საქართველოში ქართულ ენაზე ადაპტირებული „ექიმი რობოტების“ შემოყვანა იგეგმება
საქართველოში ქართულ ენაზე ადაპტირებული „ექიმი“ რობოტების შემოყვანა იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია mydoc.ge-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი სასანიამ განუცხადა. როგორც სასანია ამბობს, კომპანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორისთვის ქართულ ენაზე ადაპტირებული რობოტების შემოყვანას გეგმავს, რომელიც ექიმებს პაციენტებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
პირველი რობოტი ქვეყანაში 3 კვირაში შემოვა. მას შეეძლება პაციენტებთან პალატაში შესვლა, წამლების მიწოდება და გასაუბრება სპეციალისტის დახმარებით.
„რობოტი პეპერი კი ღიმილს იწვევს ჩვენში, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს, რომელიც პანდემიის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მას შეუძლია რომ მივიდეს პაციენტებთან და ტელესამედიცინო არხების საშუალებით მოხდეს კონსულტაცია, დისტანციურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა ვიზუალურად, გამოკითხოს და ა.შ. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენ ხშირად გვესმის პაციენტებისგან ჩივილი, რომ უყურადღებოდ არიან, ვერ ესაუბრებიან ექიმებს. სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე შევთავაზებთ საზოგადოებას. ჩვენი კომპანია მუშაობს რობოტების ადაპტაციაზე საქართველოში და ალბათ სახელმწიფო გამოიყენებს კოვიდ სასტუმროებსა თუ კლინიკებში. იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება, გვინდა, რომ რამდენიმე პილოტური მოდელი ჩამოვიტანოთ საქართველოში, რომელიც იქნება ქართულად ადაპტირებული. მას შეეძლება რომ მივიდეს, დაიაროს პალატები, ნახოს პაციენტები, მიუტანოს წამლები, გამოკითხოს, დაელაპარაკოს სპეციალისტის საშუალებით“, – ამბობს ირაკლი სასანია, mydoc.ge-ს თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზაფხულში, სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას კოვიდ-19-თან ბრძოლაში თავისი დამხმარე რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ქვეყანას კოვიდ-19-ის მართვაში და დამარცხებაში უნდა დახმარებოდა. როგორც მაშინ მინისტრი ამბობდა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. SoftBank Robotics-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური რობოტი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პეპერი პროცესებში ჩართულია, თუმცა კონკრეტულად რა დანიშნულებით, ეს ტიკარაძეს არ დაუზუსტებია.
bm.ge
კომენტარები