იტალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების შეყოვნების გამო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
დღეს იტალიაში „ფაიზერის“ ვაქცინის ბოლო ყოველკვირეული პარტია ჩაიტანეს, 330 000 დოზა, ეს მთლიანობაში 29%-ია იმ რაოდენობისა, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული.
„ანსას“ ინფორმაციით, მომავალ კვირაშიც მოსალოდნელია კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობის 29%-ზე ნაკლების მიღება.
ვაქცინის მიწოდების შეფერხებამ უკვე გამოიწვია უარყოფითი შედეგები იტალიაში: სულ ცოტა, 2 კვირით გადაიდო 80 წელზე მეტი ასაკის და 400 ათასი ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური და კარდიოლოგიური პაციენტების ვაქცინაციის დაწყება. ლაციომ ვაქცინაციის დაწყება პირველი თებერვლისთვის გადადო, პიემონტმა – 30 იანვრისთვის, აპულიამ კი მანამ, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა.
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო თავისი ვაქცინის ევროპისთვის მიწოდებას საწარმოო სიმძლავრეების მოდერნიზაციის გამო, წელიწადში 2 მილიარდი დოზა ვაქცინის გამოშვების მიზნით.
„ეს დროებითი შეჩერება ევროპის ყველა ქვეყანას შეეხება“, – განაცხადა Pfizer-ის პრესმდივანმა Associated Press-თან ინტერვიუში. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ ევროკომისიას აცნობა, რომ ვერ შეძლებს დაპირებული ყველა პარტიის მიწოდებას უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში.
ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიას მიმართა თხოვნით, მოახდინოს ზეწოლა Pfizer-BioNTech-ზე, რათა მათ „უზრუნველყონ დროული მიწოდების სტაბილურობა და გამჭვირვალობა“. „ასეთი სიტუაცია დაუშვებელია, – ნათქვამია წერილში. – ეს არა მარტო დაგეგმილ გრაფიკზე მოქმედებს, არამედ ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობასაც ამცირებს“.
როგორც ცნობილია, იტალია აპირებს, ზაფხულიდან თავისი ვაქცინის – GRAd-CoV2-ის კლინიკური გამოცდის მე-2 და მე-3 ფაზები დაასრულოს და დაიწყოს წარმოება წელიწადში 100 მლნ დოზის ოდენობით, რითაც საკუთარ მოსახლეობას სრულად უზრუნველყოფს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები