დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნორვიჩში მდებარე აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტსა (UEA) და ერლამის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები თავიანთ ამერიკელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაძლოა შინაური ცხოველების ვაქცინაცია გახდეს საჭირო. მათი ნაშრომი გამოქვეყნდა სამედიცინო გამოცემა Virulence-ში.
იმის მიუხედავად, რომ შინაური ცხოველებისგან ადამიანებისთვის კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები ჯერჯერობით არ გამოვლენილა, სპეციალისტები საზოგადოებას მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის მზაობისკენ მოუწოდებენ.
„არ არის გამორიცხული, რომ ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით შინაური ცხოველების ზოგიერთი სახეობის, მათ შორის, კატებისა და ძაღლების ვაქცინაცია გახდეს აუცილებელი. რისკის შესამცირებლად სპეციალურად ამ ძუძუმწოვრებისთვის განკუთვნილი პრეპარატის შექმნაა საჭირო. საზოგადოება ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყოს მზად მაშინ, როდესაც საქმე კორონავირუსს ეხება“, – აცხადებენ მეცნიერები.
გასულ წელს დანიის ხელისუფლება იძულებული გახდა ქვეყანაში არსებულ ასობით ფერმაში მობინადრე 17 მილიონამდე წაულის დახოცვის განკარგულება გაეცა. ამის მიზეზი კვერნისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენელთა შორის კორონავირუსის სახეცვლილი შტამის გავრცელება გახდა, რომლითაც ადამიანებიც დაინფიცირდნენ. სპეციალისტების თქმით, მსგავსი რამ კატებისა და ძაღლების შემთხვევაშიც რომ არ განმეორდეს, ერთადერთი გამოსავალი სწორედ მათი ვაქცინაციაა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ COVID-19 ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სან დიეგოს ზოოპარკში მობინადრე გორილებს დაუდგინდათ, რაც ადამიანის მსგავსი მაიმუნის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით მოსახლეობის ვაქცინაციის პარალელურად მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში COVID-19-ის ახალი შტამები ფიქსირდება. მათი გავრცელების პრევენციის მიზნით მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებენ, მკაცრად გააკონტროლონ მოქალაქეების მიერ ისეთი რეგულაციების შესრულება, როგორიცაა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
popx.ge
კომენტარები