ლამაზი ცხოვრების დასასრული – უახლესი ისტორიის ერთი სევდიანი ფურცელი
2020 წლის ჟამთააღმწერელს დიდი შრომა მოუწევს, ვიმედოვნებ, რომ იგი იქნება ობიექტური და მთელ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ყოველგვარი შელამაზების გარეშე უდიდესი მოთმინებით გამაანალიზებელი. უამრავი ამბავი მოვისმინეთ უამრავი ადამიანისგან, პოლიტიკოსით დაწყებული, მეეზოვით დამთავრებული, სრულიად დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, ჩემზე კი ერთმა დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება და მსურს თქვენც გაგიზიაროთ.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბერძენი ბიჭუნა დიმიტრის კაბანაროსი. ეს ბიჭუნა მშობლების დიდი სიყვარულით, ასევე, უამრავი „ბებია-ბაბუის“ სითბოს თანხლებითა და მზრუნველობით იზრდებოდა – მისი დედიკო და მამიკო ხომ ათენის ერთ-ერთი უბნის, აღიოს სტეფანოსის მოხუცთა თავშესაფრის მფლობელები იყვნენ.
იგი ხშირად დაჰყვებოდა მათ სამსახურში. თითოეულ მოხუცს უყვარდა ბიჭუნა და უხაროდა მისი ნახვა. ყოველ ახალ წელს ჯერ ოჯახში ხვდებოდნენ, შემდეგ ხანშიშესულებს აკითხავდნენ, „ვასილოპიტას“ ჭრიდნენ და როცა რომელიმე მოხუცებული „ფლურს“ აღმოაჩენდა, პატარა სიხარულის ყიჟინით, ტაშისკვრითა და ხტუნაობით გამოხატავდა ემოციებს.
გავიდა დრო, დიმიტრისმა სკოლაც და უნივერსიტეტიც წარმატებით დაამთავრა. ფსიქოლოგი-გერონტოლოგი გახდა, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი – შეუსვენებლად მუშაობდა ალცჰაიმერის თემაზე. 2003 წელს გერმანიაში მოაწყო ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალების სილამაზის კონკურსი, რომელმაც დიდი წარმატებითა ჩაიარა და განუსაზღვრელი სიხარული მოუტანა უკვე ასაკში შესულ ულამაზეს ქალბატონებს. ათენშიც სურდა ამგვარი ღონისძიების მოწყობა, მაგრამ ვერ მოახერხა უამრავი საქმის გამო, მას ხომ მშობლებმა მემკვიდრეობით გადასცეს მოხუცთა თავშესაფარი, რის გამოც უდიდესი პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე. „ახალი სითბო“ – ასე უწოდა მან თავშესაფარს. დიმიტრის კაბანარისი ცდილობდა დაერღვია ასაკობრივი უძლურების სტერეოტიპი და მის თავშესაფარში მოხუცებს აქტიური ცხოვრებით ეცხოვრათ. ამისთვის იგი ძალისხმევას არ იშურებდა.
ასე გაიარა შვიდმა წელმა. ამასობაში მოვიდა 2020 წელიც უხსენებელი კორონოვირუსის თანხლებით. დიმიტრისმა მარტიდან ლოქდაუნი გამოაცხადა თავშესაფარში – ბუზსაც კი არ აჭაჭანებდა. დედაფუტკარივით დაჰფოფინებდა თავს 98 მოხუცს და 30 თანამშრომელს. ტექნოლოგიის ბოლო სიტყვის დეზინფექციის მოწყობილობა შეიძინა და თავად საკუთარი ხელით ახდენდა დეზინფექციას მთლიან დაწესებულებაში. შენობის უკან კი ისეთი გარემო შექმნა, მოხუცებს საპატიმროში რომ არ ეგრძნოთ თავი და სუფთა ჰაერზე შესძლებოდათ სეირნობა. მარტიდან პირველ ივნისამდე არ გამოსულა თავშესაფრიდან, მოხუცებთან ერთად იყო კარანტინში.
ტელევიზიის სხვადასხვა არხის ეთერიდან იხვეწებოდა, ყოველ კვირას ჩაეტარებინათ შესაბამის ორგანოებს მოხუცთა თავშესაფრებში სწრაფი ტესტები, მაგრამ ხელისუფლებამ ყურიც კი არ ათხოვა.
ასე მზრუნველობასა და თავჩახრილ ფუსფუსში მოაღწევინა თითოეულ მოხუცს ჯანმრთელად მარტიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ისევ და ისევ თავად უტარებდა სწრაფ ტესტებს როგორც მობინადრეთ, ისე მომსახურე პერსონალს და საკუთარ თავს, ვიდრე ერთ დღესაც, 17 ოქტომბერს ერთ 87 წლის ბებოს არ დაუფიქსირდა 35 გრადუსი ტემპერატურა, ახალგაზრდა თანამშრომელ გოგონას და თავად დიმიტრისს კი – კორონოვირუსი.
ამ ფაქტმა იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა 41 წლის მეცნიერზე, რომ საკუთარი ხელით ჩაიქრო სიცოცხლე. 21 ოქტომბრის ღამეს, ფიქრებაშლილი, დიდხანს იჯდა სავარძელში საკუთარ სახლში, ტვინი გამალებით მუშაობდა, აანალიზებდა, სად დაუშვა შეცდომა, რა გამორჩა, სად მოდუნდა და მტერმა რატომ იმძლავრა და სძლია, ყურებში ჩაესმა, როგორ ატეხდნენ აჟიოტაჟს მეორე დღეს ტელეარხები ერთმანეთის მიყოლებით… მძიმედ წამოდგა, მიუჯდა საწერ მაგიდას. ნელ-ნელა ფურცელზე ასოები გამოიკვეთა: „Απετυχα απεναντι στα παιδια μου“ – „დავმარცხდი, ვერ დავიცავი ჩემი ბავშვები“ – მოხუცებულებს გულისხმობდა…ბოლოს ბოდიში მოუხადა დედას უკანსკნელ წერილში, სანადირო თოფი აიღო, ჩახმახს ხელი გამოკრა საფეთქელში დამიზნებით და ასე დაასრულა თავისი ლამაზი სიცოცხლე…
ია თულაშვილი
P. S. ჩემი ფიქრით და აზრით, ასეთ ადამიანს უნდა შეუნდოს უმძიმესი ცოდვა – თვითმკვლელობა უფალმა. თქვენი აზრით?
დიმიტრის კაბანაროსის მიერ 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის მოწყობილი სილამაზის კონკურსის კადრები:
კომენტარები