აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის ინაუგურაციამდე 5 დღე დარჩა, დღეს $1,9 ტრილიონის ფინანსური პაკეტი წარადგინა COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის და მოქალაქეთა დასახმარებლად.
ბაიდენის მიერ ინიცირებული ფინანსური პაკეტი მოიცავს ერთჯერად $1400 სტიმულირების ჩეკს მოქალაქეებისთვის და $400 უმუშევრობის დახმარებას ყოველკვირეულად. შეგახსენებთ, რომ მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი შტატებში პანდემიის დაწყებისთანავე, ამიტომ ასეთი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის 440 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
გეგმის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის, 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების მასშტაბურ ვაქცინაციისა და ამ მიზნით, რთულად მისადგომ ადგილებშიც, ვაქცინაციის პუნქტების მოწყობისთვის გამოიყოფა. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი ადამიანი აიცრება. ბაიდენის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 50 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ტესტირებას მოხმარდება, 170 მილიარდი კი გაზაფხულისთვის სკოლების გასახსნელად იქნება მიმართული.
რაც შეეხება ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით, უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ყოველკვირეულად, 300 დოლარის ნაცვლად, 400 დოლარს მიიღებს. პირდაპირი დახმარების სახით კი ოჯახები, უკვე ჩარიცხული 600 დოლარის გარდა, დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ ერთჯერადად.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 25 მილიარდი გათვალისწინებულია ბინის ქირის დახმარებისთვის (ამერიკელთა დიდი ნაწილი ქირით ცხოვრობს), ხოლო 5 მილიარდი – კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი) სუბსიდირებისათვის.
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს კონგრესს მიმართოს წინადადებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარით განისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ ამ დახმარების პაკეტმა იგივე გზა უნდა გაიაროს, რაც ტრამპის დახმარების პაკეტმა, რომლის შედეგადაც აშშ-ის მილიონობით მაცხოვრებელს უკვე ჩაერიცხა $600. ახლა მთავარია, ახალარჩეული პრეზიდენტის ამ გეგმას კონგრესმა მხარი დაუჭიროს, იმედია, ასეც მოხდება, მით უმეტეს, რომ აშშ-ის პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობით ამჟამად დემოკრატები არიან წარმოდგენილნი.
თინა ბედიაშვილი,
ფერფილდი, აშშ
კომენტარები