WIZZ AIR-ი ქვეყნების ნაწილს, მათ შორის, ესპანეთსა და იტალიას, COVID-დაზღვევას სთავაზობს
უნგრული ავიაკომპანია Wizz air-ი მგზავრებს Covid-დაზღვევას სთავაზობს, რომელიც ინფიცირების შემდგომ სამედიცინო ხარჯებს ფარავს და მოგზაურობის გაუქმების შემთხვევებზეც ვრცელდება. დაზღვევის დამატება მომხმარებელს ავიაბილეთის დაჯავშნისას შეუძლია.
ჯერჯერობით, Wizzair-ის Covid-დაზღვევა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება და მასში საქართველო არ შედის.
სრული სამოგზაურო დაზღვევა ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და იმყოფებიან ბელგიაში, ბულგარეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსში, ლატვიაში, ლიტვაში, მალტაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, შვეიცარიასა და ჩეხეთში.
- სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომა 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში;
- გაუქმების შემთხვევების დაფარვა;
- საზღვარგარეთ წარმოქმნილი სამედიცინო ხარჯების დაფარვა;
- ბარგის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევების დაფარვა;
- სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების შემთხვევების დაფარვა;
- უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილის დაფარვა.
გაუქმების დაზღვევა
გაუქმების დაზღვევა ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და იმყოფებიან ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, ფინეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და ჩეხეთში:
- გაუქმების შემთხვევების დაფარვა;
- მგზავრობის შემოკლების შემთხვევების დაფარვა.
ავიაკომპანია Wizzair-ი, რამდენიმე თვეა, საქართველოდან ფრენებს არ ასრულებს. კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ Euronews Georgia-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაზარზე დაბრუნება სურთ, თუმცა, არ იციან, როდის აღადგენენ ქუთაისიდან ფრენებს.
“მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია. ამიტომ ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრენები მალე აღდგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია“ – ამბობს რადო.
„ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ფუნქციონირება და ქართველ მომხმარებელს, შეძლებისდაგვარად, ბევრი მიმართულებით შევთავაზოთ მოგზაურობა“, – ამბობს Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
კომპანია არ გეგმავს, რომ მგზავრებს PCR-ტესტირების ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს თვითმფრინავში ასვლამდე, თუმცა შესაძლოა ამ დოკუმანტაციის წარდგენა სავალდებულო იყოს კონკრეტულ ქვეყანაში.
ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მარტამდე გადადო, მათ შორის, რიგის და დორტმუნდის მიმართულებითაც. ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით Wizzair-მა რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.
28 იანვრის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს. განრიგით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან აპირებს რეისების შესრულებას ქუთაისი-რიგის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე, ხოლო მარტის ბოლოდან – დორტმუნდის, ვარშავის, ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით.
რაც შეეხება პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის და ვროცლავის საჰაერო ხაზებს, განრიგით ქუთაისიდან ფრენები მაისიდან შესრულდება. ეს 12 მიმართულება, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.
რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არცერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი – ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე.
საქართველოში საჰაერო ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი „გახსნილ საზღვრებს“ უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.
საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო.
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, „არააუცილებელი მიზნით“ მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.
საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ.
tabula.ge
კომენტარები