„ბურთი და მოედანი“ – იპოლიტე ხვიჩიას პირველი როლი კინოში
„ბურთი და მოედანი“ კინორეჟისორ ყარამან (გუგული) მგელაძის სადიპლომო ნამუშევარია. ფილმის სცენარი შეკვეთით, სპეციალურად იპოლიტე ხვიჩიასთვის დაიწერა. კუჭკუჭი მისი პირველი როლი იყო კინოში. სხვათა შორის, გენიალურმა მსახიობმა თავისი ბოლო როლიც გუგული მგელაძის ფილმში – „მაცივარში ვიღაც იჯდა“ – ითამაშა.
„ბურთი და მოედანი“ ეკრანებზე 1961 წელს გამოვიდა. მაყურებელი დღემდე სიამოვნებით უყურებს მას. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბატონი გუგული ფილმთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებზე თავად მესაუბრა.
გუგული მგელაძე:
– მაშინ კინოსტუდიის დირექტორი საოცრად განსწავლული კაცი, უბრწყინვალესი და ძალიან პატივსაცემი პიროვნება, ბატონი მიხეილ კვესელავა იყო. ფაქტობრივად, მის დროს მოვიდა ახალი თაობა ქართულ კინოში. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების პერიოდი იყო, ბატონი მიშა არაფერს ერიდებოდა, ხშირად მიდიოდა რისკზე და ახალგაზრდებს მეტად საინტერესო მასალებს გვაძლევდა გადასაღებად.
იმ დროს მე უკვე დამთავრებული მქონდა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და სარეჟისოროზე ვსწავლობდი, უფრო სწორედ, უკვე დიპლომი უნდა დამეცვა. ერთ მშვენიერ დღეს ბატონმა მიშამ დამიძახა და მკითხა: ერთ შეკვეთას მოგცემ და გააკეთებო? კომუნისტებს ვერ ვაქებ-მეთქი – არ მითქვამს, მაგრამ გავიფიქრე… და – შეკვეთაზეა დამოკიდებული-მეთქი, ვუპასუხე. არის ასეთი მსახიობი, იპოლიტე ხვიჩია და იქნებ მასზე გავაკეთოთ რამე, ხომ იცნობო?
ბატონი იპოლტე მაშინ ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო და ხალხი ნაკლებად იცნობდა. ფიზიკურად ნანახი მყავდა, ვიცოდი, რომ ტრაგიკომედიურ როლებს ზღაპრულად თამაშობდა, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. კუჭკუჭის როლზე მსახიობები, ცხადია, არ გაგვისინჯავს, რადგან ფილმის სცენარი სპეციალურად იპოლიტე ხვიჩიასთვის დაიწერა და ეს როლი აუცილებლად მას უნდა შეესრულებინა.
იპოლიტემ გადაღების პირველივე დღეს სიცილით დაგვხოცა. გახსოვთ ალბათ, ვითომ ბუზებს რომ ხოცავს… ან თუნდაც, სიდედრის ამბავს რომ შეატყობინებენ. სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაცებს ამატებდა. მე გერასიმოვის რეალისტური სკოლა მაქვს გავლილი და მინდოდა, უფრო რბილად გაეკეთებინა ყველაფერი, მორიდებით ვეუბნებოდი, ამას ასე ნუ იტყვით, ამას ძლიერად ნუ დააწვებით-მეთქი, მაგრამ… სასაცილო არ გამოვაო, თავისას არ იშლიდა და ძალიან თეატრალურად აკეთებდა ყველაფერს, კინოს კი მსგავსი რაღაცები არ უყვარს. მერე მოვატყუე, კინოში მონტაჟის გაკეთება შეიძლება, თეატრში ამის საშუალება არ არის, თქვენ რბილად გააკეთეთ, რასაც გთხოვთ და მე მონტაჟის დროს ისე გავაკეთებ, რომ სასაცილო გამოვიდეს-მეთქი. არ იცოდა, მონტაჟი რა იყო, – პირველად თამაშობდა ფილმში. იცით, უხდებოდა კიდეც ეს ზედმეტობა – პლუსებს ეძახიან ამას… საოცარი კომედიური ტემპერამენტი ჰქონდა… ბოლოს ყველაფერზე შევთანხმდით, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და გადაღებები სულ რაღაც ოცდარვა დღეში დავასრულეთ. კარგი დრო იყო, სახსრებიც გვქონდა, ფირებიც და კინოთი დაინტერესებაც დიდი იყო. ჩვენ (გადამღები ჯგუფი) ახალგაზრდები ვიყავით და საოცარი შემართებით ვმუშაობდით, თუმცა ოპერატორი გვყავდა ცოტა ხნიერი, ბატონი ფელიქს ვისოცკი, შესანიშნავი პიროვნება, თავისი საქმის დიდი ოსტატი. დღესაც ყველა, მათ შორის მეც, სიამოვნებით უყურებს მის ნამუშევრებს.
იპოლიტე თავადაა თავისი როლის ავტორი
ფილმში მოსაწყენი ეპიზოდები არ არის, რაც იპოლიტე ხვიჩიას დიდი დამსახურებაა. კუჭკუჭის როლში სხვა მსახიობი წარმოუდგენელიც კია.
რეჟისორობა, რა არის, იცით? – თუ შენ ყველაფერს ეტყვი და აუხსნი მსახიობს, რა უნდა გააკეთოს, არაფერი გამოვა. მსახობი თავად უნდა იყოს თავისი როლის ავტორი. იპოლტე თვითონაა თავისი როლის ავტორი. საოცრად ნიჭიერი პიროვნება იყო, უპრეტენზიო, ორმოცდაათი წლის კაცი იმდენი ვარბენინეთ და ხმა არ ამოუღია. ხომ გახსოვთ, ტრუსის ამარა რომ დარბის სტადიონზე, ის ეპიზოდი? მისი სიდედრის იყო ის ტრუსი. ჩაცმას დიდი მნიშვნელობა აქვს მსახიობისთვის. ხან მოკლე ტრუსი ჩავაცვით, ხან გრძელი, ვერცერთი ვერ მოირგო და მერე თქვა, მე თვითონ მოვიტან რამესო. მოიტანა – უკეთესს, ალბათ, ვერცერთი კოსტუმების მხატვარი ვერ შეარჩევდა… ჩვენ მხოლოდ ფილმის დამთავრების შემდეგ გვითხრა, ჩემი სიდედრის ტრუსი იყოო. მერე ბევრს ვიცინოდით ამაზე. ეს ტრუსი ახლა მუზეუმში უნდა ეკიდოს, იცით, რა ფასი ექნებოდა?!
ფილმი რომ ნახა, მიხეილ კვესელავამ მითხრა, მოდი, მთელი სერიალი გავაკეთოთ იპოლიტეზეო: იპოლიტე – აბანოში, იპოლიტე – ალპინისტი, იპოლიტე – იქ, იპოლიტე – აქ… თვითონაც ქუთაისელი იყო, ძალიან უყვარდა იპოლიტე, თან გრძნობდა მის ნიჭიერებას და… მაშინ „ბურთი და მოედანი“ არასერიოზულ ფილმად ითვლებოდა, მე სერიოზული ფილმის გადაღება გადავწყვიტე და ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რასაც ძალიან ვნანობ. წარმოიდგინეთ, იპოლიტეზე ხუთი-ექვსი პატარა ფილმი რომ გაკეთებულყო, რა იქნებოდა!
გამართლებული სიუჟეტი
მართალი გითხრათ, ახლა რომ ვაკვირდები, თვითონ მიკვირს, სხვა მსახიობები როგორ შევარჩიე. ერთმანეთისგან განსხვავებულები, მაგრამ საოცრად კარგები არიან ყველანი: ვახტანგ ნინუა, დოდო აბაშიძე… ერთი ციცქნა ეპიზოდებში შესანიშნავი მსახიობები გვყავს დაკავებულები… იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა ყველას და ალბათ ეს იყო მთავარი.
მახსოვს, ვახტანგ ნინუას პერსონაჟი ფეხბურთზე რომ ლაპარაკობს, იმ ეპიზოდს რომ ვიღებდით, ხალხი ხომ უნდა გაიპაროს სხვა ოთახში, ჰოდა, ზოგი პირდაპირ გადაღებიდან გაიპარა, რადგან ფეხბურთი იყო იმ დღეს. კი ვთქვი, არ უნდა დაგვენიშნა დღეს გადაღება-მეთქი, მაგრამ მერე მიხაროდა, რადგან ეს მომენტი ფილმის სიუჟეტის აშკარა გამართლება იყო.
იპოლიტეს პურმარილიანი ოჯახი
გადაღებები თბილისში გვქონდა, პავილიონი კინოსტუდიაში აგვიშენეს და იქ ვიღებდით. მაშინ ინტერიერები არ იყო მოდაში, ფული გვქონდა და რაც საჭირო იყო, გვიშენებდნენ. ინტერიერი გაჭირვებამ შემოიტანა… თან შესანიშნავი ჯგუფი გვყავდა, გადაღებებზე კარგ ხასიათზე მივდიოდით, კარგ ხასიათზე ვიღებდით და ასევე კარგ ხასიათზე ვამთავრებდით გადაღებას. მერე ცოტა ღვინოსაც ვსვამდით.
სხვათა შორის, იპოლიტე ხვიჩია ძალიან პურმარილიანი კაცი იყო. მის ოჯახს ჩვევად ჰქონდა და ფილმის დასრულების შემდეგ დიდ ქეიფს აწყობდნენ. მე რამდენიმე ფილმში გადავიღე ბატონი იპოლიტე და არ მახსოვს, მის ოჯახს ქეიფი არ გაემართოს.
სხვათა შორის, სპარტაკ ბაღაშვილსაც ჰქონდა ასეთი ჩვევა, ოღონდ მას გადაღების პირველ დღეს სტუდიაში მოჰქონდა ხოლმე პურმარილი… კარგი დრო იყო!
როგორ ჩაარტყეს იპოლიტეს თავში ნამდვილი აგური
სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, კადრს მიღმა რა ხდებოდა, რადგან ფილმის ეპიზოდებმა დაჩრდილა კურიოზები. უფრო „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილის“ გადაღებების პერიოდი მახსოვს. მაშინ კინაღამ აგურით გაუხეთქეს თავი იპოლიტეს. სპეციალურად ფხვიერი აგურები შევუკვეთეთ და ერთი ნამდვილი აგური არ გამოგვიგზავნეს? გახსოვთ ალბათ ეს ეპიზოდი, იპოლიტეს რომ ესიზმრება, თითქოს თავში აგური უნდა ჩაარტყან. ამ ეპიზოდის გადასაღებად დავახურეთ სამხედრო „კასკა“, ზემოდან შლაპა და არტყამენ ამ აგურს. ცოტა მძიმე კი იყოო, ამბობდა შემდეგ მსახიობი საშა კუპრაშვილი, მაგრამ უკვე „მოტორ“ დავიძახეთ და გადაღებას ხომ არ ჩავშლიდიო? იპოლიტემ კი თვალები გადმოკარკლა, დატრიალდა, დატრიალდა და… ვიფიქრე ასეთი მსახიობი მსოფლიოში არ არსებობს-მეთქი. მეგონა თამაშობდა და გენიალურია-მეთქი, დავუძახე. რა გენიალური, მომკალით კაციო. თურმე ნამდვილი აგური არ ჩაურტყამთ კინაღამ შეეწირა ამ ფილმის გადაღებას. ტვინის შერყევა ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა კაიხანს, მერე იქიდანაც გამოიპარა…
ბოლოს დაავადდა, სამოცდათხუთმეტი წლის იყო, სახლიდან ვეღარ გამოდიოდა. მე მაშინ ვიღებდი ფილმს, „მაცივარში ვიღაც იჯდა“. ბოლო ეპიზოდში დაგვჭირდა – მესაათის როლი უნდა ეთამაშა. ავიყვანეთ და ხელით წამოვიყვანეთ გადასაღებ მოედანზე. შესანიშნავად ითამაშა პირველივე დუბლი. ასისტენტებმა სახლში ისევ ხელში აყვანილი წაიყვანეს. მის ზურგს რომ ვუყურებდი, ვიგრძენი, როგორ ტიროდა… ეს მისი ბოლო როლი იყო.
„კუჭკუჭი, წავიდეთ ფეხბურთზე!“
ბურთი და მოედანი ეკრანებზე 1962 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა ხალხის სიყვარული და აღიარება. კუჭკუჭი ფეხბურთის გულშემატკივრის სინონიმი გახდა. „კუჭკუჭი, წავიდეთ ფეხბურთზე“, „კუჭკუჭი, გაიწი იქით“ – ისმოდა ყოველ ნაბიჯზე და მე ეს ძალიან მიხაროდა.
სხვათა შორის, ერთი კურიოზი მახსენდება ჩვენს ოპერატორთან დაკავშირებით. იპოლიტე რომ სტადიონზე გარბის, ის ეპიზოდი ფეხბურთის მატჩის მსვლელობისას გადავიღეთ, – აბა, ამდენ „მასოვკას“ სად ვიპოვიდით? თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ტორპედო“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ სლავა მეტრეველი მოსკოვის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. მე ფეხბურთელებთან ერთად ვიჯექი. მახსოვს, პირველი ტაიმის შემდეგ სლავა მოედანზე აღარ გამოსულა, – არ უნდოდა თბილისის „დინამოსთვის“ ბურთი გაეტანა – ქართველი კაცი იყო! ჰოდა, ამ მატჩის დროს ერთი ამბავი იყო. ხალხი ხეებზე მსხდომი უყურებდა თამაშს, 50 ათასზე მეტი მაყურებელი გარეთ იყო დარჩენილი. ამ დროს ჩვენმა ოპერატორმა პირველი ტაიმის შემდეგ აიღო აპარატი და მიდის. სად მიდიხარ-მეთქი? -ვკითხე. სახლშიო, მიპასუხა, მზე არ არის და ვერ გადავიღებო… ხალხი, როგორც გიჟს, ისე უყურებდა. პოლონელი კაცი იყო, თავისებური, არ აინტერესებდა ფეხბურთი და რა ექნა?! უმაღლესი კლასის ოპერატორი იყო და ეს ფილმსაც ეტყობა. ერთხელ, მახსოვს, თავისი შვილი მოიყვანა გადაღებაზე, თოთო ბავშვი იყო, ხელში ეჭრა. ისე გაერთო გადაღებით, ბავშვი დაავიწყდა და მერე ეძებდა „გძე პოლოჟილო“.
სხვათა შორის, ამ ფილმს თურმე ფეხბურთელებს სპეციალურად უჩვენებდნენ თამაშის დაწყების წინ, კარგ ხასიათზე რომ დამდგარიყვნენ. ამის შესახებ გუცაევმა მითხრა: როცა ამ ფილმს ვუყურებდით, თამაშს ვიგებდითო. კანის ფესტივალზე ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს ჟან გაბენს უთქვამს: „რატომ არ ვიცნობ ამ კაცს? – ეს რა გენიოსი გყოლიათ!“
* * *
„ბურთი და მოედანი“ იპოლიტე ხვიჩიას კინოკარიერის დასაწყისი იყო, ფილმში „მაცივარში ვიღაც იჯდა“ კი ბოლო როლი ითამაშა. მსახიობი 1985 წლის პირველ თებერვალს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ქართული კინოს მარად მოკაშკაშე ვარსკვლავად დარჩა.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები