მსოფლიოპოლიტიკა

ინგლისში მესამე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აღემატება, გუშინ კი რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქირდა – თითქმის 58 ათასი ახალი შემთხვევა.

„ვირუსის ახალი ვარიანტი საშინელი სისწრაფით ვრცელდება. ცხადია, რომ მესამე საყოველთაო კარანტინის დაწესებაა საჭირო. თუ ახლა ქმედით ზომებს არ მივიღებთ, ჯანდაცვის ეროვნული სისტემა 21 დღის განმავლობაში გადაიტვირთება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

პრემიერის თქმით, მკაცრი ლოქდაუნი, სულ მცირე, თებერვლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლის მოსწავლეების უმეტესობა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა თებერვლის არდადეგებამდე. დაიკეტება მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. გარდა ამისა, სახლიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული (ამ შემთხვევებში შედის პროდუქტების ან წამლების შესაძენად მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, ექიმთან ვიზიტი, ფიზიკური ვარჯიში სუფთა ჰაერზე, სამუშაოზე წასვლა, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია და სხვ. – როგორც მარტის ლოქდაუნის დროს). ბაგა-ბაღები არ იკეტება.

დიდ ბრიტანეთში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით (როგორც ცნობილია, ვაქცინა 2 დოზად კეთდება, 3-კვირიანი შუალედით), გუშინ კი ბრიტანეთმა კომპანია „ასტრაზენეკას“, ე. წ. „ოქსფორდის“ ვაქცინით მოქალაქეთა მასობრივი აცრაც დაიწყო.

ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა ე. წ. „ბრიტანულ შტამს“ უკავშირდება, რომელიც, მეცნიერთა დასკვნით, 56%-ით უფრო გადამდებია (ზოგიერთი მონაცემებით – 71%-ით), რაც თავისთავად სახიფათოა.

ლონდონის  დედოფალ მარიას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა დიპტი გურდასანიმ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ახალი შტამით ამ დროისთვის უფრო მეტად 0-იდან 19 წლამდე ასაკის ადამიანები არიან ინფიცირებულები, უფროს ასაკში კი მთელ ბრიტანეთში ვირუსის სტანდარტული ტიპი ჭარბობს. მისივე თქმით, ახალი შტამი აუცილებლად გავრცელდება ასაკოვან ადამიანებში, რაც ბრიტანეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ძალიან გაართულდებს, ინფექციის გადაცემის ინდექსი R შესაძლოა 0,9-იდან 1,6-მდე გაიზარდოს, თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნება მიღებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 713 563 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი უკვე პირველ ადგილზეა ევროპაში, მსოფლიოში კი – მეხუთეზე. გაერთიანებულ სამეფოში კოვიდის გამო მთლიანობაში 75 431 ადამიანი გარდაიცვალა, ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი ევროპაში მეორეა და იტალიას (75 680) მცირედით ჩამორჩება.

მანანა ბანძელძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close