იქნებოდა თუ არ ბოიკოტი, „სამართლიან არჩევნებს“ დათვლაში შეცდომა რომ არ დაეშვა?
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის ხარვეზი „მარტივი არითმეტიკული ანალიზით“ აღმოაჩინა - უხეში შეცდომა თუ მანიპულაცია?
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს, როგორც ცნობილია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე შეასწორა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად 1,8%-ით – 47.6%-მდე გაიზარდა, თავდაპირველად გამოცხადებული 45.8%-ის ნაცვლად, და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემს (48,22%) დაუახლოვდა.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზები „მარტივი არითმეტიკული ანალიზით“ აღმოაჩინა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, კითხვაზე, რა წყაროებით შეიტყვეს ხარვეზის არსებობის შესახებ მანამ, სანამ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია 11 დეკემბერს თავად განაცხადებდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ჯერ კიდევ 8 ნოემბერს გააკეთა ცხრილი, სადაც ყველა პარტიას მინუსი უფიქსირდებოდა, რაც აშკარად მიუთითებდა, სულ ცოტა, უხეშ ხარვეზზე, მეორე დღეს კი ამის შესახებ პირველად განაცხადა საჯაროდ.
ირაკლი კობახიძის თქმით, 17 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც და მოგვიანებით – დეკემბერშიც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ხარვეზებს უარყოფდა.
მისივე განმარტებით, სანამ „სამართლიანი არჩევნები“ ხარვეზს საჯაროდ დაადასტურებდა, ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს იყო არა უხეში შეცდომა, არამედ მანიპულაცია. სწორედ ამის შემდეგ გახდა „სამართლიანი არჩევნები“ იძულებული, ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინა. კობახიძის ინფორმაციით, ელჩებსაც არითმეტიკული გაანგარიშებით დადგენილი ციფრები აჩვენეს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა განახორციელა, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში აუდიტის შედეგად ხარვეზი გამოვლინდა, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, გასწორების შედეგად კი, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა „უმნიშვნელოდ შეიცვალა“, თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს მიღებული მანდატების რაოდენობაზე. პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა, კორექტირების შემდეგ კი 47.6% აქვს.
ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ნიჟარაძე ცრუობს და მათ მიერ თავდაპირველად გამოცხადებული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ქართულ ოცნებას 4 მანდატით ნაკლები ეკუთვნოდა.
ირაკლი კობახიძე მიუთითებს კიდევ ერთ ტყუილზე, თითქოს საარჩევნო უბნების 8%-ზე ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. მისი თქმით, ასეთი უბნების რაოდენობა 1%-იც კი არ არის, შესაბამისად, დღეს, 14 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მოსთხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.
თავის მხრივ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ დღეს „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოდიშს არ მოიხდის, რადგან ორგანიზაციაში არ მიაჩნიათ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი.
ირაკლი კობახიძე ფაქტს თავის ფეისბუქის გვერდზეც გამოეხმაურა და საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა „იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით“.
„PVT-ის (ხმების პარალელური დათვლა – ნ. ხ.) ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი.
ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“, – წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუქში.
დღეს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ USAID-ი აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და რომ ისინი ამ თანამშრომლობით მხარს უჭერენ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.
მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“,- აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები