როდიდან გრძნობს ტკივილს ემბრიონი? მართალია თუ არა, რომ აბორტი უნაყოფობასა და კიბოს იწვევს?
რატომ შეიძლება ქალმა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს, ამაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ზოგიერთი აბორტს ცხოვრებისეული გეგმების მოტივით ხსნის, სხვისთვის ის მძიმე ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. არის შემთხვევა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბავშვისადმი მამის არასტაბილური დამოკიდებულება ხდება. ზოგიერთი ქალი კი აბორტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, ახლობელთა ზეწოლის ან მასზე სექსუალური ძალადობის გამო იკეთებს.
მოკლედ, მიზეზი ბევრია, შედეგი კი – ერთი.
იწვევს თუ არა აბორტის აკრძალვა შობადობის ზრდას?
სულაც არ არის აუცილებელი. თუ ეს მაინც ასეა, პირველ რიგში, არა იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, შობადობის ამგვარ ზრდას თავისი ნაკლიც აქვს. წარსულში აბორტის აკრძალვის შედეგად შობადობის გრძელვადიანი ზრდა რამდენიმე მიზეზის გამო არ დაფიქსირებულა (მათ შორის, სსრკ-ში). მაგალითად, ადამიანებმა დაიწყეს კონტრაცეფტივების მიღება. რეალურად კი ამას უფრო ხშირად მეტი ინფორმაციის მქონე და შეძლებული ქალები აკეთებდნენ, ამიტომაც უფრო მეტი ბავშვი, როგორც წესი, ნაკლები ცოდნის მქონე და ღარიბ ოჯახებში იბადებოდა. ქალების გარკვეული კატეგორია კი აბორტის გასაკეთებლად მიდიოდა სხვა რეგიონებში ან იმ ქვეყანაში, სადაც აბორტი დაშვებული იყო.
ქალების ნაწილი აბორტს არალეგალურად იკეთებდა. ისინი მიმართავდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მედიცინასთან არანაირ კავშირში არ იყვნენ ან იმავე დანიშნულების მედიკამენტებს უკანონოდ ყიდულობენ. ასე რომ, სსრკ-ში 1936 წელს აბორტის კრიმინალიზაციის შემდეგ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. მეოცე საუკუნეში არალეგალური აბორტების მატებამ ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაზარდა (ეს ტენდენცია 1930-1950-იან წლებში სსრკ-შიც შეინიშნებოდა).
შობადობის ზრდამ, რაც აბორტის აკრძალვის შემდეგ მოხდა, გამოიწვია ის ფაქტი, რომ დედებმა – განსაკუთრებით ნაკლებად უზრუნველყოფილი ჯგუფებიდან – მეტი ბავშვი მიატოვეს. ასევე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა.
როდიდან გრძნობს ტკივილს ემბრიონი / ნაყოფი?
კითხვა იმის შესახებ, თუ რა მომენტიდან გრძნობს ნაყოფი ტკივილს, ორსულობის მე -20 კვირას გულისხმობს. ის, რომ ემბრიონი, შემდეგ კი ნაყოფი, ტკივილს მე -12 კვირამდე გრძნობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინიც კი, ვინც აბორტის საწინააღმდეგო არგუმენტად ნაყოფის მგრძნობელობას ასახლებენ, არ და ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ასეთ ადრეულ ვადაში შესაძლებელია.
ასეა თუ ისე, ამ ტკივილში არ იგულისხმება ის, რასაც საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანი განიცდის. ითვლება (თუმცა ამას ყველა არ ეთანხმება), რომ ტკივილის რეცეპტორების სიგნალს თავისთავად არ შეუძლია უსიამოვნო შეგრძნებების გამოწვევა – უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ამ სიგნალის უარყოფითი შეფასება. ამისათვის კი ტვინი გარკვეულწილად უნდა ფუნქციონირებდეს და, შესაბამისად, განვითარების გარკვეულ ეტაპზე იმყოფებოდეს. ის გზებიც, რომლითაც ტკივილის სიგნალები გადაიცემა, საწყის ეტაპზევე არ ყალიბდება.
არსებობს თუ არა კავშირი აბორტსა და კიბოს შორის?
არსებული კვლევების თანახმად, მსგავსი კავშირი არ არსებობს. უფრო სწორად, აბორტი და ძუძუს კიბო ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის (სწორედ ამას გულისხმობენ, როდესაც ამ კონტექსტში ონკოლოგიურ დაავადებებს ახსენებენ).
იწვევს თუ არა აბორტი უნაყოფობას?
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამის რისკი ძალიან მცირეა, თუ აბორტს ჯანდაცვის კვალიფიციური სპეციალისტი აკეთებს. თუმცა მოსალოდნელ გართულებებზე ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას ახდენს ორსულობის შეწყვეტის ტიპი და ფეხმძიმობის ვადა. მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში საფრთხე გაცილებით დაბალია, ვიდრე საშვილოსნოს გამოფხეკისას. ამავდროულად, რაც უფრო გვიან კეთდება აბორტი, გართულების რისკიც უფრო მაღალია.
თეორიულად, აბორტის გართულებამ შეიძლება უნაყოფობა ან პრობლემური დაორსულება გამოიწვიოს. ანალოგიური რისკი არსებობს საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ქირურგიული პროცედურებისა და ორსულობის დროსაც კი. მაგალითად, ასეთი გართულებებია:
• აშერმანის სინდრომი – საკმაოდ იშვიათი გართულება, რომელიც საშვილოსნოს შიგნით ჩატარებული ნებისმიერი პროცედურის დროს შეიძლება მოხდეს;
• მენჯის ანთებითი დაავადება – ამის გამო შეიძლება საშვილოსნოს მილებში გაჩნდეს წამონაზარდი, კვერცხუჯრედმა მილებში ვერ გაიაროს და საშვილოსნოში ვერ მოხვდეს.
არის თუ არა გადაუდებელი კონტრაცეფცია აბორტი?
არა. გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს მედიკამენტი, რომელსაც ორსულობის შეწყვეტისთვის იღებენ, თუმცა დაბალი დოზით. ამასთან, ჯანმო გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის სხვა საშუალებებს უწევს რეკომენდაციას.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გამოყენებული მეთოდი უკვე დაწყებულ ორსულობას არ წყვეტს. ისინი, ძირითადად, გავლენას ახდენენ ოვულაციაზე (მომწიფებულ, განაყოფიერებისთვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის ფოლიკულიდან მუცლის ღრუში გამოსვლა). ზოგიერთი ხელს უშლის კვერცხუჯრედის შემცველი ფოლიკულის მომწიფებას, მაგრამ თუ ის უკვე მომწიფებულია, მაშინ პრეპარატი აღარ მოქმედებს. ზოგი პრეპარატი თრგუნავს ფოლიკულის გახეთქვას, რის შემდეგაც კვერცხუჯრედმა საკვერცხე უნდა დატოვოს. ზოგი მათგანი კი ბლოკავს ან აფერხებს ოვულაციას. ამასთანავე, თუ ორსულობა უკვე დაწყებულია, გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენებას არანაირი შედეგი არ ექნება.
არსებობს თუ არა პოსტაბორტის სინდრომი?
იმოქმედებს თუ არა უარყოფითად ორსულობის შეწყვეტა ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ამ დროისთვის არსებული ზოგადი კვლევის თანახმად, აბორტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, ფსიქოზისა და სხვა გართულებების რისკი არ იზრდება, თუმცა ამ საკითხის კარგად შესწავლა ძალიან რთულია მთელი რიგი მიზეზშედეგობრივი გაურკვევლობის გამო: თუ ქალი აბორტს გადაწყვეტს, ამაზე შეიძლება გავლენა იქონიოს გარემოებებმა, რომლებიც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედეს. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს პარტნიორთან დაშორება ან სამსახურის დაკარგვა, რაც ნამდვილად ცუდია ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, ეს არის ორსულობის შეწყვეტის სტიგმატიზაცია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორსულობის შეწყვეტის შემდგომი შეგრძნებები შეიძლება გაორებული იყოს. თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირია შვება და არა – სინანული. თუმცა როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს: თუ ორსულობის მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო, ქალი დიდხანს იბრძოდა ამ მდგომარეობის მისაღწევად და ფეხმძიმობის შეწყვეტა რაიმე მიზეზით აუცილებელი გახდა, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ეს შეიძლება ძლიერი დარტყმა გახდეს. ასეთ დროს ქალს შეიძლება სერიოზული დახმარება დასჭირდეს. ბევრ სხვა შემთხვევაში კი, ქალს შეუძლია წარმოქმნილ ემოციებს თავად გაუმკლავდეს (თუმცა არც სხვების მხარდაჭერა ავნებს).
imedinews.ge
კომენტარები