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება, თუმცა არა ყველასთვის. არა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც კოვიდ-19-ის გამო მშობელი დაკარგეს.

ახალი გათვლების თანახმად, აშშ-ში კოვიდ-19-მა 40 000-მდე ბავშვის მშობელი იმსხვერპლა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ფერადკანიანი ბავშვები იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდით სიკვდილიანობა მოსახლეობის ამ ჯგუფში გაცილებით მაღალია.

მკვლევართა ინფორმაციით, თებერვლის ბოლოსათვის 37 300 ბავშვს 0-17 წლამდე მინიმუმ ერთი მშობელი მაინც ჰყავდა დაკარგული კოვიდ-19-ის გამო. არიან ისეთებიც, ვისი ორივე მშობელიც ვირუსმა იმსხვერპლა.

მკვლევრები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მათი კვლევა მოდელირებას ეფუძნება და არა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს ან გამოკითხვას. მათი თქმით, კვლევის ჩატარების მიზანია ხელისუფლებას აიძულოს, ყურადღება მიაქციონ ადამიანთა ამ კატეგორიას, „კოვიდ-ობლებს“.

მკვლევართა ჯგუფის ლიდერის, რეიჩელ კიდმანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სათანადოდ იზრუნოს ამ ბავშვებზე და მათ დახმარება გაუწიოს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დახმარება.

მშობლის დაკარგვა მოზარდებზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს. პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 2018 წელს აღნიშნულ თემას სპეციალური კვლევა მიუძღვნა. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებში, რომლებმაც მშობელი დაკარგეს, გაცილებით მაღალი იყო დეპრესიისა და პოსტტრავმული აშლილობის შემთხვევები. გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა სუიციდის შემთხვევებიც. მკვლევართა აზრით, ბავშვებს ფსიქოემოციური დახმარება მშობლის დაკარგვიდან განსაკუთრებით პირველი ორი წლის განმავლობაში ესაჭიროებათ, რათა ნელ-ნელა დანაკარგთან შეგუება შეძლონ.

ფსიქოლოგის და პროფესორის, რობინ გარვიჩის აზრით, ბავშვისთვის მშობლის სხვა მიზეზით გარდაცვალება განსხვავდება კოვიდით გარდაცვალებისაგან, რადგან მისთვის პანდემია არის რაღაც უზარმაზარი, შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელი. შესაბამისად, უბრალოდ გლოვასთან ერთად, ბავშვები შეშინებულები არიან. ეს ყველაფერი კი უფრო ართულებს დანაკარგთან შეგუებას.

„შეიძლება ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალოს, თუმცა გულის შეტევაზე ყოველდღიურად ყველგან არ საუბრობენ. მედია არ ითვლის გულის შეტევით გარდაცვლილებს. საყოველთაო ყურადღება კოვიდის მიმართ ამ შემთხვევაში ნეგატიურად მოქმედებს. გარდა ამისა, პანდემიამ ადამიანები დააცალკევა და ბავშვებს იშვიათად აქვთ საშუალება, ნახონ სხვა ახლობლები, რომლებსაც თავის მწუხარებას გაუზიარებდნენ მშობლის დაკრძალვის დღეს. ყოველივე ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს“, – ამბობს გარვიჩი.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორს საერთო არ აქვს რეიჩელ კიდმანის კვლევასთან, იგი ნამდვილად ეთანხმება მოსაზრებას, რომ კოვიდის მსხვერპლთა შვილებმა შესაბამისი, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება უნდა მიიღონ სახელმწიფოსგან.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close