ქართველი ემიგრანტის ხელნაკეთი თოჯინებით უცხოელი კოლექციონერი დაინტერესდა
„რომ არა კორონავირუსი, გამორიცხული არ არის, ჩემი ეს შესაძლებლობები საერთოდ ვერ აღმომეჩინა“ - ლალი ნიაზაშვილი
ლალი ნიაზაშვილის ხელნაკეთი თოჯინები სოციალურ ქსელში ვნახე და, სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მშვენიერი ნამუშევრები სულ რამდენიმე თვეს ითვლიდა. ფაქტობრივად, მათი შექმნა მსოფლიო პანდემიას უკავშირდება. „რომ არა კორონავირუსი, გამორიცხული არ არის, ჩემი ეს შესაძლებლობები საერთოდ ვერ აღმომეჩინა“, – მითხრა ქალბატონმა ლალიმ. აღსანიშნავია, რომ მისი თოჯინების ერთი ნაწილი უკვე შეიძინა უცხოელმა კოლექციონერმა, რომელმაც ისინი სოციალურ ქსელში ნახა… როგორ დაიწყო ეს ისტორია, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქალბატონო ლალი, სოციალურ ქსელში თქვენი ნამუშევრები ვნახე და აღფრთოვანება ვერ დავმალე – გრძნობებითა და ემოციებით სავსე მშვენიერ თოჯინებს ქმნით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან ხართ, როდის წახვედით ემიგრაციაში, თოჯინების კეთება როგორ დაიწყეთ?
ქალაქ რუსთავიდან ვარ, დავამთავრე რუსთავის ქიმიური ტექნიკუმი, 30 წელი ვმუშაობდი რუსთავის „აზოტის“ ქარხანაში. უკვე 3 წელია, ემიგრაციაში ვარ იტალიაში.
რაც შეეხება თოჯინებს, მათი გაკეთება პანდემიის პერიოდში დავიწყე, როდესაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა ჩაკეტილ სივრცეში და ვინაიდან ოჯახში, სადაც ვმუშაობ, სხვადასხვა საქსოვი და საქარგი ნივთები მოიპოვებოდა, გადავწყვიტე, თოჯინას მოვქსოვ-მეთქი. პირველივე ცდაზე, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური თოჯინები გამომივიდა. მერე ისე გამიტაცა მუშაობის პროცესმა, რომ აღარ გავჩერებულვარ. თოჯინების კეთებისას მასალისთვის ვიყენებ როგორც შალისა და აბრეშუმის ძაფებს, ისე ნაჭრებს და სხვადასხვა აქსესუარს გასაფორმებლად.
პროტოტიპები ჰყავთ თქვენს თოჯინებს, თუ მხოლოდ ფანტაზიით ქმნით?
ყველა თოჯინა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
მათ შორის „ქალბატონი“ თოჯინები ჭარბობს…
ნამდვილად, ჩემს კოლექციაში ჯერჯერობით მხოლოდ „ქალბატონები“ არიან, თუმცა სამომავლოდ, ვფიქრობ, სხვა თოჯინებიც შევქმნა.
რატომ გადაწყვიტეთ უცხოეთში წასვლა და ახლა რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?
ვინაიდან დავკარგე სახლი, იძულებული ვიყავი, ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ამჟამად ფლორენციაში ვარ, რომელიც ჯერ ისევ წითელ ზონაშია. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ.
სახელებს თუ არქმევთ თოჯინებს?
კონკრეტული სახელი არცერთ თოჯინას არ აქვს, მაგრამ თავიანთი ტიპაჟიდან გამომდინარე, ზედმეტსახელს კი ატარებენ. მაგ.: ბუტია, „ტრიპაჩი“, მდიდარი, დედოფალი, მსახიობი, ჟურნალისტი, მასწავლებელი და ა. შ.
მათ შორის ერთ-ერთ თოჯინაზე სოციალურ ქსელში „თამარ მეფე“ გაქვთ მიწერილი…
ძალიან მინდოდა, „მყოლოდა“ „თამარ მეფე“ და შევეცადე მომექსოვა. მომავალში ვგეგმავ სხვა ცნობილი პერსონაჟების შექმნას.
მუშაობისას, ცხადია, წვრილმანი დეტალების გათვალისწინება გიწევთ – რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?
თოჯინების გაკეთება დამოკიდებულია ჩემს თავისუფალ დროზე, რაც დღეში მხოლოდ ორი საათი მაქვს. ასე რომ, შეიძლება დამჭირდეს ორი დღე ან მეტი.
სხვათა შორის, კომპოზიციებიც მაქვს შექმნილი. როდესაც თოჯინას ვუქსოვდი, მაგალითად, ყვავილს ან ფოთოლს და არ მოუხდებოდა, ვინახავდი, მერე ეს ნარჩენები შევაგროვე და ერთი კომპოზიცია ასე ავაწყვე. სათაურიც ასეთი გავუკეთე: „ნარჩენებისგან“.
მეორე კომპოზიცია ჩემი ქალბატონისთვის გავაკეთე, რომელიც საოცრად რომანტიკოსია, უყვარს მზე, ყვავილები, პეპლები და რადგან ძალიან განიცდის სახლში ყოფნას, გადავწყვიტე გარემოს იმიტაცია შემექმნა. ყვავილებს მასაც ვაკეთებინებ.
სოციალურ ქსელში ბევრს მოსწონს თქვენი ნამუშევრები – მათ გაყიდვას ხომ არ აპირებთ? თუ პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავთ?
როდესაც ჩემი პირველი ნამუშევრები სოციალურ ქსელში ავტვირთე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბელგიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ მთელ ჩემს კოლექციას შეიძენდა, რაც იმ პერიოდში მქონდა შექმნილი. იგი ხელნაკეთი თოჯინების კოლექციონერი აღმოჩნდა. ასე მოხდა ჩემი პირველი კოლექციის გაყიდვა. რაც შეეხება გამოფენას, ფლორენციაში ვგეგმავდი მის მოწყობას, თუმცა პანდემიის გამო ეს სურვილი ვერ განვახორციელე. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას.
რამდენი თოჯინა გქონდათ კოლექციაში, რომელიც ბელგიელმა კოლექციონერმა შეიძინა?
იმ დროისთვის 15 თოჯინა მქონდა შექმნილი.
რას გრძნობთ, როდესაც საკუთარ ნამუშევრებს უცქერით? ყველაზე მეტად რომელი თოჯინა გამოხატავს თქვენს შინაგან მდგომარეობას?
ის დადებითი მუხტი, რომლითაც შენ მიერ შექმნილი ნებისმიერი ნივთის შეხედვისას ივსები, უდიდესია. განსაკუთრებით ისეთ სტრესულ გარემოში, რომელშიც ემიგრანტებს გვიწევს ცხოვრება, მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, მსოფლიო პანდემიის პერიოდში. მე თოჯინებით მოვიწყვე მთელი ჩემი სამყარო და მათი წყალობით, ჩაკეტილ სივრცეში სულ არ ვგრძნობ თავს მარტო. და რადგან ჩემი შინაგანი მდგომარეობა მრავალფეროვანია, ეს გამოიხატება კოლექციაშიც – არცერთი თოჯინა არ ჰგავს ერთმანეთს.
აქვე გეტყვით, რომ ჩემი შინაგანი მრავალფეროვნება გულისხმობს ისეთ პროცესს, რომ ერთდროულად შემიძლია ვკონცენტრირდე რამდენიმე სრულიად განსხვავებულ საქმესა თუ მოვლენაზე. მაგ., ერთდროულად ვუყურო ტელევიზორს, მოვქსოვო თოჯინა, ქალბატონს ჩავუტარო გაკვეთილები (ეს არის ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც გვაქვს შემუშავებული სპეციალურად მისთვის და ყოველდღიურად ვაკეთებთ) და პარალელურად, ამ ყველაფერთან ერთად, სადილიც მოვამზადო.
გისმენთ და, მგონი, „კორონას სიკეთეზეც“ შეიძლება ვილაპარაკოთ…
კი, ნამდვილად ასეა. ალბათ, რომ არა კორონავირუსი, გამორიცხული არ არის, ჩემი ეს შესაძლებლობები საერთოდ ვერ აღმომეჩინა. ასე რომ, თამამად შემიძლია ვისაუბრო კორონავირუსის დადებით მხარეზე, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე.
ხომ არ ხატავთ კიდეც?
სიმართლე გითხრათ, მცდელობაც კი არ მქონია არასოდეს, რაიმე დამეხატა. ჩვენს გენეტიკაშიც არ მაგონდება არავინ, ვინც ხატავდა, თუმცა ერთ მაგალითს გავიხსენებ, რომელიც უკავშირდება არტ-თერაპიას, რომელსაც არაჩვეულებრივ ფსიქოლოგთან, ნატალია გოგატიშვილთან გავდიოდი. სწორედ მან დამანახა ჩემი შესაძლებლობები ხატვასთან დაკავშირებით. პირველი ჩემი ნახატი იყო „მანდალა“, რომელიც არტთერაპიის პროცესში შევქმენი და ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ხატვაც შემიძლია. გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ამ კუთხითაც გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა.
არტთერაპიის პროცესში ჩართვა რატომ გადაწყვიტეთ?
სრულიად შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ იწყებოდა „არტთერაპია ნატალიასთან ერთად“ ონლაინ რეჟიმში. რადგან ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია, გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ამ პროცესში და ეს კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
რადგან ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფებოდი, აღნიშნული კურსი საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და ემოციური მდგომარეობის მართვაში ძალიან დამეხმარა.
ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრაციის გზაზე?
ჩემს შემთხვევაში ყველაზე დიდი სირთულე იყო ადაპტაცია და ენის ბარიერი. ადაპტაციისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. თითქმის ორი წელი, რომ მოვრგებოდი მათი ცხოვრების სტილს. რაც შეეხება ენის ბარიერს, იტალიაში ჩამოსვლისთანავე შევედი ფლორენციის იტალიური ენისა და კულტურის სკოლაში „Sant’ Egidio“( სანტ’ ეჯიდიო) სადაც შევისწავლე წერა-კითხვა. ამჟამად, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, საქართველოში ვინ გელოდებათ?
მყავს არაჩვეულებრივად თბილი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები (სამი შვილი: ნინო, პეპო და სოფიკო და შვიდი შვილიშვილი), რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ჩემი ემიგრაციის დასრულებას.
და რას ჰპირდებით, როდის აპირებთ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას?
როგორც გითხარით, იტალიაში კონკრეტული მიზნით ჩამოვედი. მექნება თუ არა საშუალება, რომ ბინა შევიძინო, საქართველოში მაშინვე დავბრუნდები. მინდა, რომ ეს ყველაფერი, უფლის მადლით, მალე მოხდეს.
დღევანდელ რთულ ვითარებაში ქართველი ემიგრანტები თუ ხვდებით ერთმანეთს, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
პანდემია სანამ დაიწყებოდა, ყოველ კვირა დღეს ქართველი ემიგრანტები ვიკრიბებოდით ფლორენციის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. აქ მოღვაწეობს ქართველი წინამძღვარი მამა ანდრია ლაცაბიძე, რომელმაც გაგვაერთიანა ემიგრანტები. სხვათა შორის, ჩვენი დედაოს, დედა ეკატერინეს (ნინო კოჭლამაზაშვილი) თოჯინაც მაქვს შექმნილი. ვფიქრობ, სახასიათო თოჯინაა. დედა ეკატერინე სულით ხორცამდე ქრისტიანია და ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, საკმაოდ რთული კითხვაა ჩემთვის, თუმცა, უპირველესად, მაინც „ჯანმრთელობას“ ვიტყოდი.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი თოჯინები მოხვდნენ ისეთ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი თოჯინები სხვადასხვა ქვეყნიდან. მინდა მსოფლიომ ნახოს ჩემი „ქალბატონები“. ჩემი სამომავლო გეგმებიც ამასთანაა დაკავშირებული.
ერთი ნატვრის უფლება რომ მოგცენ და გითხრან, რომ აუცილებლად აგისრულდებათ, რას ინატრებდით?
გაგიმხელთ ჩემს ერთ-ერთ ოცნებას, რომელსაც ალბათ პირველ რიგში ვინატრებდი, რომ ვიცოდე ამისრულდება. ძალიან მინდა სახლი, ლამაზი ბაღით, სადაც ჩემს დიდ ოჯახთან ერთად გავატარებდი მრავალ ბედნიერ წელს.
დაბოლოს, თქვენი სათქმელი…
ჩემი სათქმელი ემიგრაციაში ყოფნამ უფრო ნათლად დამანახვა: ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო და სიყვარული, რაც ძალიან აკლია დედამიწას.
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები